სამართალი

ნარკოპოლიტიკა საქართველოში

23 აგვისტო, 2014 • • 3320
ნარკოპოლიტიკა საქართველოში

პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი, რომელიც შედარებით ლიბერალური იყო. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი ფიქრობს, რომ ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზეგავლენის გამო მოხდა.

პოლიციამ ქუჩაში ახალგაზრდა ბიჭი დააკავა. გონივრული ეჭვით ის ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. პატრულმა დაკავებული პირი ნარკოლოგიურ ცენტრში გადაიყვანა. დაკავებულმა ვერ მოშარდა, ამიტომაც ის ხელბორკილებით ნარკოლოგიური ცენტრის ეზოში გაიყვანეს და ღობეზე მიაბეს. დაკავებული სიცივეში იმის გამო დააბეს, რომ მოეშარდა. არასამათვრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ეს არაადამიანური მოპყრობაა, თუმცა საზოგადოებაში შექმნილი სტიგმის გამო დაკავებულმა პოლიციელებს არ უჩივლა. ეს ამბავი 2013 წლის გაზაფხულზე მოხდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ასაჯაროებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენ ადამიანს ჩაუტარეს ნარკოლოგიური შემოწმება გასულ წელს. ამის გამო გურამ იმნაძე, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი, შს სამინისტროს სასამართლოში უჩივის. ორგანიზაციას შს უწყებიდან ასევე აინტერესებდა რა იძულებითი ღონისძიებები ტარდებოდა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ნარკოლოგიურ შემოწმებაზე უარს ამბობენ. ორგანიზაციას მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში შესული თანხის ოდენობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

 

მხოლოდ იმ ადამიანებმა, ვინც ნარკოტიკი პირველად მოიხმარა და დააჯარიმეს, ბიუჯეტი მილიონი ლარით შეავსეს (ნარკომანებთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების შედეგად რამდენი თანხა შევიდა ბიუჯეტში, უცნობია). მხოლოდ ერთი წლის მონაცემებით, ნარკოლოგიურ ექსპერტიზაზე სახელმწიფომ 3 მილიონზე მეტი ლარი დახარჯა. იმავე რაოდენობის თანხაა გამოყოფილი 2014 წელსაც.

 

იურისტ გურამ იმნაძის აზრით, იმ ნარკოდამოკიდებული ადამიანების მიმართ, რომლებსაც დაკავებისას დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება არ აღმოაჩნდათ, სისხლის სამართლის კოდექსი უფრო ლიბერალური უნდა იყოს. ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის გარდა ის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის ხარვეზებსა და არასამართლიანობაზეც საუბრობს. ეს კანონი 2007 წელს ამოქმედდა მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერით.

 

კანონის პირველი მუხლი: „ამ კანონის მიზანია, ხელი შეუწყოს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, ნარკომანიის გავრცელების თავიდან აცილებას, კერძო, საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესების დაცვას ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელთა და ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობთა ხელყოფისაგან. აგრეთვე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და გავრცელების პრევენციას“.

 

იურისტი მიიჩნევს, რომ ეს უსამართლო კანონი კიდევ უფრო უარეს პირობებში აგდებს ნარკოტიკზე დამოკიდებულ ადამიანებს მას შემდეგ, როცა ისინი ციხეებს ტოვებენ, რადგან სასჯელის ზომასთან ერთად მათ მოსამართლე გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში ავტომანქანის მართვის, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებას ართმევს, ეზღუდებათ საადვოკატო საქმიანობა, ეკრძალებათ პედაგოგიური საქმიანობის უფლება. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება…

 

„მოსამართლეს არ აქვს იმის განსაზღვრის უფლება, რომელი უფლება შეუზღუდოს ბრალდებულს და რომელი არა, კანონში ეს პირდაპირ არის გაწერილი. გამოდის, რომ მოსამართლე მას მხოლოდ ნოტარიულად ამოწმებს. ვფიქრობ, კანონის ეს ნაწილიც უნდა შეიცვალოს“, – ამბობს გურამ იმნაძე.

 

კონსტანტინე რუხაძე (ვინაობას მისი თხოვნით ვწერთ) ნარკოდამოკიდებულია, მისი აზრით, სახელმწიფოს მიდგომა ნარკომანების მიმართ რეპრესიულია. ამბობს, რომ ხელისუფლების მიდგომა არ შეცვლილა: “ნარკომანია, ეს არის უმძიმესი ქრონიკული დაავადება, რომელსაც აქვს ფსიქოსოციალური პრობლემა, ადამიანი საბოლოოდ ფსიქიკურად ავადდება, ექმნება სოციალური პრობლემები, როცა ასეთ ადამიანს აჯარიმებ, აკავებ ეს მარაზმია. ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და ამ ავადობის გამო სახელმწიფოს არ აქვს უფლება რეპრესიულად გვაცხოვროს, გვაჩერებენ ქუჩაში, გვაშარდვინებენ, გვიშვებენ ციხეში, ვიხდით ფულს და საპროცესო შეთანხმებით გამოვდივართ… სასჯელი არის ძალიან დიდი. ნახმარი შპრიცის შენახვის გამო 9-დან 14-წლამდეა პატიმრობა, როცა მკვლელობაზე 8-დან 15 წლამდე, 6-9 წელია ყაჩაღობაზე, კიდევ უფრო ნაკლები სასჯელი ელის იმას, ვინც გაუპატიურებაშია ბრალდებული.“

 

კონსტანტინეს აზრით, პირველ რიგში, სახელმწიფომ უნდა აღიაროს, რომ ნარკომანი იყო, არის და იქნება. სარეაბილიტაციო პროგრამების ამუშავება და მკურნალობა უნდა იყოს ნებაყოფლობით, სამართალდამცავებმა უნდა იმუშაონ მიწოდების შეზღუდვით ანუ გამსაღებლები უნდა აკონტროლონ და არა მომხმარებლები – ეს მცირე ჩამონათვალია იმისა, რაც კონსტანტინე რუხაძის აზრით, სახელმწიფომ უნდა გააკეთოს. რუხაძე ციხეში 6 თვეს იხდიდა სასჯელს. ოჯახმა სახლი გაყიდა, საპროცესო შეთანხმების თანხის გადახდა ამ ფორმით შეძლეს. დღემდე ნაქირავებში ცხოვრობენ. კონსტანტინე ახლა არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით ცდილობს საზოგადოების ინფორმირებას.

 

„სისხლის სამართლის პოლიტიკა არის დევნა და სადამსჯელო კანონი იმ ადამიანების მიმართ, ვინც მოიხმარს ნარკოტიკულ ნივთიერებას. მთელი რესურსი სახელმწიფოს დევნაში იხარჯება და არა მკურნალობის ხელმისაწვდომობაში. ის, რასაც სახელმწიფო ხარჯავს, არასაკმარისია“, – ამბობს დათო ოთიაშვილი, ექიმი ნარკოლოგი. ის, არასამთავრო ორგანიზაცია “ალტერნატივა საქართველოს” ხელმძღვანელია.

 

მისი ინფორმაციით, ბოლო წლებში სახელმწიფოს პოლიტიკა მხოლოდ იმ მიმართულებით გაუმჯობესდა, რომ „ლომკაში“ მყოფ ადამიანს საავადმყოფოში რამდენიმე დღით მკურნალობენ. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ყოველთვიურად, 20-25 ადამიანი სტაციონარული პროგრამით სარგებლობს, რასაც სახელმწიფო აფინანსებს. ექიმ ნარკოლოგის ინფორმაციით, ერთი ადამიანის მკურნალობაზე სახელმწიფო ორი ათასამდე ლარს ხარჯავს. მეტადონის პროგრამით ჩანაცვლება 300-მდე ლარი ღირს. საქართველოში მეტადონის ორი პროგრამა მოქმედებს, ერთს სახელმწიფო, პაციენტის თანადაფინანსებით ახორციელებს, მეორე პროგრამას კი საერთაშორისო ორგანიზაცია „გლობარული ფონდი“ აფინანსებს.

 

დათო ოთიაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს: „ნარკომანის კურატორი არა პოლიცია, არამედ ჯანდაცვის სამინისტრო უნდა გახდეს, უნდა გაიხსნას სარეაბილიტაციო ცენტრები. გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები ჩემს პოზიციებს იზიარებენ, მაგალითად, ამ საკითხში მეთანხმება სასჯელაღსრულების სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო და ჯანდაცვის სამინისტრო; ჩვენი ბარიერია შს სამინისტრო, რომელთა პოზიციები არ შეცვლილა მთავრობის შეცვლის მიუხედავად. ისინი მიიჩნევენ, რომ კანონის ლიბერალიზაცია ნარკომანების რაოდენობას გაზრდის“.

 

იუსტიციის სამინისტროს ეგიდით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა, რომლის წევრი დათო ოთიაშვილიც იყო, საკანონმდებლო ინიციატივა ცვლილების პაკეტზე პარლამენტს 2013 წლის ივლისში გაუგზავნა. კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის თქმით, ბიუროს სხდომაზე კანონპროექტი მოიწონეს: “თუმცა შს სამინისტრომ აქტიურად იმუშავა და პლენარულ სხდომაზე კანონპროექტი ჩავარდა“.

 

კანონპროექტის ავტორები საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტისთვის წარდგენას ისევ აპირებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი