სამართალი

შსს-ს ინიციატივით მოძრაობის წესების დარღვევებზე საურავები მცირდება

14 აპრილი, 2014 • • 4964
შსს-ს ინიციატივით მოძრაობის წესების დარღვევებზე საურავები მცირდება

მაგალითად, თუ პირი  არ გადაიხდის ჯარიმას, მას დაეკისრება საურავი ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა. სამინისტროს ინიციატივის მიხედვით, 10-ლარიანი ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, მოქალაქეს დაერიცხება საურავი 20 ლარის ოდენობით, მაში  როცა მოქმედი კანონმდებლობით 10 ლარიანი ჯარიმის შემთხვევაში საურავი 150 ლარია. 

 

მოქმედი კანონმდებლობით, თუ მოქალაქე დადგენილ 30 დღის ვადაში ვერ გადაიხდის მასზე დაკისრებულ ჯარიმას, 100  ლარამდე ჯარიმის შემთხვევაში – მას ერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო 100 ლარზე მეტი ოდენობის ჯარიმის შემთხვევაში – 500 ლარის ოდენობით.

 

ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში კი 100, 150, და 200 ლარის ოდენობის ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში საურავები 500 ლარიდან ჯარიმის ორმაგ ოდენობამდე შემცირდება, ხოლო 250 ლარზე მეტი ჯარიმაზე საურავი 500 ლარს შეადგენს. 

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ საურავის დაკისრების ამგვარი მექანიზმი ხელს შეუწყობს თანაზომიერების პრინციპის განმტკიცებას და ადმინისტრაციული გადაცდომის შემთხვევაში ადეკვატური ოდენობის სახდელის დანერგვას. 

 

სამინისტრო ამავე ინიციატივით, ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობის გამო ჩამორთმეული მართვის უფლების ადღგენის ახალი წესი: თუ ჯარიმის ოდენობა არ აღემატება 100 ლარს და სამართალდამრღვევი გადაიხდის დაკისრებული ჯარიმისა და საურავის ორმაგ ოდენობას, სამართალდამრღვევს აღუდგება ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისთვის ჩამორთმეული მართვის უფლება, ხოლო თუ დაკისრებული ჯარიმის ოდენობა აღემატება 100 ლარს – მართვის უფლების აღდგენა შესაძლებელი იქნება დაკისრებული ჯარიმისა და საურავის ერთნახევარი ოდენობის გადახდის (მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარის) შემთხვევაში. 

 

საქართველოს მოქმედი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის გამო შეჩერებული მართვის უფლების  დასაბრუნებლად მოქალაქემ უნდა გადაიხადოს საურავი და დამატებით 500 ლარიანი ჯარიმა, თუ მართვის უფლება შეჩერებულია 6 თვის ვადით, ხოლო თუ შეჩერებულია 1 წლის ვადით – საურავთან ერთად 1000 ლარიანი ჯარიმა. 

 

შსს-ს განმარტებით, ჯარიმის სწრაფი გადახდის ტერმინალების მეშვეობით გადახდისას მოქალაქეები ხშირად ვერ ამჩნევენ ტერმინალების მომსახურებისთვის დაწესებული საკომისიოს არსებობას და სახელმწიფო ბიუჯეტში დაკისრებული ჯარიმის არასრულ ოდენობას რიცხადევნ, რის გამოც მათ ეკისრებათ საურავი და დადგენილი ვადით უჩერდებათ მართვის უფლება. როდესაც მოქალაქისთვის ეს ხდება ცნობილი, ის მიმართავს საპატრულო პოლიციას საურავისა და მართვის უფლების შეჩერების გაუქმების მოთხოვნით, მაგრამ ამ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

შსს-ს ინიციატივით, ასეთ შემთხვევებში სამართალდამრღვევს მიეცემა შესაძლებლობა გადაიხადოს საბანკო დაწესებულებისა თუ ელექტრონული გადახდის საშუალებით მომსახურებისთვის დადგენილი საფასური (1-დან 3 ლარამდე), და აღნიშნულის შესახებ  მიმართოს საპატრულო პოლიციას დარიცხული საურავის გაუქმებისა და მართვის უფლების აღდგენის შესახებ. 

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განსახილველად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შესახებ ინიციატივა დღეს, 14 აპრილს წარადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი