სამართალი

გირაო პატიმრების არაადამიანური მოპყრობისთვის ბრალდებულებს

7 თებერვალი, 2014 • • 1131
გირაო პატიმრების არაადამიანური მოპყრობისთვის ბრალდებულებს

განჩინებაში, რომელიც საქართველოს სახელით მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გამოიტანა, წერია, რომ გიორგი ვეკუამ, მესამე საპყრობილის ხელმძღვანელმა, ჩატარებულ „ოპერატიულ თათბირზე უკანონოდ დაავალა რეჟიმისა და სხვა განყოფილებების ხელმძღვანელებს პატიმრობაში მყოფი პირების მიმართ გაეტარებინათ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის პოლიტიკა, კონკრეტულად კი დაწესებულებაში შესახლებულ პატიმრებს მოქცეოდნენ სასტიკად”.

 

ოფიციალურ დოკუმენტში, რომელიც „ბათუმელებმა“ მოიპოვა წერია, რომ ვეკუას დავალებით და ხშირად მისი მონაწილეობითაც, დაწესებულების თანამშრომელთა მონაწილეობით ჯგუფურად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ათეულობით პატიმრის მიმართ, ხორციელდებოდა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა.

 

სასამართლო პროცესზე პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ მოითხოვა გიორგი ვეკუას პატიმრობა, რადგან „ბრალდება მძიმე კატეგორიისა“. პროკურორი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ბრალდებული მიიმალოს ან მტკიცებულებების შეგროვებას შეუშალოს ხელი. პროკურორის ინფორმაციით, გარდა ამისა, ვეკუა არ თანამშრომლობს გამოძიებასთან.

 

„არსებობს ალბათობა იმისა, რომ გიორგი ვეკუა დაემუქრება მოწმეებს, რადგან ნაწილი მოწმეებისა არის მისი ნაცნობი“, – უთხრა მოსამართლეს პროკურორმა.

 

პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ სასამართლო პროცესზე ასევე თქვა, რომ ბრალდებული ცხოვრობს ზუგდიდში, ტერიტორიაზე, რომელიც არ კონტროლდება საქართველოს სამართალდამცავების მიერ. შესაბამისად, არის გონივრული ეჭვი იმისა, რომ ბრალდების წარდგენის შემდეგ ის დატოვებს საზღვარს და მიიმალება, მოსალოდნელი სავარაუდო სასჯელის შიშით.

 

ამის საპასუხოდ ვეკუას უფლებების დამცველმა მოსამართლეს უთხრა, რომ მისი კლიენტი არ არის ნასამართლევი, ხასიათდება დადებითად, საგამოძიებო უწყებებთან თანამშრომლობს, რაც არ იწვევს მიმალვის საფრთხეს.

 

სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოსამართლეს უწერია, რომ გიორგი ვეკუას მიმალვის საფრთხე არ არსებობს, რადგან განსასჯელისთვის ცნობილია, რომ გაქცევის შემთხვევაში გირაოს თანხას და უძრავ ქონებას დაკარგავს. გარდა ამისა, მოსამართლეს მიაჩნია, რომ ვეკუა მოწმეებზე ზეწოლას ვერ მოახდენს, „რადგან ეს კანონით ისჯება“.

 

გიორგი ვეკუა 15 ათასი ლარი გირაოს საფუძველზე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გაათავისუფლა. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა კი გირაოს – 12 ათასი ლარის საფუძველზე ასევე პატიმრობიდან გაათავისუფლა გიორგი ვეკუას მოადგილე, ზაზა ჯიქია.

 

ზაზა ჯიქიას სასამართლოში ბრალდება 2013 წლის 5 აპრილს წარუდგინეს. ბრალდების შინაარსი ასეთია: ათეულობით პატიმრის დამცირება ან იძულება, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
სასამართლო სხდომის დოკუმენტში წერია, რომ ჯიქია ბრალდებას უარყოფს. პროკურორი ვარაუდობს, რომ ჯიქიამ შესაძლოა დატოვოს საზღვარი, დაემუქროს მოწმეებს… ამ არგუმენტით ის ბრალდებულის პატიმრობას მოითხოვდა, თუმცა პროკურორის ეს შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი