სამართალი

რელიგიური ნიშნით ჩადენილი დანაშაული ხულიგნობის კვალიფიკაციით

9 დეკემბერი, 2013 •
რელიგიური ნიშნით ჩადენილი დანაშაული ხულიგნობის კვალიფიკაციით

ბოლო ფაქტი რელიგიური ნიშნით ჩადენილი დანაშაულისა 4 დეკემბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე დაფიქსირდა, სადაც ებრაული თემი ხანუქას დღესასწაულს აღნიშნავდა და მასში საქართველოს პრეზიდენტიც მონაწილეობდა. ღონისძიების დაწყებამდე ადგილზე პროტესტის გამოსახატავად მართლმადიდებელი მრევლისა და სასულიერო პირების ნაწილი მივიდა.


ისინი სადღესასწაულო პლაკატების ჩამოხევას და ტრიბუნის დაზიანებას შეეცადნენ, ხოლო პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, რომელიც ხანუქას აღსანიშნავად მივიდა, მოუწოდებდნენ სადღესასწაულო სანთელი არ აენთო.

 

მიუხედავად იმისა, რომ 4 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე შეკრებილი 20–მდე პირი საკუთარ პოზიციას არ მალავდა და ღიად აცხადებდა, რომ მათი პროტესტი ებრაელთა დღესასწაულის გამართვამ გამოიწვია, პოლიციის მიერ დაკავებული ორი პირის ქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად შეფასდა და წვრილმანი ხულიგნობისთვის მათ სასამართლომ 100–100 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

 

როგორც  არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” (GDI) გამგეობის წევრი, იურისტი გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, ასეთ ფაქტებზე სახელწიფომ გაცილებით მკაცრი რეაგირება უნდა მოახდინოს:

 

“ამ შემთხვევაში მიზანშეწონილად მიმაჩნია გამოყენებული იყოს სისხლის სამართლებრივი ზომები, რადგან თუკი ვინმეს ქონებას აზიანებს ადამიანი და ამას საფუძვლად უდევს მისი რელიგიური შეხედულებები, ეს, ვფიქრობ, რომ არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული”, – აცხადებს გიორგი მშვენიერაძე. მისი თქმით, არის დანაშაულები, რომლებიც კვალიფიკაციით ძალიან ჰგავს ერთმანეთს და მიჯნის გავლება, ფაქტობრივად, სამართალდამცავთა სუბიექტურ ნებაზეა დამოკიდებული:

 

“სახელმწიფო მსგავს შემთხვევებში, სამწუხაროდ, ირჩევს და პირებს სჯის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, რაც ახალისებს, საბოლოო ჯამში, სამართალდარღვევებს”, – ამბობს გიორგი მშვენიერაძე.

 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში (EMC) აცხადებენ, რომ შემთხვევები, როდესაც საქმეზე კვალიფიკაციის მინიჭებისას რელიგიური ფონი გათვალისწინებული არ არის, ხშირია.

 

როგორც EMC–ის იურისტი თაკო გეგელია ამბობს, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფომ სწორად უნდა გააანალიზოს სიტუაცია და გამოძიება იმ მუხლით დაიწყოს, რომელიც ზუსტად შეესაბამება მომხდარს. მისი თქმით, თავისუფლების მოედანზე მომხდარი ინციდენტის დროს სამართალდამცავებს სისხლის სამართლის კოდექსის 155–ე მუხლი უნდა გამოეყენებინათ, რომელიც რელიგიური წესის აღსრულების უკანონოდ ხელის შეშლას ეხება:

 

“ღვთისმსახურების ან სხვა რელიგიური წესისა თუ ჩვეულების აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ანდა თუ მას ახლდა მორწმუნის ან ღვთისმსახურის რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფა, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე”.

 

“ზოგადად, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა როცა ხდება, შესაძლოა, ეს ხულიგნობის ფაქტსაც შეიცავდეს, მაგრამ როდესაც ეს ვიღაცის გრძნობასაც შეურაცხყოფს, ასეთ დროს გამოყენებული უნდა იყოს ეს სპეციალური მუხლი, სახელმწიფო უნდა იდგეს ამ უფლებების დაცვის სადარაჯოზე და უნდა ასხვავებდეს შემთხვევებს”, – აცხადებს თაკო გეგელია.

 

რატომ არ დაიწყო თავისუფლების მოედანზე მომხდარი დანაშაულის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 155-ე მუხლით? – ამ კითხვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში არ გვიპასუხეს.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი საქმეს სწორი კვალიფიკაცია არ ეძლევა, პასუხი სასამართლოს უნდა მოეთხოვოს:

 

“ეს კრიტიკა თუ ვინმეს მიმართ შეიძლება იყოს, ეს არის სასამართლო, რომელსაც შეუძლია თქვას, რომ ეს ადმინისტრაციული კი არ არის, სისხლის სამართლის წესით დასჯადია. საბოლოო ვერდიქტი არ გამოაქვს არც პროკურატურას, არც პოლიციას, ეს გამოაქვს სასამართლოს, ამიტომ უნდა გავმიჯნოთ – რომელი ხელისუფლების პასუხისმგებლობის ტვირთია ეს”, – აცხადებს ეკა ბესელია.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ:

 

“სასამართლომ განიხილა ხულიგნობის ფაქტი, დაკავებულმა პირებმა აღიარეს დანაშაული, ჩვენ ამაზე დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებთ. თუ ვინმეს პრეტენზია აქვს განაჩენზე, ამისთვის არსებობს ზემდგომი ინსტანცია”, – აცხადებენ სასამართლოში.

 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრი და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ჩიორა თაქთაქიშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო საკუთარი ვალდებულების შესრულებას თავს არიდებს და უმცირესობათა უფლებადარღვევის ფაქტებში სათანადოდ არ ერევა:

 

“4 დეკემბერს უმრავლესობის ჯგუფმა, უმრავლესობა ამ შემთხვევაში არის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლი, აგრესიული ფორმით აჩვენა ხელისუფლებას, რომ ისინი არ დაუშვებენ პრეზიდენტის მხრიდან შემწყნარებული რიტორიკის დამკვიდრებას. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი. ბოლო პერიოდში ჭელაში, ნიგვზიანში და სხვა სოფლებში, ასევე, ხანუქას დღესასწაულზე განვითარებული მოვლენები ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლებას არ შესწევს ძალა გამოიყენოს კანონით მინიჭებული ვალდებულება და დაიცვას ადამიანები, როდესაც მათ აგრესიული ფორმით უსწორდებიან უმრავლესობის წარმომადგენლები”, – აცხადებს ჩიორა თაქთაქიშვილი.

 

როგორც საქართველოს ებრაელთა მთავარი რაბინი ავიშაი ბათაშვილი აცხადებს, დღესასწაულის გამართვამდე ამ საკითხებზე მან პატრიარქთან ისაუბრა:

 

“ასე ამ დღესასწაულის აღნიშვნა გასული წლიდან დაიწყო. შარშან აღვნიშნეთ რუსთაველის გამზირზე, მაშინ არ მომხდარა ასეთი ინციდენტი. ეს მოხდა პირველად მერიის წინ. არ ვიცი, რატომ მოხდა ამ ფორმით, ჯობია მათ შეეკითხოთ. კი, მე და პატრიარქმა ვისაუბრეთ ამ თემაზე ბოლო შეხვედრისას, მაგრამ, მგონი, ჯობია ეს საუბარი და რა საუბარიც იქნება ჩემსა და პატრიარქს შორის ამაზე მომავალში, ჩვენ შორის დარჩეს”, – აცხადებს რაბინი.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში 4 დეკემბერს თბილისში მომხდარ ფაქტზე ოფიციალური განცხადება 7 დეკემბერს გააკეთეს. აღნიშნული განცხადებით საპატრიარქო გაემიჯნა ძალადობას, რომელიც მრევლის ნაწილმა გამოავლინა ებრაული თემის მიმართ.

მასალების გადაბეჭდვის წესი