სამართალი

პატიმართა წამების საკითხებზე დაწყებული კვლევის მიზანი და მოსალოდნელი შედეგები

1 ოქტომბერი, 2013 •
პატიმართა წამების საკითხებზე დაწყებული კვლევის მიზანი და მოსალოდნელი შედეგები

კვლევისათვის საჭირო კითხვარები, რომლებიც არასამთავრობო სექტორის მონაწილეობით და საერთაშორისო გამოცდილების გამოყენებით შედგა, უკვე დაბეჭდილია. კვლევის მთავარი მიზანი კი მთავრობისთვის რეკომენდაციების შემუშავებაა.

მეთოდოლოგიის შესახებ დღევანდელ კონფერენციაზე სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა ისაუბრა:

“კვლევის ფარგლებში გაანალიზდება ყველა აქამდე გაკეთებული ანგარიში თუ დოკუმენტი, რომელიც იმ საკითხებს ეხება, რაც ჩვენი ინტერესის საგანია. რაც შეეხება უშუალოდ მსჯავრდებულების გამოკითხვას, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს მოხდეს ჩაღრმავებული ინტერვიუს სახით. მართალია აქ დგება გულწრფელობის საკითხი, მაგრამ ეს საქმე იმდენად რეზონანსული იყო და იმდენად ბევრ ადამიანს შეეხო, რომ არ გვგონია პატიმრებს საკუთარ გამოცდილებაზე გაუჭირდეთ საუბარი, მით უმეტეს, რომ მაქსიმალურად იქნება დაცული მათი ანონიმურობა და პირის მაიდენტიფიცირებელი არანაირი ნიშანი კვლევაში არ იქნება”, – აცხადებს იაგო კაჭკაჭიშვილი.

მისივე თქმით, სულ 600 პატიმარი და 600 ყოფილი პატიმარი გამოიკითხება, ციხეებში პატიმრებს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები გაესაუბრებიან. როგორც სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს, მათთვის ყველა საპატიმროს კარი ღია იქნება:

“ყველა საპყრობილე იქნება ღია, სადაც მოისურვებენ შესვლას, ნაწამები პატიმრები არიან პრაქტიკულად ყველგან, შესაბამისად, ყველგან მზად ვართ შევქმნათ მაქსიმალურად კარგი პირობები სამუშაოდ”, – აცხადებს სოზარ სუბარი. მისივე თქმით, იმ პირობების გამოსწორებას, რაც ციხეებში იყო, დიდი ძალისხმევა სჭირდება:

“ეს არ იყო მხოლოდ ყოველდღიური წამება პატიმრების, ეს იყო ის პირობები, რომლებშიც პატიმრები იმყოფებოდნენ, ის კვება, ჯანდაცვისადმი სრული უყურადღებობა, ინფრასტრუქტურა. ამის გამოსწორებას სჭირდება ძალიან დიდი ძალისხმევა. წამება ერთ დღეში დამთავრდა, მაგრამ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ამდენი ნაწამები პატიმრის იმ შოკური მდგომარეობიდან გამოყვანას დრო და კოორდინირებული მუშაობა სჭირდება”, – აღნიშნა სუბარმა.

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” ხელმძღვანელი, ყოფილი სასჯელაღსრულების მინისტრი გიორგი ტუღუში კვლევის წანმოწყებას დადებითად აფასებს:

“სასჯელაღსრულების სისტემაში ყოველთცის იყო, არის და იქნება პრობლემები, თუმცა პრობლემების მასშტაბურობა არის სხვადასხვა. კარგია, რომ კვლევა დაიწყო, თუმცა მთავარია კვლევას მოჰყვეს შედეგები და გარკვეული რეფორმების განხორციელება”, – აცხადებს ტუღუში.

დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოში პენიტენციურ სისტემაში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ციხის კვლევების საერთაშორისო ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ბრიტანეთის ლორდთა პალატის წარმომადგენელმა ბარონესა ვივიენ სტერნმაც ისაუბრა.

ვივიენ სტერნის თქმით, საპატიმროებში კარგი ინფრასტრუქტურის არსებობა მნიშვნელოვანია, თუმცა “ადამიანი შეიძლება კარგად გარემონტებულ შენობაშიც აწამონ”, ამიტომ ციხეში არსებული მდგომარეობის მონიტორინგი მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს:

“ახალი ხელისუფლების მოსვლამდე ციხეში ძალიან ბევრი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, რომ

ბარონესა ვივიენ სტერნი
ბარონესა ვივიენ სტერნი

ციხეში ბევრი ადამიანის ჩასმა ქვეყანაში კრიმინალის დაბალ მაჩვენებელს არ ნიშნავს. ახალი ხელისუფლების პირობებში საპატიმროებში დარჩენილი მსჯავრდებულების რაოდენობით საქართველო საშუალო ევროპულ მაჩვენებელს მიუახლოვდა, ასევე გაიზარდა პენიტენციურ სისტემაში ჯანდაცვაზე გამოყოფილი თანხის რაოდენობა. ეს ორი ქმედება ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ მთავარია, რომ ციხეში არ იყოს ძალადობა. ციხე უნდა იყოს უსაფრთხო როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე, პატიმრებისთვის. როგორ შევქმნათ ძალადობისგან თავისუფალი გარემო? ამისთვის მნიშვნელოვანია ციხის თანამშრომლებმა იცოდნენ, რომ მენეჯმენტი და მაღალი თანამდებობის პირები მათგან ელიან კარგ ქცევას პატიმრებთან მიმართებაში”, – განაცხადა ბარონესა ვივიენ სტერნმა.

მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, კახაბერ წერეთელი არ გამორიცხავს, რომ კვლევის ფარგლებში დანაშაულის ახალი ფაქტები გამოვლინდეს:

“ჩვენმა გამომძიებლებმა დაკითხეს ათასობით ადამიანი, წამების ფაქტებთან დაკავშირებით საქმის  პირველი ეტაპი დასრულდა, რასაც მოჰყვა სასჯელაღსრულების სისტემის 50–მდე თანამშრომლის პასუხისგებაში მიცემა, მათ შორის არიან სასჯელაღსრულების სისტემის ხელმძღვანელები. გამოძიება გრძელდება, თუმცა მასშტაბი ამ ძალადობის იმდენად დიდია, რომ არ გამოვრიცხავთ გამოვლინდეს დანაშაულის ახალი ფაქტები”, – აცხადებს კახაბერ წერეთელი.

საქართველოს პრემიერ–მინისტრის თანაშემწის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, ქვეყანაში არ არსებობდა არა მხოლოდ პატიმართა, არამედ ზოგადად ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული გეგმა, რომელიც ამჟამად შემუშავების ეტაპზეა და რომელსაც საფუძვლად თომას ჰამერბერგის ანგარიში დაედება:

“ძალიან ბევრი რეკომენდაცია მიიღო საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებების დაცვის კუხით, ანუ რა რჩება გასაკეთებელი იმისთვის, რომ ადამიანის უფლებები რეალურად იქნას დაცული და დემოკრატიული ინსტიტუტები იყოს ძლიერი. ამისთვის ჩვენ ვაპირებთ ადამიანის უფლებათა სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებას, სავარაუდოდ, ეს იქნება 3- წლიანი გეგმა. გეგმაში გაწერილი იქნება საკანონმდებლო ბაზის დახვეწაც, ჩვენ ძალიან ბევრი კანონი გვაქვს, რომელიც არ შეესაბამება იმ საუკეთესო სტანდარტებს, რომლებიც ევროპაში და მსოფლიოში არის დამკვიდრებული”, – აცხადებს თამარ თუგოშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი