“ჩვენ დაგვაკავეს და 11 დღე ამბობდნენ, რომ ტერორისტები ვიყავით, მაგრამ მადლობა ღმერთს, გაირკვა, რომ არ ვყოფილვართ, ახლაც ღმერთის იმედი გვაქვს. ყურანში წერია, რომ მოვა სიმართლე და გაქრება სიცრუე. მე არ ვცრუობ, რადგან პატივს ვცემ ალაჰს და ასევე, პატივს ვცემ ქრისტეს. სიმართლის დასამტკიცებლად მზად ვარ ჩემს თავზე ავიღო ყველა ხარჯი და დამკითხონ სიცრუის დეტექტორზე იმათთან ერთად, ვინც იარაღის ამოღებაში მონაწილეობდა. ისინი ამბობენ, რომ ქრისტიანები არიან, მაგრამ მე მათზე დიდი ქრისტიანი ვარ, დაგვკითხონ და შემდეგ გაირკვევა სიმართლე,” – განაცხადა მიკაილ კადიევმა დღეს, 31 ივლისს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მიკაილ კადიევისა და რიზვან ომანოვის საქმის არსებითი განხილვა ორ კვირაში დაიწყება. ბრალდებულების ინტერესებს ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი იცავს.

დღევანდელ სხდომაზე ადვოკატმა მოსამართლეს ორივე ბრალდებულთან დაკავშირებით შუამდგომლობით მიმართა და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლა მოითხოვა. მან განაცხადა, რომ თითოეული ბრალდებული მზად იყო გირაოს სახით 10 000 ლარი ორი კვირის ვადაში გადაეხადა.

გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, აღნიშნული პირები თავდაპირველად დააკავეს როგორც ტერორისტები, თუმცა მოგვიანებით მათ ბრალი ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის წარედგინათ, მათ ჩამორთმეული აქვთ პასპორტები, შესაბამისად, არ აქვთ შესაძლებლობა, მიიმალონ ან დატოვონ ქვეყანა, ასევე არ აქვთ საშუალება, რაიმე სახის ზეგავლენა მოახდინონ მოწმეებზე, რადგან საქმეში მოწმეები ძირითადად სამართალდამცავები არიან, ამიტომ მათი აღკვეთის ღონისძიება გირაოთი უნდა შეიცვალოს, თუმცა მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

 

დღევანდელ სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა მტკიცებულებათა ნუსხა წარმოადგინეს, ხოლო სასამართლომ მათ დასაშვებობაზე იმსჯელა. ბრალდების მტკიცებულებებთან დაკავშირებით დაცვის მხარემ დღეს კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენა.

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებში იყო მიკაელ კადიევის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი. დაცვის მხარემ მოსამართლეს აღნიშნული ოქმის დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით მიმართა:

“ბინის ჩხრეკა კანონის სრული იგნორირებით ჩატარდა, ჩხრეკისას ორივე ბრალდებული დააწვინეს იატაკზე, არ მისცეს განძრევის საშუალება, ხოლო ნიღბიანი სამართალდამცავები შევიდნენ იმ ოთახში, სადაც შემდგომში თითქოსდა იარაღი და ასაფეთქებელი ნივთერება აღმოაჩინეს. ამ პროცესს არ ესწრებოდნენ არც ბრალდებულები და არც გარეშე პირი, ჩხრეკის ოქმს არ აქვს არც ერთი ბრალდებულის ხელმოწერა. ჩვენი აზრით, ეს მტკიცებულება სასამართლომ დაუშვებლად უნდა მიიჩნიოს”, – განაცხადა გელა ნიკოლეიშვილმა.

 

დაკავების ფაქტი აღწერეს თავად ბრალდებულებმაც. ორივე მათგანის განცხადებით, იმ ოთახში, საიდანაც იარაღი ამოიღეს, ისინი არ იმყოფებოდნენ:

 

“კარებზე იყო კაკუნი, როცა ვიკითხე, ვინ იყო, მიპასუხეს პოლიციააო, მაშინვე გავაღე და შემოვარდნენ, დამაწვინეს და ბორკილები დამადეს, 5–6 კაცი თავზე დამადგა, დანარჩენები შევარდნენ სხვა ოთახებში. მიკაილი სამზარეულოში ჰყავდათ, შემდეგ მეც სამზარეულოში შემიყვანეს, მიკაილს ვკითხე, რა ხდებოდა, მაგრამ მანაც არაფერი იცოდა, თვითონ პოლიციელები რაღაც გოგოს გაუპატიურების საქმეზე ლაპარაკობდნენ და იცინოდნენ. 10–15 წუთის შემდეგ კი ხელბორკილები მოგვხსნეს, ვიფიქრეთ, ალბათ ყველაფერი გაირკვა და გაუგებრობა იყო-თქო, მაგრამ გაგვიყვანეს საძინებელში, აწიეს მატრასი და იქ იყო იარაღი”, – განაცხადა რიზვან ომანოვმა.

 

“ოთახში, საიდანაც იარაღი ამოიღეს, მარტო ნიღბიანი სამართალდამცავები იყვნენ დაახლოებით 15 წუთი, როცა ვკითხე, ჩვენ რატომ არ შეგვიყვანეს, მიპასუხეს, რომ კონტრტერორისტულ ოპერაციას ვატარებთ და მოწმეები არ გვჭირდებაო” , – განაცხადა სხდომაზე მიკაილ კადიევმა. ბრალდებულების თქმით, მათ ჩხრეკის ოქმზე ხელი არ მოუწერიათ.

მოსამართლე მერაბ ჯორბენაძის განმარტებით, დაცვის მხარის შუამდგომლობა მხოლოდ ბრალდებულთა მონაყოლს ეფუძნება და არ არის გამყარებული რაიმე სახის მტკიცებულებით, ამიტომ მან აღნიშნული შუამდგომლობაც არ დააკმაყოფილა.

სხდომაზე დაცვის მხარემ დღეს მესამე შუამდგომლობაც დააყენა, ბრალდებულების მიერ სატელეფონო საუბრის განხორციელებასთან დაკავშირებით. მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ორივე ბრალდებულს ნება დართო ერთი თვის განმავლობაში, საკუთხარი ხარჯებით, 15–15 წუთის განმავლობაში 3–ჯერ დაურეკონ საკუთარ ახლობლებს.

მიკაელ კადიევი და რიზვან ომაროვი შინაგან სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს. შსს–ს ინფორმაციით, დაკავებულთა დროებითი საცხოვრისიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება (სავარაუდოდ, პლასტიდი) და ელექტროდეტონატორები, აგრეთვე, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია.


დაკავების შემდეგ, თავდაპირველად სამართალდამცავებმა განაცხადეს, რომ ისინი ტერაქტის მომზადების მცდელობისთვის იყვნენ დაკავებული, სასამართლოზე კი აღმოჩნდა, რომ მათ ბრალი მხოლოდ ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო შეძენა–შენახვისთვის აქვთ წაყენებული. მიკაილ კადიევისა და რიზვან ომაროვს თბილისის საქალაქო სასამართლო აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.


საქმის არსებითი განხილვა 2013 წლის 13 აგვისტოს დაიწყება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *