სამართალი

“ცენტრ პოინტის” და “დექსუსის” მფლობელები – ბრალდებულები ამნისტირებული მუხლებით

11 ივლისი, 2013 • 2368
“ცენტრ პოინტის” და “დექსუსის” მფლობელები – ბრალდებულები ამნისტირებული მუხლებით

სისხლის სამართლის კოდექსის 182-მუხლის მეორე ნაწილის “ა” და მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტები გულისხმობს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ან გაფლანგვას, თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება იმყოფებოდა მიმთვისებლის ან გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით.

 

ამ მუხლით ჩადენილი დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. თუმცა, თუკი რუსუდან კერვალიშვილსა და მაია რჩეულიშვილს აღნიშნული ბრალდება დაუდასტურდებათ, მათ განახევრებული ვადით მოუწევთ სასჯელის მოხდა.

 

“ამნისტიის შესახებ კანონის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე სასჯელი განახევრდება”, – განმარტავს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი მიხეილ ღოღაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში.

 

ამნისტია ეხება კერვალიშვილისა და რჩეულიშვილისთვის წაყენებულ კიდევ ერთ – სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და მესამე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებს, რომელიც გულისხმობს: თაღლითობას, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას ან ქონებრივი უფლების მიღებას მოტყუებით, რომელიც ჩადენილია წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით. აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე

 

“180–ე მუხლი, რაც თაღლითობას გულისხმობს, ამნისტირებულია იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებული თანხმობას განაცხადებს. ამნისტიის გავრცელების შემთხვევაში, პირი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება”, – განმარტავს მიხეილ ღოღაძე.

საიას ხელმძღვანელის, კახა კოჟორიძის თქმით, “ცენტრ პოინტ ჯგუფისა” და “დექსუსის” საქმესთან დაკავშირებით უამრავი კითხვა არსებობს და სავარაუდოდ, დაზარალებულები ბრალდებულებს პასუხისმგებლობისგან არ გაათავისუფლებენ:

 

“ჩვენ ამ საქმესთან დაკავშირებით ხშირად ვსვამდით კითხვებს, ბევრი რამე იყო გამოსაძიებელი და ზოგადად, ეს საქმე ბევრ კითხვის ნიშანს აღძრავს, თვითონ დაზარალებული ადამიანები ითხოვენ გამოძიებას და თანხის დაბრუნებას, ამიტომ არა მგონია, ვინმე თანახმა იყოს ამნისტიაზე, შესაბამისად, გამოძიების გაგრძელება ამ კუთხით არ არის პრობლემა”, – აცხადებს კოჟორიძე.

მაია რჩეულიშვილი
მაია რჩეულიშვილი

“ცენტრ პოინტ ჯგუფის” 50%–იანი წილის მფლობელებს- მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილსა და “დექსუსის” დამფუძნებელს, ივანე ცაგურიას ბრალი თბილისის პროკურატურამ დღეს წარუდგინა. 

 

სქემა, რომლის მიხედვითაც, პროკურატურის მტკიცებით, კერვალიშვილის, რჩეულიშვილისა და ცაგურიას ბრალი იკვეთება, დღეს, 11 ივლისს, ჟურნალისტებს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელმა თენგიზ ბიგვავამ წარუდგინა. სქემაში აღწერილია, თუ რა საქმიანობით იყო დაკავებული “ცენტრ პოინტ ჯგუფი” დაარსების დღიდან.

“ცენტრ პოინტ ჯგუფი” რუსუდან კერვალიშვილმა და მაია რჩეულიშვილმა 1999 წელს დააარსეს, რომლის საქმიანობის მიზანიც სამშენებლო პროექტების განხორციელება იყო.

2004 წელს ბინათმშენებლობის ანხანაგობა “თაბუკაშვილი 88”–სა და “ცენტრ პოინტს” შორის გაფორმდა ხელშეკრულება. “თაბუკაშვილი 88” იყო დამკვეთი, ხოლო “ცენტრ პოინტ ჯგუფი” შემსრულებელი. ხელშეკრულების თანახმად, ცენტრ პოინტს დამკვეთის საკუთრებაში არსებულ მიწაზე, თაბუკაშვილის ქ.#7–ში საცხოვრებელი სახლი უნდა აეშენებინა.

პარალელურად “თაბუკაშვილი 88”–მ ხელშეკრულება გააფორმა სს “ევრაზიის საინვესტიციო სააგენტოსთან”, რომლის წილებსაც ფლობდნენ, ასევე, რუსუდან კერვალიშვილი და ვახტანგ რჩეულიშვილი, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო მაია რჩეულიშვილი.

შეთანხმების თანახმად, სააგენტოს თაბუკაშვილის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის დასასრულებლად 3.5 მილიონი აშშ დოლარი უნდა მოეზიდა. აღნიშნული თანხა მან სესხის სახით “თი ბი სი ბანკისგან” აიღო, სანაცვლოდ კი თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი იპოთეკით დატვირთა.

“ევრაზიის საინვესტიციო სააგენტოს” სალაროში ნაღდი ფულის სახით მიდიოდა იმ კლიენტების მიერ გადახდილი თანხა, ვინც ჯერ კიდევ არაშენებულ სამშენებლო კომპლექსში ფული ჩადო, ასეთი გზით სააგენტოს სალაროში 1.283.784 აშშ დოლარი დაგროვდა, რასაც დაემატა ბანკიდან აღებული კრედიტი.

პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული ფინანსები მშენებლობის წარმოების ნაცვლად მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა პირადი სარგებლობისათვის სალაროდან უკანონოდ, ეტაპობრივად გაიტანეს.

პროკურატურის მტკიცებით, ამ თანხების გაწერის მიზნით ცენტრ პოინტმა სპეციალურ სქემა შეიმუშავა და შექმნა რამდენიმე ამხანაგობა, რომლებთანაც ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულებების და ყალბი მიღება–ჩაბარების აქტების გაფორმების მეშვეობით სალაროდან უკანონოდ გასული თანხა გაიწერა.

 

ამავე მეთოდით, გამოძიების მტკიცებით, 2005–2008 წლებში რჩეულიშვილმა და კერვალიშვილმა მენაშენეთა კუთვნილი 4 133 341 აშშ დოლარი მიისაკუთრეს. ჯამში კი, პროკურატურა კერვალიშვილსა და რჩეულიშვილს 11 მილიონი ლარის მითვისებაში ედავება, რის შედეგადაც ფინანსური დეფიციტი შეიქმნა.

 

“ხელოვნურად შექმნილი ფინანსური დეფიციტის გამო მშენებლობა ხანგრძლივი დროით შეჩერდა, რის გამოც ამხანაგობის 403-მა წევრმა მრავალი წლის განმავლობაში ვერ მიიღო გადახდილი თანხის საფასურის უძრავი ქონება დასრულებული საცხოვრებელი ბინებისა და სხვა დანიშნულების ფართების სახით”, – აცხადებენ პროკურატურაში.

 

როგორც მაია რჩეულიშვილმა დღეს, თბილისის პროკურატურაში ბრალის წარდგენისას განაცხადა, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ყალბი გარიგებების შესახებ არაფერი სმენია:

 

“ეს ყალბი საბუთების ამბავი მე პირველად გავიგე დღეს. საერთოდ არც ვიცი, რა საბუთზეა ლაპარაკი და ხვალ იმედია მაჩვენებენ”, – განაცხადა მაია რჩეულიშვილმა. რაც შეეხება თანხების მითვისებას, მისი თქმით, ის თანხა, რაც მან აიღო, მხოლოდ შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ მიღებული ანაზღაურებაა:

“ცხადია, მე ვმუშაობდი და ცხადია, სამაკლერო 3%-ს, ზოგ შემთხვევაში 6%–ს, ჩვეულებრივად ვიღებდი. 27 000 000–დან 6% ეს არის დაახლოებით 1 200 000, ესაა ის თანხა, რაც მე მივიღე, ვფიქრობ, ადამიანმა, რომელიც მუშაობს, უნდა აიღოს თავისი დივიდენდი”, – განაცხადა რჩეულიშვილმა.

მაია რჩეულიშვილი საკუთარი სიმართლის დამამტკიცებლად კომპანია “დექსუსისთვის” ქონების გადაცემის ფაქტსაც მიიჩნევს:

 

“მე რომ თაღლითი ვყოფილიყავი, “დექსუსს” მართვაში არ გადავცემდი 94 000 251 აშშ დოლარის ქონებას, ეს იყო 28 მილიონი დებიტორული დავალიანება, 50 მილიონის მარაგებით და თავისუფალი მიწების, რომელიც არ იყო კრედიტორიანი, 16 386 000 დოლარს. ამას ალბათ ყურად იღებს ჩვენი პროკურატურა და სასამართლო ორგანოები. მე იმდენი თანხა მივეცი “დექსუსს”, რომ მათ ყველა უნდა გაესტუმრებინათ და დღეს მე აქ არ უნდა ვმდგარიყავი”, – განაცხადა მაია რჩეულიშვილმა.

მაია რჩეულიშვილს, ვახტანგ რჩეულიშვილს, რუსუდან კერვალიშვილსა და კომპანია “დექსუსს” შორის, რომლის დამფუძნებელიც ივანე ცაგურია იყო, საკუთრების მინდობის გენერალური ხელშეკრულება 2010 წლის სექტემბერში გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმადაც, “დექსუსს” მართვისა და განკარგვის შეუზღუდავი უფლებით გადაეცა მთელი რიგი ობიექტები, მათ შორის წყნეთში არსებული ტერიტორია, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, მოგვიანებით ასევე წინასწარ შემუშავებული გეგმის და ყალბი დოკუმენტების საფუძველზე კომპანიას ხელმეორედ გადაეცა იმ სასესხო დავალიანების დაფარვის მიზნით, რომელიც რუსუდან კერვალიშვილს “ცენტრ პოინტში” გააჩნდა.

 

სწორედ აღნიშნული და სხვა ფაქტების გამო თაღლითობაში დახმარებისთვის ივანე ცაგურიას ბრალი აქვს წაყენებული და წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ცაგურიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა კომპანია “დექსუსმა”:

 

“კომპანია “დექსუსმა” “ცენტრ პოინტი” მართვაში 2010 წელს აიღო. ხოლო პროკურატურის განცხადების თანახმად, თაღლითური სქემა ეხება 2004-2009 წლებს, ანუ “ცენტრ პოინტის” მხრიდან ამხანაგობა “თაბუკაშვილი 88″-ის მენაშენეთა თანხების თაღლითურ მითვისებას. ამ ლოგიკით აბსურდულია ივანე ცაგურიას დაკავება თაღლითობაში დახმარებისთვის, მაშინ, როდესაც მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა თბილისის პროკურატურა უკვე დატოვეს, ხოლო ივანე ცაგურია დაკავებულია”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა ვახტანგ რჩეულიშვილმაც. მისი თქმით, შექმნილი მდგომარეობა “დექსუსსა” და თბილისის მერიას შორისაა გასარკვევი. მან განაცხადა, რომ კომპანია “დექსუსს” რეალურად გიგი უგულავა მართავდა, თუმცა სიტუაციის პოლიტიზების მომხრე არაა:

 

“შექმნილ სიტუაციაში დიდია მერიის ბრალეულობა, თუმცა ყველაფერს გამოძიება დაადგენს. მე არც აქეთ მხრიდან მინდა პოლიტიზება, რომ

ვახტანგ რჩეულიშვილი
ვახტანგ რჩეულიშვილი

რუსუდანზე გადავიდეს აქცენტი, არც უგულავაზე, მე და მაია ახლა არ ვართ პოლიტიკაში. სასამართლომ უნდა გაარკვიოს პოლიტიზების გარეშე. ვინც დამნაშავეა, სააკაშვილის დროსაც, გამსახურდიას დროსაც და შევარდნაძის დროსაც ყველას ერთნაირად უნდა მოეთხოვოს პასუხი”, – განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა.

 

ამ დროისთვის, გამოძიების მოთხოვნით, “ცენტრ პოინტ ჯგუფისა” და მასთან დაკავშირებული ფიზიკური პირების და კომპანიების არაერთი უძრავი ქონება დაყადაღებულია, ასევე, დაყადაღებულია “დექსუსის” და მასთან დაკავშირებული კომპანია “ალიანს კაპიტალის” საკუთრებაში არსებული ქონების ნაწილიც. გამოძიება კი გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი