სამართალი

პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფა 45 ათასი ლარის გადახდამდე და შემდეგ

11 ივნისი, 2013 • 2383
პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფა 45 ათასი ლარის გადახდამდე და შემდეგ

ამ სასტუმროსთან დაკავშირებული პირები – საქართველოს ორი და თურქეთის ერთი მოქალაქე პოლიციამ 22 აპრილს დააკავა. სასტუმროების – “სთარისა” და “გენაცვალეს” მფლობელებს მაშინ პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფა წაუყენეს ბრალად. ცოტა ხნის წინ სამივე დაკავებული სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

“ბათუმელებმა” სცადა გაერკვია, რა მიზანს ემსახურებოდა 22 აპრილს აჭარის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მიერ ჩატარებული ოპერაცია.

პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფა ქართული კანონმდებლობით ისჯება, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ბრალდება გამყარებულია ფაქტებით. ცხადია, სასტუმროში სექსით დაკავებული წყვილების აღმოჩენა არ არის იმის საკმარისი მტკიცებულება, რომ სასტუმროს მფლობელს პროსტიტუციისთვის აქვს ადგილი გამოყოფილი. ამ შემთხვევაში საჭიროა დამტკიცდეს, რომ ქონების მესაკუთრემ სწორედ პროსტიტუციის მიზნით გასცა სასტუმრო და ამ გზით ის ფინანსურ სარგებელს იღებს.

შესაბამისად, არამხოლოდ მედიისთვის, არამედ სამართალდამცავებისთვისაც რთულია შენობის პროსტიტუციის მიზნით გაცემის დადასტურება. ამის მიუხედავად, 22 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფისთვის ბათუმში სასტუმროების მფლობელები მაინც დააკავეს. დაკავებულთა შორის იყვნენ 1984 წელს დაბადებული, “სთარის” მეპატრონე გელა ტ., თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1973 წელს დაბადებული რამაზან ი., ასევე, სასტუმრო “გენაცვალეს” მფლობელი, 1965 წელს დაბადებული თამაზ ა.

შს სამინისტრომ ამ ოპერაციის ამსახველი ვიდეომასალაც გაავრცელა. ვიდეოკადრებში ჩანდა, თუ როგორ გამოიყვანეს პოლიციელებმა მოკლე ქვედაბოლოებში ჩაცმული 34 გოგონა სასტუმრო “სთარის” ღამის კლუბიდან. ვიდეოში გოგონების სახეები გადაფარული იყო.

მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის თანამშრომლის, ეკა ჩიჩუას ინფორმაციით, პროკურატურამ დაკავებული პირებისთვის სასამართლოში აღკვეთი ღონისძიების სახით, გირაოს – 20-20 ათასი ლარის გადახდა მოითხოვა. სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა – სამივე დაკავებული 15-15 ათასი ლარის სანაცვლოდ, ბრალის დამტკიცებამდე გაათავისუფლა.

დისკოკლუბი ბათუმში

“სთარის” საქმიანობით “ბათუმელები” მას შემდეგ დაინტერესდა, როცა უზბეკეთის მოქალაქემ, 23 წლის გოგონამ, რედაქციას შეატყობინა, რომ მას სექსუალურ მომსახურებას აიძულებდნენ და ის იყო ტრეფიკინგის მსხვერპლი. “სთარში” არსებული მდგომარეობა “ბათუმელებმა” 25 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში აღწერა:

“დისკო კლუბ „სთარში“ მუშაობა ღამის 10 საათის შემდეგ იწყება, თუმცა კლუბის დარბაზი, რომელიც დაახლოებით 150 კვადრატული მეტრია, ძირითადად, 11 საათის შემდეგ ივსება. დარბაზის ცენტრში ნიკელის ბოძი დგას, რომლის გარშემოც პატარა მაგიდებია განთავსებული. გოგონები ამ მაგიდებთან სხედან და სვამენ ალკოჰოლს. შესვლა კაცებისთვის 30 ლარი ღირს, ქალებისთვის უფასოა. კაცებიც სვამენ და ეწევიან. მოკლე ქვედა ბოლოებსა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელებზე შემდგარი გოგონები კი ცეკვავენ სარკესთან. სარკე საცეკვაო არენის წინაა. დარბაზში 30-მდე გოგოა. მოცეკვავე გოგონებს თანდათან სხვადასხვა ასაკის მამაკაცები უერთდებიან. გოგონების უმრავლესობა შუა აზიის ქვეყნებიდანაა.

კლუბი მეორე სართულზეა. კლუბში ასასვლელი კიბის შუა მონაკვეთიდან დერეფანი ხელმარცხნივ გადის – კარს აწერია სასტუმრო, ანუ კლუბიდან გარეთ გამოსვლის გარეშე, შიდა დერეფნით სასტუროში გადადიხარ. სწორედ “სთარში” და კიდევ ბათუმში არსებულ ანალოგიურ კლუბებში – „ბომბასა“ და „არენაში“ სამუშაოდ ჩაიყვანეს 4 მარტს უზბეკეთიდან ოთხი გოგონა”.

გასული კვირების განმავლობაში “სთართან: რამდენიმე ღამის პატრულირების შედეგად დადასტურებით შეიძლება იმის თქმა, რომ გირაოთი გათავისუფლებული პირები კვლავაც იგივე საქმიანობას ეწევიან, რასაც მანამდე ეწეოდნენ. იქ არსებული მდგომარეობა კი შს სამინისტრომ 22 აპრილს შეაფასა, როგორც “პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა” და სპეცოპერაცია ჩაატარა.

თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ რატომღა ინარჩუნებს “სთარი” და ზემოთ ჩამოთვლილი სხვა ობიექტები პროფილს, რა შეიცვალა გარდა იმისა, რომ დაკავებულმა პირებმა 45 ათასი ლარი გადაიხადეს ბიუჯეტში?

ამ კითხვაზე შს სამინისტროს პრესცენტრში მოკლე კომენტარით შემოიფარგლნენ: “შს სამინისტრო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. აჭარაში იყო გამოვლენილი პროსტიტუციისთვის ფართობის გადაცემის რამდენიმე ფაქტი. ამ ფაქტებთან დაკავშირებით პოლიციამ დააკავა სასტუმროების მეპატრონეები, ასევე გაიხსნა ტრეფიკინგის საქმეც. იმ შემთხვევაში, თუ მომავალშიც დადგინება მსგავსი ფაქტები, სამართალდამცავები მიიღებენ სათანადო ზომებს და გაატარებენ შესაბამის ღონისძიებებს”.

რა იგულისხმება ფაქტის დადგენაში? – ამ კითხვაზე შს სამინისტროს პრესცენტრში ამბობენ: “ასე დეტალურად ვერ მოგახსენებთ, ეგ ხომ საგამოძიებო მოქმედებებია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი