სამართალი

2011 წელს 14 პირის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით შსს-ს ყოფილი თანამშრომლები დააკავეს

13 ოქტომბერი, 2017 • 1892
2011 წელს 14 პირის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით შსს-ს ყოფილი თანამშრომლები დააკავეს

პროკურატურის განცხადებით, ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორში 14 პირის მიმართ ჩადენილი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები გახსნეს. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, იზოლატორის ყოფილი უფროსი თ.ვ. და ყოფილი ინსპექტორი ვ.ს. დააკავეს.

2011 წლის მაისის თვეში თბილისში, საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარეობდა ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები “სახალხო კრების” წევრების და ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერთა მონაწილეობით. გამოძიების ინფორმაციით, იმ მიზნით, რომ ქუჩის საპროტესტო აქციებს არ მიეღო ფართომასშტაბიანი ხასიათი და მოეხდინათ საპროტესტო ტალღის ჩაცხრომა, 2011 წლის 18 მაისიდან 22 მაისამდე პერიოდში სამართალდამცავების მიერ დაიწყო ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობის აქტიური წევრების და აქციის ორგანიზატორების დევნა:

“რა მიზნითაც, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში ჩატარდა რამდენიმე სპეცოპერაცია, რა დროსაც დაკავებულ იქნა გოჩა წიკლაური, ტარიელ მელქოშვილი, ვლადიმერ იმნაძე და საპროტესტო აქციაში მონაწილე პოლიტიკური პარტიების კიდევ 11 აქტივისტი, რომლებსაც ადმინისტრაციული წესით 30-დან 45 დღემდე ვადით პატიმრობა შეეფარდათ და შესახლებულ იქნენ შსს ყვარლის პოლიციის სამმართველოს შენობაში განთავსებულ დროებითი მოთავსების იზოლატორში.”

პატიმრების შეყვანის შემდეგ, პროკურატურის მტკიცებით, იზოლატორის უფროსმა თ.ვ-მ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ პატიმრობაში მყოფ ხსენებულ 14 პირს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდათ და მონაწილეობას იღებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაში, ხოლო მათი დასჯის მიზნით შეიმუშავა პატიმრებთან მოპყრობის დამამცირებელი და არაადამიანური წესები.

პროკურატურის განცხადებით, 2011 წლის 21 მაისიდან 5 ივნისამდე პერიოდში, ყოველდღიურად, თ.ვ-ს და იზოლატორის კიდევ ერთ თანამშრომელ ვ.ს-ს, საკნებიდან გამოჰყავდათ პატიმრები და სცემდნენ ხელ-ფეხით, ამცირებდნენ და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, აიძულებდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერების გინებას. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებს პერიოდულად ხდიდნენ მაისურებს და აიძულებდნენ საკნების მორეცხვას, რის შემდეგაც დაბინძურებულ სველ მაისურებს აცმევდნენ ძალით:

“გარდა ამისა, პატიმრებს იზოლატორში არსებული მარაგებიდან და ოჯახის წევრების მიერ შეგზავნილი ამანათებიდან არ მიეწოდებოდათ საკმარისი ოდენობით საკვები; პატიმრებს არ აძლევდნენ დღისა და ღამის საათებში დაძინებისა და დასვენების საშუალებას, პერიოდულად საკნებში შედიოდა თ.ვ. და პატიმრებს აიძულებდა საათობით ფეხზე დგომას.”

მთავარი პროკურატურის ცნობით, საქმეზე გრძელდება გამოძიება, თ.ვ-ს და ვ.ს-ს ბრალად ედებათ პატიმრების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 -ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

პროკურატურის განცხადებით, 2012 წლის ოქტომბრამდე პერიოდში საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი ცემის, წამების, არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით, მხილებულია და სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 135 საჯარო მოხელის მიმართ.

მასალების გადაბეჭდვის წესი