ახალაიას ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი აცხადებს, რომ ბაჩო ახალაიას დანაშაულის შესახებ ვერც ერთი მოწმე ვერ საუბრობს, ხოლო ის ფაქტები, რომელიც დაზარალებულებმა წამებად აღიქვეს, რეინჯერის კურსის შემადგენელი ნაწილია. პროკურორის შაქრო ზაალიშვილის თქმით კი შსს-ში რეინჯერების კურსი არავის გაუვლია და მოწმეების დაკითხვის შედეგად მათი არაადამიანური წამება დადასტურდა.
პირველი მოწმე, რომელიც სასამართლოზე 7 პოლიციელის წამების საქმესთან დაკავშირებით დაიკითხა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი იმედა ბენდელიანია.
ბენდელის თქმით 7 პოლიციელის ცემა 34 კაცს ჰქონდა დავალებული და მან ამ პროცესში მონაწილეობა იძულებით მიიღო, ვინაიდან თუკი მონაწილეობაზე უარს იტყოდა ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ.
ბენდელიანის შემდეგ პროცესზე საქმის უშუალო დაზარალებულების დაკითხვა დაიწყო.
საქმეში დაზარალებულად ცნობილ არსენ მიკირტუმიანს დაკითხვის დაწყებამდე სთხოვეს ბრალდებულები ამოეცნო, თუმცა მან ორი ბრალდებულის ამოცნობა ვერ შეძლო:
“მოწმემ ბრალდებული ჩუბინიძე და დავითაშვილი ვერ ამოიცნო და მათ მაგივრად ბადრაგებზე მიუთითა, ყველამ დაინახა, თუ როგორ შეიძლება, რომ მათ ჩვენებებს დაეყრდნო”, – აცხადებს ახალაიას ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი.
ამის შემდეგ მიკირტუმიანს სთხოვეს მოეყოლა, თუ როგორ ხდებოდა მისი და სხვა დაზარალებულთა წამება. არსენ მიკირტუმიანი იხსენებს, რომ მას ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, მათ შორის ცემდნენ ჯაჭვით და ქამრით:
“გაგვაშიშვლეს, ძირს დაგვაწვინეს, შემდეგ ეზოში ნუშის ხე იდგა, მოატეხეს ტოტები და რამდენიმეს უკანა ტანში დაუმაგრეს”, – აცხადებს არსენ მიკირტუმიანი. იგივეს ყვება მოწმე, ასევე დაზარალებულად ცნობილი მიხეილ ედიშერაშვილიც.
გარდა ამისა დაზარალებულები იხსენებენ, რომ ისინი საათობით არბენინეს, არხში ჩააწვინეს და სათითაოდ აიძულებდნენ ერთმანეთის ტანზე გადაევლოთ, ასევე მოსთხოვეს ერთმანეთის მიწაში ჩამარხვა და მას შემდეგ რაც მათ უარი განაცხადეს ყველანი ერთად ჩაყარეს ორმოში, შემდეგ კი მიწა მიაყარეს.
მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით მოწმეთა ჩვენების ერთი ნაწილი ტყუილია, მეორე ნაწილი კი დაბრკოლებიდან თავის დასაღწევად რეინჯერთა სკოლაში ისწავლება:
“კურსის შემადგენელი ნაწილი შეიძლება იყოს ორმოში ჩასმა, შეიძლება გადააბა ერთმანეთზე, თუნდაც ქამრებით, ეს არის ურთიერთკონტროლის სწავლება, ეს ამ ხალხმა არ იცის უბრალოდ. რაც შეეხება ჯაჭვით ცემას და სხვა რაღაცებს, ამას იგონებენ, ნაწილი არის ტყუილი და დანარჩენი რაც იქ გაიარეს არის სიმართლე და არის რეინჯერის კურსის შემადგენელი ნაწილი”, – აცხადებს მალხაზ ველიჯანაშვილი. მისი თქმით დაზარალებულებს არც ფიზიკური დაზიანებები მიუღიათ და ამას ის ფოტო-მასალაც ადასტურებს, რომელიც დაზარალებულებმა თურქეთში, ე.წ. რეაბილიტიაციის კურსის გავლისას გადაიღეს.
აღსანიშნავია რომ მოწმე მიხეილ ედიშერაშვილმა, მისი თქმით ნერვიული დაძაბულობის გამო კითხვების ნაწილზე პასუხის გაცემა ვერ შეძლო, მან განაცხადა, რომ ის ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშაა და დღემდე ექიმების დახმარებას საჭიროებს. ამის შემდეგ ედიშერაშვილს დაცვის მხარემ შემდეგი შინაარსის შეკითხვები დაუსვა:
“უკაცრავად თქვენ ადეკვატური ბრძანდებით? იქნებ გვიპასუხოთ”
“თქვენ ახსენეთ რომ მიდიოდა თქვენი ცემა-ტყეპა, გვითხარით რას ნიშნავს სიტყვა ტყეპა?
ედიშერაშვილის მიერ კითხვებზე პასუხის გაცემის მცდელობას როგორც დარბაზის ასევე ბრალდებულების მხრიდან სიცილი მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ პროკურორმა მოწმის “დაცინვა” გააპროტესტა მოსამართლემ მოწმეს შეკითხვებზე პასუხის ბოლომდე გაცემა სთხოვა. ედიშერაშვილის დაკითხვა დაახლოებით 3 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
ახალაიას და სხვა პირთა საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 30 მაისს ჩაინიშნა.