სამართალი

ახალაიას და სხვა პირების საქმეზე მოწმეების დაკითხვა გრძელდება

7 მაისი, 2013 • 1116
ახალაიას და სხვა პირების საქმეზე მოწმეების დაკითხვა გრძელდება

ერთი ეპიზოდი დაზარალებულ ზვიად აბესაძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას, ხოლო მეორე ეპიზოდი გვარდიის დეპარტამენტის უზრუნველყოფის ასეულის 19 წევრისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ეხება.

პირველ ეპიზოდთან დაკავშირებით სასამართლოზე მთავარი მოწმე და დაზარალებული ზვიად აბესაძე და მისი მეუღლე ცირა დოღინაძე დაკითხეს. ორივე მათგანი აცხადებს, რომ ზვიად აბესაძეს ბაჩო ახალაიამ, გიგი კალანდაძემ და რამდენიმე სხვა პირმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

აბესაძემ დაკითხვისას განაცხადა, რომ მას ჩვენების შეცვლისთვის ნახევარი მილიონი შესთავაზეს:

“შალვა ვაშაკიძე მთავაზობდა ნახევარ მილიონს, რომ ჩვენება შემეცვალა, საზღვარზე რომ გადახვალ, ფულს მერე მოგცემენო, თუმცა მე შევამჩნიე, რომ კამერა ჰქონდა დამონტაჟებული”, – განაცხადა აბესაძემ. მან ასევე განაცხადა, რომ ძველი მთავრობის პირობებში მის ბიზნესზე ზეწოლა ხორციელდებოდა:

“ოქრუაშვილმა და მიშას ძმამ წამართვეს ბიზნესი და გამასამართლეს 1995 წელს მომხდარი ყაჩაღობისთვის, ასევე წამართვეს ბინა წყნეთში , ახლა ვაპირებ, რომ შევიტანო სარჩელი ყველა იმ ბიზნესისთვის, რაც წამართვეს წინა მთავრობის პირობებში”, – განაცხადა აბესაძემ.

“გაჩეჩილაძის მიტინგზე იყავით თუ არა ჩანერგილი?”, – ასეთი შეკითხვით მიმართა ბაჩო ახალაიას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა აბესაძეს, რაზეც მისგან შემდეგი პასუხი მიიღო:


“მე იმ პერიოდში ოპოზიციას ვაფინანსებდი, ამიტომ აღმოვჩნდი ამ აქციაზე”

ბაჩო ახალაიას ადვოკატი ასევე დაინტერესდა დაზარალებულის შვილის სამუშაო ადგილით, დაზარალებულისგან შეეცადა მიეღო პასუხი შეკითხვაზე, იყო თუ არა აბესაძე კუდ–ის აგენტი.

პირველ ეპიზოდთან დაკავშირებით მოწმეთა დაკითხვის შემდეგ მოწმეთა დაკითხვა გაგრძელდა მეორე ეპიზოდთან დაკავშირებით. დაიკითხა შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის დანაყოფის წევრი იოსებ ზურაბიშვილი. მან დეტალურად აღწერა, თუ როგორ მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ახალაიამ, კალანდაძემ და სხვა პირებმა, როგორ ჩაკეტეს სამი დღის განმავლობაში აბანოში, ასევე გადაუღეს ფოტოები წელს ზემოთ შიშვლებს და დაემუქრნენ ფოტოების გამოქვეყნებით. მოწმის განცხადებით, ამ პერიოდში მათ ჩამორთმეული ჰქონდათ ტელეფონი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მართვის მოწმობა და სხვა დოკუმენტები.

“ამ ყველაფრის შემდეგ მოგვაწყეს, მოვიდნენ ახალაია და კალანდაძე, რომელმაც ხელწერილი დაგვაწერინა, რომ ჩვენ ვიყავით დამნაშავეები”, – განაცხადა იოსებ ზურაბიშვილმა.

დაცვის მხარემ დღეს ამ ორი ეპიზოდის გაერთიანების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

როლანდ ახალაია ბაჩო ახალაიას პროცესზე
როლანდ ახალაია ბაჩო ახალაიას პროცესზე

მასალების გადაბეჭდვის წესი