აშშ–ის სავაჭრო პალატამ და საერთაშორისო სავაჭრო პალატამ, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით ასიათასობით ბიზნესორგანიზაციას წარმოადგენენ, დღეს, 15 აპრილს, წარმოადგინეს რეკომენდაციები შრომის კოდექსის პროექტთან დაკავშირებით. აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა უახლოეს დღეებში მეორე მოსმენით უნდა განიხილოს.
აშშ–ის სავაჭრო პალატა მიიჩნევს, რომ სასწრაფოდ გადასახედია კანონპროექტის გარკვეული მუხლები, კერძოდ – კომპანიებს უნდა შეეძლოთ ერთწლიანი ხელშეკრულებების გაფორმება, რადგან ეს ხელს უწყობს სტაბილურ დასაქმებას, უკეთეს ფინანსურ და ადმინისტრაციულ დაგეგმვას კომპანიებისთვის. რაც შეხება საერთაშორისო სავაჭრო პალატას, მისი მოსაზრებით, პრობლემურია შრომის კოდექსიდან ფიქსირებული ვადის ხელშეკრულებების დებულების ამოღება. კერძოდ, ახლანდელი შრომის კოდექსის პროექტის მიხედვით, სავალდებულოა დასაქმების უვადო ხელშეკრულებები:
“აღნიშნული მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს კონკურენციასა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე და ხელს შეუწყობს
არაოფიციალურ დასაქმებას”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც “ICC-საქართველო”(საერთაშორისო სავაჭრო პალატა) ავრცელებს და რეკომენდაციას იძლევა, რომ განახლებული შრომის კოდექსით ნებადართული იყოს ფიქსირებული ვადის ხელშეკრულებები.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი უსაფუძვლოს უწოდებს აღნიშნულ პრეტენზიას და აცხადებს, რომ ახალი შრომის კოდექსი ითავლისწინებს როგორც ვადიან, ისე უვადო შრომით ხელშეკრულებებს.
“აქ მე ვერ ვხედავ პრობლემას, რომ ახალი შრომის კოდექსით დამსაქმებლებს შეეზღუდებათ უფლება, დადონ მუშაკებთან ერთწლიანი შრომითი ხელშეკრულებები. როგორც არსებული, ისე ახალი პროექტით დამსაქმებელს უნარჩუნდება დასაქმებულის გამოსაცდელი ვადით სამუშაოზე აყვანა. გამოსაცდელი ვადა შესაძლოა 3–6 თვე იყოს, რაც აძლევს საშუალებას დამსაქმებელს, დარწმუნდეს დასაქმებულის კვალიფიციურობაში და დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობის შესაბამისობაში“, – ამბობს ზაქარია ქუცნაშვილი. მისივე მოსაზრებით, უვადო ხელშეკრულების გაფორმება დასაქმებულისადმი ნდობის და პატივისცემის გამოხატულებაა.
აშშ–ის სავაჭრო პალატის მორიგი რეკომენდაცია ეხება შრომის კოდექსის იმ მონაკვეთს, რომლის მიხედვითაც კომპანიებს ეკრძალებათ შრომით ხელშეკრულებაში ჩადონ ურთიერთშეთანხმებული პირობა, რომელიც აუკრძალავდა დასაქმებულს, გამოეყენებინა კონფიდენციალური ცოდნა და ინფორმაცია მიღებულ სამუშაო ადგილზე სამუშაოს დატოვებიდან გარკვეული დროის განმავლობაში და ასევე აუკრძალავდა სენსიტიური ინფორმაციის მიწოდებას დამსაქმებლის კონკურენტებისთვის. სავაჭრო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული წარმოადგენს სტანდარტულ დებულებას ევროპულ და ამერიკულ შრომით ხელშეკრულებებში და საქართველო შექმნის შემაკავებელ გარემოებას უცხოური ინვესტიციებისთვის და დიდ სირთულეს შეუქმნის ადგილობრივ დამსაქმებლებს, თუ ასეთ სტანდარტულ სახელშეკრულებო დათქმას უკანონოდ აქცევს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზარია ქუჩნაშვილის მოსაზრებით, ეს არ არის საკვანძო საკითხი შრომის კოდექსში და მისი მოგვარება ადვილად შეიძლება.
„მე ვფიქრობ, რომ ამ ნაწილში არასწორ კომუნიკაციასთან გვაქვს ადგილი. მოსაზრება იმის თაობაზე, რომ დასაქმებულის მიერ სამუშაო ადგილზე ცნობილი ინფორმაცია თავისი არსით თუ არის კომერციული, ან პერსონალური საიდუმლოება, მას ისედაც აქვს ვალდებულება დაიცვას ეს საიდუმლო. რაც შეეხება ინტელექტუალურ ცოდნას, ის არ განვასხვავოთ ინტელექტუალური საკუთრებისაგან, არ შეიძლება. ინტელექტუალური საკუთრება კანონმდებლობით დაცულია, ხოლო ინფორმაცია ინტელექტუალური საკუთრების შესახებ რა ფორმით უნდა იყოს დაცული, დამუშავების შემთხვევაში ეს საკითხი ადვილად გადასაწყვეტი იქნება“, – განუცხადა ქუცნაშვილმა „ნეტგაზეთს“.
მისივე მოსაზრებით, ასევე ნაკლებრობლემურია საკითხი, რომელიც ეხება კვირაში დასაქმებულის 40–საათიან სამუშაო დროს. აშშ–ის სავაჭრო პალატის მოსაზრებით, ზოგიერთი სპეციფიკური სამუშაო (დაცვის სამსახური, სამედიცინო დაწესებულებები, საწარმოები, საჰაერო კონტროლი და ა.შ.) მოითხოვს მოქნილ სამუშაო დროს კვირის განმავლობაში. ზოგიერთ სამუშაოზე ერთი კვირა შესაძლებელია სამუშაო დრო 40 საათზე მეტიც იყოს, ხოლო შემდეგი კვირა- 40 საათზე ნაკლები. ზოგიერთ კომპანიას აქვს 2 კვირა სამუშაო და შემდეგი ორი კვირა დასვენება და დასაქმებულებისთვის ასეთი გრაფიკი მისაღები და სასურველია. კანონმდებლობით შესაძლებელი უნდა იყოს, რომ მხარეთა შეთანხმებით კვირის სამუშაო დრო განისაზღვროს 40 საათზე მეტით და ეს კომპენსირდებოდეს შესაბამისი დასვენების დროით;
„ეს არ შეიძლება გახდეს ამ შრომის კოდექსის დაწუნების საფუძველი. ეს არის მცირე დეტალი და არა არსებითი ხასიათის შენიშვნა. სამუშაო გრაფიკი მოლაპარაკების საგანია, მაგრამ სასრწრაფოს, მაღაროსა და სხვა მსგავს სამსახურებში დასაქმებულებისთვის ყოველგვარი 40 -საათიანი სამუშაო გრაფიკი იყო დარღვეული“, – მიიჩნევს პარლამენტარი და დასძენს, რომ ადამიანები აქამდე მუშაობდნენ მონურ პირობებში, რომ არ დაეკარგათ მძიმე, დაბალანაზღაურებადი, მაგრამ მათთვის მნიშვნელოვანი სამსახური
აშშ–ის სავაჭრო პალატის შენიშვნა ასევე ეხება შრომის კოდექსის პროექტის იმ მუხლს, რომლის მიხედვითაც პირის 3 თვეზე მეტი ვადით დასაქმების შემთხვევაში აუციელებლი ხდება მასთან წერილობითი ხელშეკრულების გაფორმება.
„ეს არარეალურია. მცირე და საშუალო კომპანიებს დააწვებათ დიდი ადმინისტრაციული და ფინანსური ხარჯი იმისთვის, რომ ხელშეკრულება გაუფორმონ ყველა დასაქმებულს, ვისაც 3 თვეზე მეტი ვადით აიყვანენ სამუშაოდ“ ,– ასეთია აშშ–ის სავაჭრო პალატის მთავარი არგუმენტი ამ საკითხთან დაკავშირებით.
ზაქარია ქუცნაშვილი არც ამ შენიშვნას ეთანხმება და აცხადებს, რომ ხელშეკრულების 1 ფურცლისთვის გაწეული დამატებითი ხარჯი გაცილებით ნაკლები ღირებულებისაა, ვიდრე თუნდაც 1 ადამიანის მინიმალური შრომითი უფლების დაცვა.
მორიგი საკითხი, რომელსაც პრობლემურად მიიჩნევს საერთაშორისო სავაჭრო პალატა, ეხება დამქირავებლებისთვის დასაქმების ხელშეკრულებების შეწყვეტის შესაძლებლობის შეზღუდვას. ახლანდელი შრომის კოდექსის პროექტის მიხედვით, აღარ არის ნებადართული დამქირავებლების მიერ დასაქმების ხელშეკრულებების ცალმხრივი გაწყვეტა. დასაქმების ხელშეკრულებების გაუქმება ნებადართული იქნება მხოლოდ შრომის კოდექსით განსაზღვრული გარკვეული რაოდენობის მიზეზების საფუძველზე.
ICC-საქართველო რეკომენდაციას იძლევა, დამსაქმებლებს შეუნარჩუნდეთ დასაქმების ხელშეკრულებების ცალმხრივად შეწყვეტის უფლება, სამართლიანი და ადეკვატური საფუძვლის წარდგენით და დასაქმებულების კომპენსირებით.
“ზემოაღნიშნული ცვლილებები გამოიწვევს უამრავ სასამართლო დავას, რაც კომპანიებს აიძულებს დროის და რესურსების ხარჯვას დავებზე. ცვლილებები უზარმაზარ ზეგავლენას მოახდენენ მცირე და საშუალო ბიზნესებზე, რომელთათვის სათანადო ადამიანური რესურსების მენეჯმენტის სისტემები მიუწვდომელია. აღნიშნული ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესების მიერ არაოფიციალურ დასაქმებას”, – ნათქვამია ICC-საქართველოს განცხადებაში.
„ჩვენ არ ვიზიარებთ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესაძლებლობას. მიგვაჩნია, რომ ცალმხრივად შეწყვეტის უფლებაც უნდა იყოს გამართლებული, საფუძვლიანი. თუ გეპარება პიროვნებაში ეჭვი, აიყვანე გამოსაცდელი ვადით, მერე გაუფორმე 1–2- წლიანი ხელშეკრულება. თუ რამეს დაარღვევს, დარღვევის საფუძვლით გაათავისუფლე, თუ რამე ტექნოლოგიას დანერგავ საწარმოში და აღარ გჭირდება 100 მუშაკი და მხოლოდ 20 საკმარისია, გაქვს მათი გათავისუფლების უფლება, თუ ეკონომიკური კრიზისი დაისადგურებს, ესეც გაძლევს უფლებას, მაგრამ თუ არც ერთი ეს მიზეზი არ არის, მუშაკი ჯეროვნად ასრულებს თავის მოვალეობას და უცებ მოგინდეს მისი გათავისუფლება, ასე არ უნდა იყოს, ის ადამიანია და არა მონა“, – ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის დამოკიდებულება აღნიშნული შენიშვნისადმი.
საქრთველოს პარლამენტმა შრომის კოდექსი მეორე მოსმენით უახლოეს პლენარულ სხდომაზე მიმდინარე კვირას უნდა განიხილოს.