სამართალი

შსს–ს გენინსპექციამ ცოტნე მამულაშვილის საქმესთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო

20 მარტი, 2013 • • 1418
შსს–ს გენინსპექციამ ცოტნე მამულაშვილის საქმესთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო

როგორც გენერალური ინსპექციიდან “ნეტგაზეთს” აცნობეს, მოკვლევის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას

ფოტო ცოტნე მამულაშვილის მხარდასაჭერად ფეისბუქში გახსნილი ჯგუფიდან
ფოტო ცოტნე მამულაშვილის მხარდასაჭერად ფეისბუქში გახსნილი ჯგუფიდან

მიაწვდიან განმცხადებელს და უფლება არა აქვთ ეს ინფორმაცია მესამე პირს მიაწოდონ.

 

ჯაბა ლომიძის მიმართ პოლიციელთა ძალადობის შესახებ განცხადება შსს–ს გენერალურ ინსპექციაში 7 მარტს შეიტანა „ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა არჩილ შოშიკელაშვილმა.

 

ჯაბა ლომიძე გია თორთლაძის “საქართველოს დემოკრატიული პარტიის” წევრის, მაია ორჯონიკიძის შვილ ცოტნე მამულაშვილთან ერთად ყაჩაღობის ბრალდებით 2013 წლის თებერვალში დააკავეს.

 

ავტოლომბარდის დაყაჩაღებასთან დაკავშირებით, ლომიძისა და მამულაშვილის გარდა, კიდევ ორი პირია დაკავებული – მამუკა ბაყაშვილი და ლაშა ჯამბაზიშვილი. ოთხივეს ბრალი წაყენებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 179–ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, რაც გულისხმობს ყაჩაღობას ჯგუფურად და ითვალისწინებს პატიმრობას 5–დან 7 წლამდე.

 

ცოტნე მამულაშვილის ოჯახი და „ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის“ წარმომადგენელი ალექს შოშიკელაშვილი, რომელიც მონიტორინგს უწევს აღნიშნულ საქმეს, მიიჩნევენ, რომ სამართალდამცავებმა ცოტნე მამულაშვილი დედის, მაია ორჯონიკიძის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით დააკავეს და აღნიშნული ბრალდება შეთითხნილია.

 

ალექს შოშიკელაშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ მან მარტის დასაწყისში გლდანის #8 საპყრობილეში მოინახულა ბრალდებული ჯაბა ლომიძე, რომელსაც არ ჰყავს ადვოკატი და მისგან მოისმინა, თუ როგორ იძალადეს მასზე პოლიციელებმა, რათა მისგან მიეღოთ აღიარებითი ჩვენება, რომელშიც დადანაშაულებული იქნებოდა ცოტნე მამულაშვილიც.

შოშიკელაშვილის განცხადებით, მას ჯაბა ლომიძემ აღუწერა, თუ რა სახის ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მას პოლიციელებმა და როგორ გამოიყურებოდნენ აღნიშნული პოლიციელები. ამის შემდეგ შოშიკელაშვილმა მიმართა შსს–ს გენინსპექციას რეაგირების მოთხოვნით. ის ასევე ითხოვს ჯაბა ლომიძისთვის სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას.

 

ალექს შოშიკელაშვილმა “ფეისბუქში” გამოაქვეყნა წერილი, რომელიც, მისივე მტკიცებით, ჯაბა ლომიძის მონაყოლია პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე:

 

“პოლიციამ დამაკავა ყველანაირი ახსნა–განმარტების გარეშე. წამიყვანეს პოლიციის განყოფილებაში (გურამიშვილის გამზირზე). პოლიციის შენობაში ამიყვანეს მეორე სართულზე, კიბის მარჯვნივ, ბოლო ოთახში. ოთახი მინის კედლებით იყო, თუმცა ე.წ. ფარდა- ჟალუზები ჩამოწეული იყო და გარედან არაფერი ჩანდა.

პოლიციაში წინ დამიდეს სურათები, მათ შორის, ცოტნე მამულაშვილის და მომთხოვეს, რომ ჩვენება მიმეცა ამ პირების წინააღმდეგ, ვითომ მე მათთან ერთად ჩავიდინე ყაჩაღობა. მე უარი განვაცხადე, ვინაიდან მსგავსი ფაქტი არ მომხდარა, რის შემდგომაც პოლიციელებმა დამიწყეს სასტიკი ცემა. მცემდა დაახლოებით 10 პოლიციელი თითქმის ერთი საათის განმავლობაში. ოთახში მყოფი პოლიციელები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. ჩემი ცემა რომ მოწყინდებოდათ, ოთახიდან გადიოდნენ და მერე სხვა პოლიციელები შემოდიოდნენ. ცემას მე გარკვეულწილად ვიტანდი და ტყუილად არ ვიბრალებდი დანაშაულს, რის შემდგომაც ერთ–ერთმა პოლიციელმა, რომელიც იყო დაახლოებით ჩემი სიმაღლის (175 სმ), უფრო სრული აღნაგობის, წინიდან მცირედ შემელოტებული ქერა თმით, მომიარა უკანა მხრიდან და ე.წ. დუბინკა (რეზინის ჯოხი) მომიჭირა ყელზე და ორივე ხელით მთელი ძალით იზიდავდა თავისკენ. მე ხელებით დავიჭირე რეზინის ჯოხი, თუმცა სხვა პოლიციელებმა ხელები გამიკავეს. მე ამ ძალადობის გამო სუნთქვა შემიჩერდა და გონების დაკარგვამდე მივდიოდი. როდესაც პოლიციელები თავს მანებებდნენ, შემდეგ მთხოვდნენ, რომ დავთანხმებულიყავი მათ მოთხოვნას. მსგავსი ხასიათის ძალადობა განმეორდა ხუთჯერ და პოლიციელებმა ფაქტიურად სიკვდილის პირას მიმიყვანეს. მე უკვე ვეღარ გავუძელი ამდენ წამებას და პოლიციელებს განვუცხადე, რომ ყველაფერს გავაკეთებდი მათი სურვილისამებრ, ოღონდ ჩემი წამება დაემთავრებინათ.

ამის შემდეგ დაიწყო ჩემი დაკითხვა ვიდეოკამერის წინ. პირველი ჩანაწერი პოლიციას არ მოეწონა, ამიტომ მეორედ მომაყოლეს ის ტექსტი, რაც მათ წინასწარ შემითანხმეს. იმდენად განადგურებული ვიყავი იმით, რომ უდანაშაულო ადამიანებს ხელს ვადებდი, რომ თავის მოკვლაც კი მქონდა გადაწყვეტილი, თუმცა ვერ შევძელი.

დღემდე ჩემთან ადვოკატი არ შემოსულა. სასამართლოზე მოვითხოვე ადვოკატი, თუმცა არ დამინიშნეს. არ ვიცი, როგორ დავიცვა ჩემი უფლებები. სამართლებრივად იქნებ ვინმე დამეხმაროს ჩემი უფლებების დასაცავად. აქ, საპატიმრო დაწესებულებაში არავინ მცემს, აქ ასეთ საფრთხეს ვერ ვხედავ, რის გამოც გადავწყვიტე ჩემი უფლებების დაცვა”.

 

“ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის” წარმომადგენელი არჩილ შოშიკელაშვილი ამბობს, რომ ნახა საქმის მასალები, სადაც ჯაბა ლომიძის აღიარებითი ჩვენებისა და დაზარალებულის ამოცნობის ოქმის გარდა, სხვა მტკიცებულებები არ დევს.

შოშიკელაშვილის თქმით, ცოტნე მამულაშვილი ჯაბა ლომიძეს იცნობდა მხოლოდ იმიტომ, რომ ლომიძე არის მანქანის ხელოსანი, ცოტნეს დედას ჰყავს ავტომობილი BMW, რომელსაც წინა ფრთა, ე.წ. კრილო ჰქონდა დაზიანებული და ცოტნემ მისი შეკეთება ჯაბა ლომიძეს სთხოვა 2013 წლის იანვარში. სხვა სახის კავშირი მათ შორის არ ყოფილა. რაც შეეხება მამუკა ბაყაშვილს, რომელიც საქმეში ორგანიზატორად ფიგურირებს, შოშიკელაშვილის მტკიცებით, არის ხელოსანი და მასთან ცოტნე მამულაშვილს არანაირი კავშირი არ ჰქონია, არ იცნობდა.

 

“მოტივი, რასაც უკავშირებს ცოტნე თავის დაკავებას, არის ის, რომ ცოტნეს დედა მაია ორჯონიკიძე არის პოლიტიკურად აქტიური პირი, პრეზიდენტისა და “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი. მას ჰქონდა ძალიან მკვეთრი განცხადებები როგორც ტელევიზიაში, ისე სოციალურ ქსელში”, – განუცხადა არჩილ შოშიკელაშვილმა “ნეტგაზეთს”.

 

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე წლის 5 აპრილს დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი