სამართალი

“თელასის” საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

5 მარტი, 2013 • 1499
“თელასის” საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

საქმეს მოსამართლე დავით ჯუღელი განიხილავს. წინასასამართლო სხდომაზე დაცვის და ბრალდების მხარეებმა იმ მტკიცებულებების ნუსხა წაიკითხეს, რომელიც უნდა განიხილონ საქმის არსებითი განხილვისას.

სახელმწიფო ბრალდებას საქმეში პროკურორები კონსტანტინე ყიფიანი და რევაზ ბაღაშვილი წარმოადგენენ.

პროკურატურამ აღნიშნულ საქმეში მტკიცებულებად 61 პირის დაკითხვის ოქმი წარმოადგინა, ხოლო დასაკითხ პირთა სიაში 63 პირია შეყვანილი.

მოსამართლე ნახევარ საათზე მეტი პროკურორ ბაღაშვილთან ერთად საქმეში წარმოდგენილ სხვადასხვა დოკუმენტებში არსებულ ტექნიკურ ხარვეზებს ასწორებდა. საქმე სულ 13 ტომისგან შედგება.

ერთ–ერთი ბრალდებულის, დევი კანდელაკის ადვოკატებს მოსამართლემ შენიშვნა მისცა, რადგან მათ სასამართლო პროცესზე მოითხოვეს თავიანთ მტკიცებულებად იმ მტკიცებულებების დართვა, რომელიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა, თვითონ კი ეს მტკიცებულებები დოკუმენტურად არ ჰქონდათ წარმოდგენილი.

საქმეში, რომელიც ქრთამის აღებას ეხება, ბრალდებულები არიან: “რუსთავი 2”–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, ასევე, კახაბერ დამენია, იზაბელა გუტიძე, გიორგი ნემსიწვერიძე, დევი კანდელაკი და აშოტ მანუკიანი. შვიდი ბრალდებულიდან სასამართლო პროცესს ექვსი ესწრება, მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვთ შეფარდებული, რაც შეეხება სომხეთის მოქალაქე აშოტ მანუკიანს, მას პატიმრობა აქვს შეფარდებული და იძებნება.

გამოძიების ცნობით, ნიკა გვარამია იყო ალექსანდრე ხეთაგურის ნდობით აღჭურვილი პირი “კონკრეტული დანაშაულებრივი სქემის შემუშავებისა და განხორციელებისათვის”, რომლის შედეგადაც მას 1 მილიონი აშშ დოლარის ქრთამი უნდა აეღო “ინტერ რაოსგან”. გამოძიების ვერსიით, გვარამიამ შეაქმნევინა მის მეგობარს – გიორგი ნემსიწვერიძეს შპს „ელენდეფ სერვისი“ 2012 წლის 26 ივლისს, ხოლო შემდეგ ამ ფირმის ანგარიშზე ჩაირიცხა ფულადი თანხები, ჯამში, 1 მილიონი აშშ დოლარი, „ინტერ რაო ესის“ კუთვნილი ენერგოკომოპანიებიდან – სს “ხრამჰესს 1,”  “ხრამჰესი 2”, ასევე, “ მტკვარი ენერგეტიკი”–დან და „თელასიდან“.

მასალების გადაბეჭდვის წესი