დარბაზი ახალაიას ტაშით და ფეხზე ადგომით შეხვდა.  მოსამართლე ეკა არეშიძემ პროცესი იმ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების გაცნობით დაიწყო, თუ რა იქნება დაშვებული მტკიცებულებად და ვინ დაიკითხება საქმის არსებითი განხილვისას.   სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბაჩანა ახალაიას სასამართლო პროცესზე არ დაიკითხებიან არც მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი და არც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. მოსამართლის განცხადებით, არ იქნა წარმოდგენილი კონკრეტული გარემოება, რომლის შესახებაც აღნიშნული პირების დაკითხვა აუცილებელია. 

 

სასამართლომ მტკიცებულებად დაუშვა ბიბისის ფილმი ახალაიაზე, თეა თუთბერიძის მიერ მოპოვებული მასალა, რომელიც 2 დისკზეა მოცემული, ზვიად ძიძიგურის და მაია ფანჯიკიძის განცხადებები, ნატოს გენერალური მდივნის განცხადება ყოფილ მაღაჩნოსნებთან დაკავშირებით და სხვა. 

 

მას შემდეგ, რაც არეშიძემ იმ მტკიცებულებათა ნუსხა ჩამოთვალა, რომელიც სასამართლო პროცესზე მტკიცებულებად დამტკიცდა, დაცვის და ბრალდების მხარეს კითხვით მიმართა, ჰქონდათ თუ არა მათ სხვა შუამდგომლობები. 

 

ბაჩანა ახალაიას ადვოკატმა დავით დეკანოიძემ სასამართლოს განუცხადა, რომ ახალაიას ბრალდებებთან დაკავშირებით ორი საქმე გაერთიანდა,  მას კი თითოეულზე ცალ–ცალკე აქვს წინასწარი პატიმრობა შეფარდებული.  დაცვის მხარემ ერთზე წინასწარი პატიმრობის გაუქმება, მეორეზე კი, 50 000 ლარიანი გირაოთი შეცვლა მოითხოვა.  

 

ადვოკატმა ასევე განმარტა, თუ რატომ უნდა შეეცვალოს ახალაიას  წინასწარი პატიმრობა გირაოთი. მისი თქმით, ყოფილი შს მინისტრის საქმეზე ძიება დასრულებულია, მტკიცებულებები გადაცემულია სასამართლოსთვის და არ არსებობს ის გარემოებები, რომელთაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 198–ე მუხლი  ასახელებს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნად და საფუძვლად.  კერძოდ, მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენის საშიშროება, დანაშაულის განმეორებით ჩადენის, მტკიცებულებების განადგურების და მიმალვის საშიშროება. 

 

ადვოკატ დეკანოიძის არგუმენტებს  ახალაიას მეორე ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა თავისი არგუმენტები დაამატა. მისი თქმით, მოწმეები, რომლებიც ბრალდებას ჰყავს წარმოდგენილი, ვერაფერს ადასტურებენ და თუმცა კანონი არ იძლევა საშუალებას, “იმის საფუძველი უფროა, ბრალდების მხარეს შეეფარდოს აღკვეთის ღონისძიება”– განაცხადა ველიჯანაშვილმა 

 

ადვოკატების გამოსვლის შემდეგ ბრალდებულმა ბაჩანა ახალაიამაც ითხოვა სიტყვა. მან განაცხადა, რომ მისი თავისუფლებაში ყოფნა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისთვის აუცილებელია და იმ თვეების განმავლობაში, რაც ის წინასწარ პატიმრობაშია, არ დაკითხულა და მხოლოდ ბრალის წაყენებისას დაიკითხა.  ასევე მან განაცხადა, რომ იგი კვალიფიციურად მოემზადება  საქმის არსებითი განხილვისთვის, იმ კითხვებისთვის, რომელიც ამ პროცესში უნდა დაისვას, ციხიდან კი ამის გაკეთება  შეუძლებელია.

 

“იმიტომ კი არ მინდა თავისუფლება, რომ სახლიდან ვიარო სასამართლო პროცესზე, ესეც მინდა, რა თქმა უნდა, მაგრამ რეალურად საქმეს ჭირდება, რომ მე მქონდეს შესაძლებლობა სრულად გამოვიძიო, ერთხელაც არ ვარ დაკითხული”– განაცხადა ახალაიამ. 

 

დაცვის მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმნენ ბრალდების მხარის წარმომადგენლები, პროკურორების განცხადებით, მოწმის ჩვენება, ეს არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ და რადგან  საქმეში არსებულ მოწმეებს არ მიუციათ ჩვენება სასამართლოზე, მათზე ზეწოლის საშიშროება არსებობს. ერთ–ერთმა პროკურორმა ახსენა გაგა მკურნალიძე და მისი თქმით, მან ჩვენება მას შემდეგ შეცვალა, რაც ახალაია დარბაზში დაინახა და ეს ზეწოლად დაასახელა. 

 

პროკურორის ამ განცხადებას სასამართლო დარბაზში სიცილი მოჰყვა, რაზეც მოსამართლემ დამსწრეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისციპლინასთან დაკავშირებით შენიშვნები არაერთხელ გაისმა, ძირითადად უკმაყოფილებას პროკურორები გამოთქვამდნენ. მოსმართლე ეკა არეშიძემ განუმარტა დამსწრეებს, რომ თავი შეეკავებინათ ტაშისგან და სხვა ემოციური გამოვლინებებისაგან და შეახსენა, რომ სასამართლო უფლებამოსილია დახუროს პროცესი მხოლოდ თავისი გადაწყვეტილებით. 

 

პროკურორებმა ასევე შეურაცხმყოფელი და შეუფერებელი უწოდეს მალხაზ ველიჯანაშვილის კომენტარს, რომელშიც იგი ჰიპოთეტურად საუბრობს ბრალდების მხარისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე. პროკურორების განცხადებით, ველიჯანაშვილმა ადვოკატთა კოდექსი დაარღვია და ისინი ადვოკატთა ასოციაციას მიმართავენ  ამ საკითხთან დაკავშირებით. 

 

პროკურორებს უპასუხა მალხაზ ველიჯანაშვილმა. მისი თქმით, იგი არ გულისხმობდა პროცესზე წარმოდგენილ ბრალების მხარეს. მან განმარტა, რომ ბრალდების მხარეში მოიაზრებიან გამომძიებლები და მან სწორედ ის გამომძიებლები იგულისხმა, რომლებმაც მიმალვაში მყოფი მანუჩარ დარასელია და გიორგი კინწურაშვილი დაკითხეს.  

 

შეგახსენებთ, ბაჩო ახალაიას საქმეზე დაკითხული მანუჩარ დარასელიას ვიდეომიმართვა 12 ნოემბერს გავრცელდა, რომელშიც დარასელია აცხადებს, რომ ზვიად აბესაძის საქმეზე ჩვენება გამოძიებამ მას ძალით მიაცემინა.ზვიად აბესაძის საქმე შს და თავდაცვის ყოფილი მინისტრ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ერთ-ერთი ბრალდებაა, რომელიც მას თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით წაეყენა. ველიჯანაშვილის განმარტებით, სწორედ დარასელიაზე მომხდარ ზეწოლას გულისხმობდა. 

 

ბრალდების მხარემ ასევე გაიხსენა ახალაიას მიერ წინა სასამართლო სხდომაზე ნათქვამი სიტყვები, რომ მოწმეების 80 % მის სასარგებლოდ აღმოჩნდება. პროკურორების თქმით, ეს ზეწოლაზე მიანიშნებს. 

 

ბრალდები მხარის არგუმენტების შემდეგ ბაჩანა ახალაიამ კვლავ ითხოვა სიტყვა და მის მიერ ნათქვამი სიტყვები განმარტა: 

 

“მე ვგულისხმობდი ჩვენებებს, სადაც ძირითადად ფაქტობრივი გარემოებებია ასახული და ყველა ჩვენება ასეთია, რომ მე ვიყავი, ვთქვათ, სენაკში და ამას ადასტურებს ბევრი პირი. კი ბატონო, მე ვიყავი სენაკში, მეც ვადასტურებ, ჩემთვის დაესვათ და დავადასტურებდი. ჩვენ ვმუშაობდით, დავდიოდით, დავრბოდით. სერჟანტის საქმე მეტი არაფერი არაა, ჯარისკაცი უნდა არბენინოს, ჯარისკაცმა უნდა ირბინოს. მე სწორედ ფაქტობრივ გარემოებებს ვგულისხმობდი, როცა ამას ვამბობდი და არა იმას, რომ ვინმე ჩვენებას შეცვლის”– განაცხადა ახალაიამ. 

 

მოსამართლე ეკა არეშიძემ გადაწყვეტილების მისაღებად ნახევარი საათი ითხოვა და სასამართლო პროცესზე შესვენება გამოცხადდა. განახლებული სხდომაზე კი, მას შემდეგ, რაც არეშიძემ გადაწყვეტილება დაცვის მხარის შუამდგომლობის არდაკმაყოფილების შესახებ გამოაცხადა, მთელმა დარბაზმა სასამართლო სხდომა დატოვა, მათ შორის ახალაიას ოჯახის წევრებმა და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა- აკაკი მინაშვილმა და ჩიორა თაქთაქიშვილმა. 

 

პროცესი დატოვა თავად ბრალდებულმა ბაჩანა ახალაიამაც. მან მოსამართლეს მიმართა, შეეძლო თუ არა პროცესის დატოვება, რაზეც პასუხად მიიღო, რომ ეს ახალაიას თავისუფალი არჩევანია. შინაგან საქმეთა, თავდაცვის და სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი, სასამართლოს გადაწყვეტილებით, წინასწარპატიმრობაში დარჩა. 

 

პროკურატურამ ასევე დააყენა შუამდგომლობა, ახალაის საქმე განიხილონ ნაფიცმა მსაჯულებმა, თუმცა ეს საკითხი 5 მარტს დანიშნული წინასასმართლო სხდომაზე გაირკვევა.  სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მობილიზებული იყვნენ პატრულის თანამშრომლები. 

 

შეგახსენებთ, რომ საქმეზე, რომლის განხილვაც დღეს მიმდინარეობდა, ბაჩო ახალაის ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება(სსკ 333-ე მუხლის მესამე ნაწილი), თავისუფლების უკანონო აღკვეთა(სსკ 143-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები), ასევე, წამება(114–ე პრიმა მუხლი).

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *