სამართალი

ვინ დაისჯება და ვინ არა რობაქიძის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის

23 თებერვალი, 2013 •
ვინ დაისჯება და ვინ არა რობაქიძის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის

კონსტიტუციის 42–ე მუხლის იურისტი და ბუტა რობაქიძის თანმხლები პირის, გიორგი ქურდაძის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ პროკურატურა სისხლის სამართლის კანონმდებლობის მიხედვით ვერ აგებინებს პასუხს საქმეში ბრალდებულ პოლიციელებს ჩვენების შეცვლის გამო.

 

შეცვლილი ჩვენებები

 

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმის გამოძიება 2012 წლის შემოდგომაზე განახლდა. განახლებულ გამოძიებას განსხვავებული ჩვენებები მისცეს იმ დროს საქმეში მონაწილე პოლიციელებმა, რის გამოც მათ ნაწილს ბრალი წაუყენეს. ახალმა გამოძიებამ დაადგინა, რომ 2004 წლის 24 ნოემბერს  პატრულის თანამშრომელმა გიორგი ბაშალეიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა ბუტა რობაქიძე, ხოლო ბუტა რობაქიძის თანმხლები ახალგაზრდები ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ყალბი ბრალდებით მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში. მაშინ ოფიციალურად გაცხადდა, რომ რობაქიძე იყო შეიარაღებული და სამართალდამცავებთან ორმხრივ სროლას ემსხვერპლა.

 

2006 წლის 15 აგვისტოს თბილისის პროკურატურაში  დაიწყო გამოძიება ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე მტკიცებულებათა გაყალბების ფაქტზე. ამჟამინდელი პროკურატურის ცნობით, საქმის აღძვრა იმთავითვე ატარებდა ფორმალურ ხასიათს, გამიზნული იყო გარდაცვლილის  ოჯახის წევრთა თვალის ასახვევად და საზოგადოებრივი პროტესტის ჩასაცხრობად.

 

განახლებულ გამოძიებას ჩვენება მისცეს საქმეში მონაწილე პოლიციელებმა, რომელთა ნაწილმა განაცხადა, რომ რობაქიძის მკვლელობის ადგილზე იარაღი არ უნახავს, ხოლო ახალგაზრდებს იარაღი ჩაუდეს შსს–ს იმდროინდელმა მაღალჩინოსნებმა, რაც მოგვიანებით კამერით დააფიქსირეს.

 

მას შემდეგ, რაც რობაქიძის მკვლელობის კადრები გავრცელდა, 2013 წლის თებერვალში, საქმეზე ბრალდებულმა ყოფილმა სამართალდამცავმა, ირაკლი ფირცხალავამ განაცხადა, რომ  ახალი გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ ზეწოლა მოახდინა პოლიციელებზე და მათ ათქმევინა, რომ რობაქიძესა და მის მეგობრებს ავტომობილში იარაღი არ ჰქონდათ.

 

ახალი გამოძიების მხრიდან ზეწოლაზე ისაუბრა ყოფილმა პოლიციელმა ზურაბ მიქაძემ, რომელმაც გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის მაშინდელი უფროსის, ზაზა ბაქრაძის მითითებით დადო რობაქიძის მკვლლეობის ადგილზე იარაღები. ის ახლა ამბობს, რომ აღიარებითი  ჩვენება პროკურატურას ზეწოლისა და მოტყუების შედეგად მისცა.

 

საქმეზე მოწმის სტატუსით დაკითხულმა პოლიციელებმა, მაიზერ ლიპარტელიანმა და ლევან ლობჟანიძემ მიქაძის მსგავსად შეცვალეს ჩვენებები და განაცხადეს, რომ რობაქიძესა და მის თანხმლებ პირებს იარაღი ნამდვილად ჰქონდათ, რამდენიმე კვირის წინ კი აცხადებდნენ, რომ ისინი უიარაღოდ იყვნენ.

 

ჩვენებების შეცვლის გამო სოსო რობაქიძემ, ბუტა რობაიძის მამამ  22 თებერვალს პროკურატურისგან მოითხოვა ცრუ ჩვენების მიცემის გამო აღნიშნული პირების დაპატიმრება, ხოლო თუ ეს არ მოხდება, თავისი დაპატიმრება, რადგან გამოდის, რომ გამოძიებას მან მისცა არასწორი ჩვენება.


სასჯელი ცრუ ჩვენებისთვის

 

საქართველოს მთავარ პროკურატურაში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ „კანონის ფარგლებში ყველა ამ ქმედებას მიეცემა

ბუტა რობაქიძე
ბუტა რობაქიძე

სამართლებრივი შეფასება და შესწავლილი იქნება ყველა ქმედება, რომელიც შეიცავს კანონდარღვევას. გარდა ამისა, მოწმე ლობჟანიძესთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოაქვეყნა მის მიერ გამოძიებისთვის სხვადასხვა დროს მიცემული ჩვენებები. პროკურატურის განცხადებით, 23 თებერვალს კიდევ დაკითხავენ ყოფილ პოლიციელს და მის ქმედებას შემდეგ შეაფასებენ სამართლებრივად.

 

„საქმეში ბრალდებული პოლიციელები არ აგებენ პასუხს ცრუ ჩვენებისათვის, ვინაიდან ბრალდებულს აქვს უფლება მისცეს ჩვენება გამოძიებას და ის არ არის ვალდებული საკუთარი თავის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება. მას უფლება აქვს შემდეგ, გამოძიებას მისცეს საკუთარი თავისთვის სასარგებლო ჩვენება“, – განუცხადა „ნეტგაზეთს“ იურისტმა არჩილ ჩოფიკაშვილმა, რომელიც ამავე დროს რობაქიძის თანმხლები პირის, გიორგი ქურდაძის ინტერესებს იცავს.

 

იურისტის თქმით, ეს არ ეხება იმ პოლიციელებს, რომლებიც რობაქიძის მკვლელობის საქმეში მოწმის სტატუსი აქვთ.

 

როგორც არჩილ ჩოფიკაშვილი განმარტავს, თუ პიროვნება სარგებლობს მოწმის სტატუსით და ასეთი პირი იძლევა განსხვავებულ ჩვეენებებს, ის აუცილებლად დაისჯება კანონის შესაბამისად, რადგან მოწმე ვალდებულია გამოძიებას მისცეს სრულყოფილი და სწორი ჩვენება. 


მსგავსი რამ კი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სავარაუდოდ, მაიზერ ლიპარტელიანსა და ლევან ლობჟანიძეს ემუქრება, რადგან ისინი დაიკითხნენ როგორც მოწმეები.

 

სასამართლოს პასუხისმგებლობა

 

„კონსტიტუციის 42–ე მუხლის“ იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით ვიდეომასალის გამოქვეყნების შემდეგ საქმეში წარმოიშვა ახალი გარემოებები და პროკურატურამ ხელახლა უნდა მიმართოს სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების, გირაოს პატიმრობის შეცვლის მოთხოვნით.

 

“ბრალდებულ პოლიციელებს ჩვენების შეცვლის გამო პასუხს ვერავინ ვერ მოთხოვს, მაგრამ აქ დგება სასამართლოს პასუხისმგებლობის საკითხი. როცა პროკურატურა ითხოვდა ამ ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას,  როცა ისინი 9 წლის განმავლობაში იძლეოდნენ ცრუ ჩვენებებს, აყალბებდნენ მტკიცებულებებს, საზოგადოებას სხვადასხვა სახის ვერსიას სთავაზობდნენ და მოწმეებზე ცდილობდნენ სხვადასხვა გზით ზეგავლენის მოხდენას, ასეთ პირობებში ამ ბრალდებულებისათვის არასაპატიმრო აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებამ, ყველამ ვნახეთ, რა შედეგი გამოიღო: გაგრძელდა მათი მხრიდან სიცრუის ტირაჟირება, გრძელდება მათი მხრიდან მტკიცებულებების ფალსიფიცირება  და მოწმეებზე ზემოქმედება ძალიან წარმატებულად“, – მიიჩნევს არჩილ ჩოფიკაშვილი.

 

ის, როგორც გიორგი  ქურდაძის ადვოკატი, მოითხოვს პროკურატურისგან, სასამართლოს წინაშე დასვას საკითხი, ამ პირებს გირაოს ნაცვლად შეეფარდოთ პატიმრობა, რადგან მათი თავისუფლება უშლის ხელს გამოძიების მიზანს – დაადგინოს სიმართლე საქმესთან დაკავშირებით.

 

მოკლული ბუტა რობაქიძის მამამ პროკურატურას მოსთხოვა იმდროინდელი შს მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის პასუხისგებაში მიცემა.

 

22 თებერვალს ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ როგორც პოლიციელთა დაკითხვიდან და გამოძიების მასალებიდან ირკვევა, რობაქიძის მკვლელობის საქმის შესახებ ქვემდგომებისგან ირაკლი ოქრუაშვილი ინფორმირებული არ იყო. თუმცა, კბილაშვილის თქმით, ამას ის ეჭვის თვალით უყურებს. გარდა ამისა, მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ სანამ გავრცელებული მასალის შინაარსობრივ მხარეზე იმსჯელებენ, ჩანაწერი აშშ–ში, გერმანიასა და საქართველოში გაეგზავნება საექსპერტო დაწესებულებებს, რათა დადგინდეს მისი ნამდვილობის საკითხი.


ზიანის ანაზღაურება


სახელმწიფოსგან მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება აქვს განზრახული ბუტა რობაქიძის თანმხლებ პირს გიორგი ქურდაძეს. მან თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ მოთხოვნით სარჩელი 1 კვირის წინ შეიტანა.

 

“გიორგი ქურდაძის პატივი და ღირსება კიდევ ერთხელ ამ ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ შეილახა, თუმცა, ეს პირველად მოხდა 2004 წელს, როდესაც ყაჩაღურ–დანაშაულებრივ ჯგუფად გამოაცხადეს ეს ადამიანები, ბრალად წაუყენეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და იარაღის უკანონო ტარება. მათი ღირსება ამით შეილახა“, – განუცხადა „ნეტგაზეთს“ ქურდაძის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა. მისი თქმით, რობაქიძის მიზანია იმ ზიანის ანაზღაურება, რაც მან სახელმწიფოსგან 2004 წლიდან დღემდე მიიღო. თუმცა იურისტი დასძენს, რომ ყველაზე მეტად ამ მხრივ ბუტა რობაქიძის ოჯახი დაზარალდა, რომელსაც განმეორებითი დარტყმა მიაყენეს იმ ქართულმა ტელეარხებმა, რომლებმაც ეთერში აჩვენეს კადრები, თუ როგორ დაიღუპა ბუტა რობაქიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი