სამართალი

ახალი გარემოებები “ეი–ეს–თელასის” მენეჯერის მკვლელობის საქმეზე

28 იანვარი, 2013 • 1957
ახალი გარემოებები “ეი–ეს–თელასის” მენეჯერის მკვლელობის საქმეზე

ამის შესახებ დღეს, 28 იანვარს, გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე პროკურატურის დეპარტამენტის უფროსმა დავით ნიკოლაიშვილმა განაცხადა.

 

პროკურატურის განცხადებით, საქმის გამოძიებისას 2006 წლის 6 იანვარს აშშ–ის ფედერალური ბიუროს საექსპერტო დაწესებულებაში, ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, ლომინაძის მკვლელობის ადგილიდან ამოღებული თითის ანაბეჭდები, სიგარეტის ორი ნამწვი, ლომინაძის ტანსაცმელი და ბრალდებულების- ნიკა ჩემიას, ავთანდილ ხერკელაძის, გიორგი გვიჩიანის და ნოდარ გვიჩიანის ნერწყვის, თმის და თითის ანაბეჭდების ნიმუშები გაიგზავნა:


“2006 წლის 4 აპრილს საქართველოს მთავარ პროკურატურაში აშშ–ის გამოძების ფედერალური ბიუროდან შემოსული 31 მარტით დათარიღებული დასკვნით გამოირიცხა მკვლელობის ადგილიდან ამოღებულ სიგარეტის ნამწვებზე მკვლელობის შემსრულებლების ნიკა ჩემიას, ავთანდილ ხერკელაძის, გიორგი პაპაჩაშვილის და ნოდარ გვიჩიანის დე ენ ემის არსებობა, თუმცა არსებული დასკვნა სისხლის სამართლის საქმეს მტკიცებულებად არ დაერთო და საქმე ამ დასკვნის გარეშე წარიმართა სასამართლოში.

 

საქმეს ასევე არ დაერთო მტკიცებულებად 2006 წლის 8 თებერვალს ლაბორატორიაში წარმოდგენილი მასალებზე თმის და ბოჭკოების ანალიზის და კვლევის ჩაუტარებლობის შესახებ.

 

გარდა ამისა, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური ბიუროს დაწესებულებიდან საქართველოს პროკურატურაში შემოსულია დასკვნა. რომლის მიხედვითაც მკვლელობის ადგილიდან ამოღებული თითის ორი ანაბეჭდი არ წარმოადგენს მკვლელობის შემსრულებელთა- ნიკა ჩემიას, ავთანდილ ხერკელაძის გიორგი პაპაჩაშვილის და ნოდარ გვიჩიანის თითის ანაბეჭდებს. არც აღნიშნული დასკვნა არ დაერთო სისხლის სამართლის საქმეს და არ წარდგენილა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც 2007 წლის აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი დატოვა ძალაში.

 

ზემოთ ხსენებული ექსპერტიზის დასკვნები ზრდის ვარაუდს იმის შესახებ, რომ მკვლელობაში მსჯავრდებულ პირებს მკვლელობა არ ჩაუდენიათ. ასეთი ვარაუდი კიდევ უფრო საფუძვლიანი ხდებ,ა თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ქართულმა სასამართლოებმა გია გვიჩიანი დამამძიმებელ გარემოებებში მვლელობის ჩადენისთვის დამნაშავედ სცნო მხოლოდ ერთადერთი პირდაპირი ჩვენების საფუძველზე. იმ პირის ჩვენების საფუძველზე, რომელმაც ამ ჩვენების სანაცვლოდ თავისუფლება მოიპოვა”, – განაცხადა პროკურატურის დეპარტამენტის უფროსმა.

 

ახლად გამოვლენილი გარემოებების გათვალისწინებით, შუამდგომლობის დაყენების მიზნით ხსენებულ დოკუმენტები გია გვიჩიანის ადვოკატს გადაეცა, ხოლო იმის დასადგენად, თუ რატომ არ დაერთო აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნები საქმეს, პროკურატურამ გამოძიება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით დაიწყო.

 

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა, რომლის ორგანიზებაშიც გია გვიჩიანს ედება ბრალი, 2002 წლის 13 აგვისტოს მოხდა. ”ეი-ეს-თელასის” ფინანსური მენეჯერი ნიკა ლომინაძე საკუთარ ბინაში, ბახტრიონის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული და ხელფეხშეკრული იპოვეს. მკვლელობის გახსნილად გამოცხადების შემდეგ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემილ იქნენ: “ეი–ეს–თელასის” ფინანსური მენეჯერი გიორგი გვიჩიანი, როგორც მკვლელობის შემკვეთი, ნოდარ გვიჩიანი, როგორც შუამავალი შემკვეთს და მკვლელობის შემსრულებლებს შორის, ნიკა ჩემია, ავთანდილ ხერხელაძე და გიორგი პაპაჩაშვილი, როგორც მკვლელობის უშუალო შემსრულებლები.

გიორგი გვირჩიანის დაპატიმრებას, შემდგომ მის გასამართლებას საქართველოს სისხლის სამართლის 109-ე მუხლით საფუძვლად დაედო ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, ნოდარ გვიჩიანის მამხილებელი ჩვენება მკვლელობის შემკვეთის შესახებ, რის სანაცვლოდაც ამ უკანასკნელს, რომელსაც ჩადენილი ჰქონდა განსაკუთრებით მძიმე სხვა დანაშაულები, გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება და სრულიად გათავისუფლდა სასჯელისაგან.

გიორგი გვიჩიანი თავს უდანაშაულოდ თვლის, ის აცხადებდა, რომ მისი დაპატიმრება გირგვლიანის მკვლელობის გადაფარვის მიზნით მოხდა.

დანაშაული არ აღიარა მკვლელობის შემსრულებლის ბრალით გასამართლებულმა ნიკა ჩემიამაც და გიორგი გვიჩიანის მსგავსად მას უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი