თავდაცვის ყოფილი მინისტრი დღეს, 11 იანვარს, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა ოქრუაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის – გირაოთი, 15 000 ლარის ოდენობით შეცვლის თაობაზე.
ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. გირაოს თანხის გადახდის, ან შესაბამისი ღირებულების უძრავი ქონებით გირაოს უზრუნველყოფის ვადად განისაზღვრა 30 დღე.
სასამართლო განმარტავს, რომ აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხის განხილვისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ დაკითხულია საქმესთან დაკავშირებული თითქმის ყველა მოწმე და აღარ არსებობს ბრალდებულის მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, შესაბამისად, არ არსებობს სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისათვის ხელის შემშლელი ფაქტორები.
საქმის არსებითი განხილვა 15 იანვარს გაგრძელდება.