სამართალი

სერგო ჩაჩიბაია სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს

13 ნოემბერი, 2012 • 1819
სერგო ჩაჩიბაია სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს

ჩაჩიბაია მიმდინარე წლის 25 მარტს ზუგდიდის ერთ-ერთ ავტოსახელოსნოში უცხო პირთან შელაპარაკებისას დააკავეს. მას ბრალი დასდეს ცივი იარაღის ტარებასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში, რისთვისაც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 19 ივნისის განაჩენით, მას ოთხწლიანი პატიმრობა მიესაჯა.

 

სერგო ჩაჩიბაია მისმა თანაპარტიელებმა პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადეს. “თავისუფალი დემოკრატების” მაშინდელმა თავმჯდომარემ, ამჟამად კი თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, რომელიც კენჭს იყრიდა ზუგდიდის საარჩევნო ოლქში, კოალიცია “ქართული ოცნების” ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსად სიმბოლურად სწორედ სერგო ჩაჩიბაია დაასახელა მაშინ, როცა ის უკვე პატიმრობაში იმყოფებოდა. ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესებს, კოალიციის ლიდერების გარდა, ესწრებოდნენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების, NDI-სა და IRI-ის წარმომადგენლები. ერთ-ერთ პროცესზე, ირაკლი ალასანიამ განაცხადა:

 

“იმიტომ, რომ სერგოსნაირები, პოლიტიკური პატიმრები გამოვიყვანოთ ციხიდან, სერიოზული სამუშაო გვექნება ოქტომბრამდე გასაკეთებელი და ერთად ვაპირებთ, მეც აქ, თქვენთან ერთად ვიქნები, რომ ამ უსამართლობას არ მივცეთ გასაქანი”.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სერგო ჩაჩიბაიას დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა პირის ბრალეულობას შერაცხულ დანაშაულში.

მასალების გადაბეჭდვის წესი