სამართალი

პატიმარი ამბობს, რომ ბურჯანაძის მძღოლზე ზეწოლას აიძულებდნენ

24 ოქტომბერი, 2012 • • 984
პატიმარი ამბობს, რომ ბურჯანაძის მძღოლზე ზეწოლას აიძულებდნენ

დაჩი ცაგურია, რომელიც ციხეების საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრია, ლაშა გეწაძის სახურავიდან ჩამოსაყვანად გლდანის ციხეში დაუყოვნებლივ მივიდა. როგორც ცაგურია ამბობს, გეწაძის მიზანი იყო, რომ ცაგურიასა და ჟურნალისტებისთვის მოეყოლა, თუ როგორ აიძულებდა მას გლდანის ციხის ადმინისტრაცია ფიზიკურ ძალადობას ნინო ბურჯანაძის მძღოლ ივა ჩიღვინაძეზე, რომელიც 2011 წლის 26 მაისს, თბილისში აქციის დაშლის შემდეგ დააკავეს.

 

“მას უნდოდა, რომ ეს ამბავი შეეტყობინებინა სანდო ადამიანისთვის და ასეთი მისთვის მე აღმოვჩნდი, ასევე, ჟურნალისტებისთვის. სამწუხაროდ, ჟურნალისტები შემოსვლას ვერ შეძლებდნენ, ამიტომ ტელეფონით ესაუბრა “მაესტროს” ჟურნალისტს, რის შემდეგაც ჩამოვიდა და თავის საკანში დააბრუნეს”, – განუცხადა დაჩი ცაგუიამ “ნეტგაზეთს”. მისი თქმით, ამჟამად გეწაძის მდგომარეობა ნორმალურია და ციხის ადმინისტრაციას ის არ დაუსჯია წესების დარღვევისთვის.

 

“პირიქით, ის მადლობელია, რომ ახალი ადმინისტრაცია ადამიანურად ექცევა”, – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

 

ცაგურია იხსნებს პატიმარ ლაშა გეწაძის მონაყოლს, რომლის მიხედვითაც, მას შემდეგ , რაც ივა ჩიღვინაძე დააკავეს, გლდანის ციხის ადმინისტრაციამ შანტაჟითა და მუქარით აიძულა გეწაძე და კიდევ რამდენიმე პატიმარი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა მოეხდინათ ჩიღვინაძეზე, ამ მიზნით კი ისინი მის საკანში შეასახლეს.

 

“მას შემდეგ, რაც ციხის ადმინისტრაციას ეჭვი შეეპარა ლაშა გეწაძეში(რადგან ის მოჩვენებით ძალადობდა ჩიღვინაძეზე), დაიწყო ძალადობა გეწაძეზე, ასვე მისი წამება. თავდაღმა დაკიდეს, ხელჯოხს ურტყამდნენ. დააწერინეს, თითქოს, გეია. ამის შემდეგ ემუქრებოდნენ ამ ამბის გახმაურებას და ჰომოსექსუალთა საკანში ჩასმას”, – იხსენებს ლაშა გეწაძის მონაყოლს დაჩი ცაგურია.

 

მისი თქმით, გეწაძის მიზანი იყო მედიის ყურადღების მიქცევა და პროკურატურისთვის ჩვენების მიცემა მასზე განხორციელებულ ძალადობაზე, სწორედ ამ მიზნით აძვრა ის გლდანის ციხის პირველი კორპუსის სახურავზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი