სამართალი

ახალი გარემოებები 10 თვის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე

24 ოქტომბერი, 2012 • 1475
ახალი გარემოებები 10 თვის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე

გუშინ, 23 ოქტომბერს, ცნობილი გახდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგი, რომლის მიხედვითაც 10 თვის ჩვილი ასფიქსიით, სასუნთქ გზებში სითხის მოხვედრით გარდაიცვალა. მანამდე გარდაცვლილის ახლობლები ვარაუდობდნენ, რომ გატაცების დროს ბავშვი ატირდა, რის გამოც ჩვილს ხელი ააფარეს და შემთხვევით შემოაკვდათ, რადგან ბავშვი გაიგუდა და ამის შემდეგ ჩააგდეს ქვევრში.

 

გუშინვე დაზარალებულების ადვოკატებმა “ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადეს, რომ გამომძიებლები ზეწოლას ახდენდნენ გარდაცვლილი ბავშვის დედაზე იმ მოტივით, რომ მას შვილის სიკვდილში საკუთარი და – დალი მექერიშვილი დაედანაშაულებინა, რომელიც “ქართული ოცნების” წარმომადგენელი იყო სოფელში და რომელსაც ეჭვი აქვს, რომ ბავშვი პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა:

 

„თავს ვიმტრევ და ვერაფერს ვფიქრობ სხვას, რა უნდა გამხდარიყო ჩემი დისშვილის სიკვდილის მიზეზი, თუ არა პოლიტიკური მიზეზი?!“ – აცხადებს დალი მექერიშვილი.

 

სოფელ კოლაგის მოსახლეობა გაკვირვებულია იმით, რომ სამართალდამცავებმა ამ დრომდე ვერ იპოვეს ბავშვის მკვლელი:

 

„მთავრობაზე რამე ცუდი რომ გეთქვა ჩუმად, მაშინვე გაიგებდნენ და პოლიციაში წაგათრევდნენ. რა გახდა ეს ამბავი? რატომ ვერ მოძებნეს მკვლელი?!“- ამბობს კოლაგში მცხოვრები 81 წლის ქალბატონი “ნეტგაზეთთან” საუბარში.

 

10 თვის ბავშვის ოჯახი, რომელიც სოფელ კოლაგში ბავშვის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე გადავიდა საცხოვრებლად, უკვე აღარ ცხოვრობს ამ სოფელში. როგორც ბავშვის დეიდა ამბობს, მისი დისთვის მძიმე იყო იმავე სახლში ეცხოვრა, სადაც შვილი დაეღუპა.

ბავშვის დეიდა დალი მექერიშვილი მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებულ ფაქტებსა და ზეწოლაზე საუბრობს.

როგორც ირკვევა, შს მინისტრ ეკატერინე ზღულაძის დავალებით აღნიშნულ საქმეზე ოპერატიული დახმარების აღმოჩენის მიზნით თბილისდან გურჯაანში ჯგუფი მიავლინეს:

„მათ 12 ოქტომბერს ისე წაგვიყვანეს დაკითხვაზე გურჯაანის პოლიციაში, რომ ადვოკატების გაფრთხილებაც ვერ მოვასწარით. საშინელი ზეწოლის ქვეშ ვიყავით მე და ჩემი და, გვიყვიროდნენ და მუშტებს გვიბრახუნებდნენ, რომ ცრუ ჩვენებები მიგვეცა,“ – ამბობს გარდაცვლილი ბავშვის დეიდა, დალი მექერიშვილი.

„სანამ ბავშვი დაიღუპებოდა, რამდენიმე ხნით ადრე, ჩემი და მაწონზე წავიდა. როცა ბრუნდებოდა, გზაში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის – გიორგი ღვინიაშვილის ბიძაშვილის შვილების საუბარი გაიგო იმის შესახებ, რომ უბანში საშინელება დატრიალდებოდა. ამის შესახებ მე არ ვიცოდი, თუმცა დაკითხვის დროს სამართალდამცავები მაიძულებდნენ მეთქვა, რომ ვიცოდი. არ ვიცი, რაში ჭირდებათ ეს,“ – იხსენებს დალი მექერიშვილი.

როგორც ოჯახის ადვოკატებისგან, რომლებიც ამავე დროს “ქართული ოცნების” ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტეტის წევრები არიან, ირკვევა, ზღულაძის მიერ გაგზავნილი ჯგუფის მიერ ზეწოლა ბავშვის დედაზე თათია მექერიშვილზეც იყო, რომელსაც შვილის სიკვდილში დის დადანაშაულებას და „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი ღვინიაშვილის ბიძაშვილის შვილზე დადებით დახასიათებას აიძულებდნენ.

„ეუბნებოდნენ დაეწერა, რომ გიორგი მექერიშვილი არის ძალიან კარგი ადამიანი და ბავშვის გარდაცვალების ფაქტთან საერთო არაფერი ექნებოდა. ყველაფერში დამნაშავე კი მისი და იყო,“- ამბობს ბავშვის დედის ადვოკატი ლალი ბიწოშვილი.

მაშინ, როცა ლალი ბიწოშვილმა და ოჯახის მეორე ადვოკატმა ვარლამ  ხათრიძემ აღნიშნული ფაქტის შესახებ შეიტყვეს, გურჯაანის პოლიციაში მივიდნენ, თუმცა ზღულაძის მიერ მივლენილი ჯგუფის წევრები ადგილზე აღარ დახვდნენ.

„როგორც კი გაიგეს ჩემგან, რომ ჩვენი ადვოკატები უკვე ბაკურციხეში იყვნენ, ერთმანეთს ასწრებდნენ შენობიდან გასვლას,“ – ამბობს დალი მექერიშვილი.

ოქმები, რომელშიც დები ოპერატიული ჯგუფის მიერ აღნიშნულ ზეწოლებზე საუბრობენ, როგორც ადვოკატები განმარტავენ, მათი დაჟინებული მოთხოვნების საფუძველზე მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ დაიწერა.

იმ ფაქტს, რომ ზღულაძის დავალებით გურჯაანში წარგზავნილი ჯგუფი კანონსაწინააღმდეგოდ მოიქცა, ადვოკატები იმითაც ასაბუთებენ, რომ მათი თანდასწრებით და უშუალო ჩართულობით დაკითხვების დროს შედგენილ ოქმებში ჯგუფის წევრთა სახელები არ ფიქსირდება.

ვინ იყვნენ ეს ადამიანები, ვინც აღნიშნული დაკითხვები აწარმოა? – ეს ინფორმაცია ადვოკატებმა გურჯაანის სამმართველოდან გამოითხოვეს. მიღებულ საპასუხო წერილში კი, რომელსაც სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა სიბაშვილი აწერს ხელს, წერია, რომ აღნიშნულ ჯგუფში თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს უფროსის მოადგილე ზაზა ჭაია, თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს #1 განყოფილების უფროსის მაოდგილე კახაბერ სირაძე და დეტექტივების სამმართველოს #1 განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელები თამარ ზედგენიძე, თამარ გაგუა, გია გოროზია, ნუგზარ ნათელაშვილი, ვეფხია მაღრაძე და ზვიად ხატიაშვილი შედიან.

 

 გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრები, ადვოკატები და მეზობლები ამავე ჯგუფის წევრებს ადანაშაულებენ იმ სახლში უკანონოდ შესვლაში, სადაც ბავშვი გარდაიცვალა.

 

ყველა მათგანი ამბობს, რომ 12 ოქტომბერს, როდესაც ოჯახის ყველა წევრი პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იყო, თბილისიდან მივლენილი ჯგუფის ნაწილი მათ სახლში უნებართვოდ შევიდა.

თვითმხილველი მეზობლები კი ამბობენ, რომ რამდენჯერმე უთხრეს მათ იმის შესახებ, რომ სახლში არავინ იმყოფებოდა.

„სრულიად შემთხვევით მივიდა ჩემი ქმარიც შინ და ხედავს, რომ მთელ სახლს არიან მოდებულები. არ მოელოდნენ მის გამოჩენას, მაგრამ არ დაიბნენ. უცებ, ერთმა უთხრა, სანტიმეტრი მოგვიტანე, ქვევრის სიგრძე უნდა გავზომოო. როგორ, თუ გასაზომად მიდიხარ, არ უნდა გქონდეს თან სანტიმეტრი?“- ამბობს დალი მექერიშვილი.

წერილში კი, რომელშიც გურჯაანის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ადვოკატებთან ჯგუფის წევრების ვინაობას ასახელებს, წერია, რომ „ზემოაღნიშნულ პირებს რაიმე სახის საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებები არ განუხორციელებიათ.“

ამ ურთიერთგამომრიცხავი გარემოებების საკითხზე “ნეტგაზეთი” შსს-ს პრესსამსახურის უფროსს, სალომე მახარაძეს ორჯერ დაუკავშირდა. საბოლოოდ ის შეგვპირდა, რომ გაარკვევდა საკითხს და დაგვიკავშირდებოდა, თუმცა ამ დრომდე შსს-დან პასუხი არ არის.

ადვოკატები და გარდაცვლილი ბავშვის ოჯახი სწორედ ამ ჯგუფს უკავშირებს ბავშვის დეიდის შესახებ სოფელში ინფორმაციის შეგროვებას.

„ყველა ოჯახში შედიან და ჩემზე კითხულობენ, ლოთი ხომ არ ვარ, ან ხომ არ შემეძლო დისშვილის მოკვლა. წარმოგიდგენიათ, უნდათ ისევ ჩვენს ოჯახს შეაწმინდონ ხელი მაშინ, როდესაც კარგად იციან, ვინ არის დამნაშავე,“- ამბობს დალი მექერიშვილი.

თავად დალი მექერიშვილს კი მხოლოდ ეჭვები აქვს, ვის და რას უკავშირდება მისი დისშვილის გარდაცვალება.

ის იხსენებს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე იმ ზეწოლებსა და მუქარებს, რომელიც მისი და მისი ოჯახის მიმართ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის ბიძაშვილის შვილის, გიორგი მექერიშვილის მხრიდან ჰქონდა ადგილი.

„ბავშვის გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე, აი, აქ, სავარძელში დამხვდა, როცა სახლში დავბრუნდი. მითხრა, რომ დამესახელებინა თანხა და „ქართული ოცნებიდან“ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადავსულიყავი და ჩემი ოჯახისა და ნათესავების ხმები „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ ყოფილიყო. იმ დღეს არაფერი, მაგრამ მეორე დღეს, ბავშვის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, შევპირდი, რომ ჩემგან 10 ხმა ექნებოდა. სხვა გზა აღარ დამიტოვა, სულ შიშში ვიყავი მთელი ის პერიოდი,“- ამბობს დალი მექერიშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ წინაასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული.

„სოფელში მე ვიყავი „ქართული ოცნების“ კოორდინატორიც, აგიტატორიც და ყველაფერი. ამის გამო ზეწოლა იყო ჩემს ქმარზეც, რომელსაც გიორგი მექერიშვილი სატელეფონო ზარებითაც ძალიან ხშირად აწუხებდა. რეკავდა და ეუბნებოდა, რაზე ოცნებობო. მერე კი ემუქრებოდა, ნახავ, რაც მოგივაო.“

ბავშვის დეიდა ამბობს, რომ როგორც კი ბავშვის გაუჩინარების ამბავი გაიგო, გიორგი მექერიშვილი იკითხა:

„ჩქარა დაუძახეთ–მეთქი. როცა მოვიდა, ვუთხარი, თუ ერთ საათში ბავშვს არ დააბრუნებდა, კონკრეტულ სახელებსაც დავასახელებდი. მან კი მითხრა, რომ რაღაც სპექტაკლებს ვდგამდით.“

 

არჩევნებამდე აღნიშნული ზეწოლების შესახებ მის ჩვენებაშიც წერია, თუმცა მან და მისი ოჯახის ადვოკატებმა არ იციან, დაიკითხა თუ არა ვინმე, ვისზეც დალი მექერიშვილი საუბრობს.

ბავშვის სიკვდილის შემდეგ გიორგი მექერიშვილი სოფელში მხოლოდ ერთხელ ნახეს: პოლიციის ეზოში, როცა მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობდა.

 

“გიორგი მექერიშვილი არის ადამიანი, რომელიც ამას არასოდეს არ ჩაიდენდა. რომ მითხრათ, რომ ქვევრში ჩაახჩო ბავშვი, მე ამას არ დავიჯერებ. ვერ დავიჯერებ. არანაირ ფარგლებში არ ეტევა ეს ბრალდება. ეს იყო მიმართული მხოლოდ იმისთვის, რომ ჩემი დისკრიმინაცია მოეხდინათ”, – აცხადებს გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში.

 

გარდაცვლილი ბავშვის დეიდას ეჭვს ისიც უმძაფრებს, რომ ბავშვის მამას, ანუ მის სიძეს ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადასვენების ხარჯებისთვის 3000 ათასი ლარი გადაუხადა:

 

“იმდენი ვიღაც დაიღუპა ჩვენთან, ჩვენზე გაჭირვებული, მაგრამ არავის დახმარებია ადგილობრივი ხელისუფლება, ალბათ, რაღაც პასუხისმგებლობას გრძნობდნენ და იფიქრეს, იქნებ გავაჩუმოთო, არ ვიცი…”

 

“თუ თანხა გადაუხადა, ამით დაეხმარა გაუბედურებულ ოჯახს, ბავში ჰყავდა გარდაცვლილი. აქ მეტს მე ვერაფერს ვხედავ. დეიდა რას აღნიშნავს, ეს ჩემთვის არ არის კომპეტენტური. დააკვირდით მაგ დეიდის კომენტარებს თავიდან ბოლომდე და დასკვნა თვითონ გამოიტანეთ”, – აცხადებს ღვინიაშვილი. მისივე თქმით, პირველ რიგში, სწორედ მის ინტერესებში შედის ამ ამბის გამოძიება:

 

“მე ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილს ვთხოვე, რომ ეს საქმე აიყვანოს პირად კონტროლზე და ეს საქმე მაქსიმალურად უნდა იყოს გამოძიებული. გამოძიებამ უნდა თქვას ყველაფერი”, – აცხადებს გიორგი ღვინიაშვილი.

 

10 თვის ჩვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების დასრულება, როგორც ჩანს, სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის გუნდს მოუწევს, რომელიც რამდენიმე დღეში უკვე ოფიციალურად ჩაიბარებს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

სახლი, სადაც 10 თვის ბავშვი ქვევრში დამხრჩვალი იპოვეს

მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “რეგიონული საკითხების გაშუქება” – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი “ბათუმელები” | ნეტგაზეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი