სამართალი

აუდიტის სამსახური ‘ნაციონალების’ კიდევ ერთი შემწირველის დაჯარიმებას ითხოვს

17 სექტემბერი, 2012 •
აუდიტის სამსახური ‘ნაციონალების’ კიდევ ერთი შემწირველის დაჯარიმებას ითხოვს

“ოფიციალურად მოპოვებული ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შემომწირველი ერთი პირის შემოსავლები შეუსაბამო აღმოჩნდა რაიმე სახის დანაზოგის განხორციელების შესაძლებლობასთან. შესაბამისად, აღნიშნული პირის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან ერთად, განსახილველად ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა “, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური ავრცელებს.

 

აღნიშნულ განცხადებაში არ არის მითითებული აღნიშნული შემწირველის ვინაობა, ისე, როგორც წინა შემთხვევაში, როდესაც აუდიტის სამსახურმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხუთი შემომწირველის მიმართ 1 მილიონ 575 ათასი ლარის ოდენობით სანქციის გამოყენების თაობაზე. ამ პირების ვინაობას დღემდე ასაიდუმლოებს როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ისე თბილისის საქალაქო სასამართლო.

 

უფრო მეტიც, 13 სექტემბერს “ნეტგაზეთმა” ოფიციალურად გამოითხოვა ამ პირთა შესახებ ინფორმაცია ორივე უწყებიდან, ასევე სასამართლოს მივმართეთ წერილობით იმის გასარკვევად, მოხდა თუ არა ამ პირების დაჯარიმება, თუმცა პასუხები ამ დრომდე არ მიგვიღია.

 

მოგვიანებით “ნეტგაზეთისთვის” სხვა წყაროდან გახდა ცნობილი მმართველი პარტიის იმ ხუთი შემწირველის თაობაზე, რომელთა მიმართ სახელმწიფო აუდიტის სამსახური 1 მილიონ 575 ათასი ლარის ოდენობით სანქციის გამოყენებას ითხოვდა.  ესენი არიან: 1. კობა ნასყიდაშვილი, რომელმაც  48 000 ლარი გადაურიცხა “ნაციონალურ მოძრაობას”, 2.  ლაგოდეხის რაიონში მცხოვრები ამირახ ამირახოვი – 49 000 ლარი, 3.  ავთანდილ სულხანიშვილი ახმეტიდან – 53 000 ლარი, 4. გურამ ბექაური კასპიდან – 55 000  ლარი, 5. ილია ნონიაშვილი, კასპი –  60 000 ლარი.

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერილობით მიმართავს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 5 სამუშაო დღის ვადაში უკან დაუბრუნოს თანხა უკანონო შემწირველს.

მასალების გადაბეჭდვის წესი