სამართალი

‘ნაციონალების’ უკანონო შემწირველების შესახებ ‘გასაიდუმლოებული’ ინფორმაცია

13 სექტემბერი, 2012 •
‘ნაციონალების’ უკანონო შემწირველების შესახებ ‘გასაიდუმლოებული’ ინფორმაცია

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2012 წლის 27 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, უწყებამ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” უკანონო შემომწირველების მიმართ 1 მილიონ 575 ათასი ლარის ოდენობით სანქციის გამოყენების თაობაზე.

 

“სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ოფიციალურად მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ პოლიტიკური სუბიექტისათვის სოლიდური თანხების შემომწირველი ხუთი პირის შემოსავლები შეუსაბამოა რაიმე სახის დანაზოგის განხორციელების შესაძლებლობასთან”, – ჯერ კიდევ 27 აგვისტოს აცხადებდა აუდიტის სამსახური.

აღნიშნულ განცხადებას აუდიტის სამსახურის მსგავსი შინაარსის სხვა განცხადებებისგან მნიშვნელოვანი დეტალი განასხვავებს –  აქ დასახელებული არ არიან ის პირები, რომელთა შემოწირულობა მმართველი პარტიისადმი აუდიტის სამსახურმა მიიჩნია უკანონო შემოწირულობად.

როდესაც აუდიტის სამსახური აქვეყნებს ინფორმაციას ოპოზიციური პარტიების უკანონო შემომწირველებზე, მუდამ ასახელებს მათ ვინაობას და დეტალურ სქემას, რომლის მიხედვითაც აღნიშნული პირები ოპოზიციურ პარტიებს ფულს ურიცხავდნენ.

“ნეტგაზეთმა” 28 აგვისტოს აღნიშნულ პირთა ვინაობის გარკვევა აუდიტის სამსახურში სცადა, თუმცა, პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ფატი მამიაშვილმა მაშინ განგვიცხადა, რომ ეს იყო პირადი ინფორმაცია ამ ადამიანების შესახებ და ჯერ არ გამოქვეყნდებოდა.

ჩვენ ასევე მივმართეთ “ნაციონალურ მოძრაობას”, სადაც მრავალი მცდელობის შემდეგ განგვიცხადეს, რომ სავარაუდო სამართალდამრღვევთა შესახებ ინფორმაციას ისინი ვერ მოგვცემდნენ, რადგან ეს “აუდიტის სამსახურის პრეროგატივა” იყო.

საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის თანამშრომელმა ქეთი ბასილაშვილმაც განგვიცხადა, რომ მას ამ ტიპის ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდება და სასამართლოს ოფიციალური განცხადებით უნდა მივმართოთ.

“ნეტგაზეთმა” დღეს გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია აუდიტის სამსახურისგან და თბილისის საქალაქო სასამართლოსგან და ოფიციალურად მოვითხოვეთ ზემოაღნიშნული ხუთი პირის ვინაობის დასახელება და სასამართლოს გადაწყვეტილება მათი დაჯარიმების შესახებ. აღნიშნული ინფორმაციის გადმოსაცემად სასამართლოსა და აუდიტის სამსახურს მაქსიმუმ 10 დღე აქვთ.

დღეს, 13 სექტემბერს ინფორმაცია ხუთი შემომწირველის შესახებ, რომელსაც ჟურნალისტებს უმალავენ საჯარო უწყებები, “ნეტგაზეთს” “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” მიაწოდა. მათ კი ეს ინფორმაცია აუდიტის სამსახურმა რამდენიმე დღის წინ უპრობლემოდ გადასცა. “ნაციონალური მოძრაობის” ხუთივე შემომწირველი ინდივიდუალური მეწარმეა. ესენი არიან: 1. კობა ნასყიდაშვილი, რომელმაც  48 000 ლარი გადაურიცხა “ნაციონალურ მოძრაობას”, 2.  ლაგოდეხის რაიონში მცხოვრები ამირახ ამირახოვი – 49 000 ლარი, 3.  ავთანდილ სულხანიშვილი ახმეტიდან – 53 000 ლარი, 4. გურამ ბექაური კასპიდან – 55 000  ლარი, 5. ილია ნონიაშვილი, კასპი –  60 000 ლარი.

 

ჯერჯერობით, უცნობია, აღნიშნული პირები თბილისის საქალაქო სასამართლომ დააჯარიმა თუ არა “ნაციონალური მოძრაობისთვის” გადარიცხული თანხის ხუთმაგი ოდენობით. იმის გამო, რომ ინფორმაცია აუდიტის სამსახურმა, “ნაციონალურმა მოძრაობამ” და საქალაქო სასამართლომ არ მოგვაწოდა, “ნეტგაზეთმა” ვერ შეძლო მათი სასამართლო პროცესის გაშუქება.

მასალების გადაბეჭდვის წესი