მათე ქავთარაშვილის ინფორმაციით, ნაცემები არიან სოფელ ძიბახევსა და ბირკიანში მცხოვრები ანგელ ბორჩაშვილი და ხიზირ ქუშანაშვილი.
“ჩვენი ბიჭები თელავში აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, როცა მათთან მისულან უცხო პირები და უთქვამთ, თქვენთან საქმე გვაქვს გასარკვევვი და ნადიკვარში ამოდითო. ჩვენი ბიჭები ასულან ნადიკვარისკენ, მაგრამ ესენი რადგან ბევრნი იყვნენ იქ არავინ დახვდათ. მეც ამ ბიჭებთან ერთად ვიყავი ასული. უკან რომ დავბრუნდით, დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩვენი ორი აქტივისტი, რომლებიც აქციაზე იმყოფებოდნენ, ნაცემები იყვნენ”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” მათე ქავთარაშვილმა.
ქავთარაშვილის ინფორმაციით, ბორჩაშვილსა და ქუშანაშვილს თელავის აქციის დაშლის შემდეგ თავს დაესხა 30–მდე უცნობი ახალგაზრდა, რომლებმაც ისინი სასტიკად ცემეს. სხვა აქტივისტებმა ნაცემი ახალგაზრდები თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მალევე კი, საავადმყოფოდან ისინი სამართალდამცავებმა თელავის პოლიციაში გადაიყვანეს დასაკითხად.
მათე ქავთარაშვილი ამბობს, რომ ქუშანაშვილის მდგომარეობა მძიმე იყო, მას საუბარი და ფეხზე დგომა უჭირდა. პოლიციაში დაკითხვის შემდეგ, გვიან ღამით, ნაცემები კვლავ საავადმყოფოში დააბრუნეს, სადაც მათი თბილისში გადაყვანა ურჩიეს. თბილისში გადმოყვანის შემდეგ, ერთ–ერთ სამედიცინო ცენტრში ქუშანაშვილს ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვევს და წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს. ამჟამად ორივე ახალგაზრდა საკუთარ სახლში აგრძელებს მკურნალობას.
“ქართული ოცნების” პანკისის ზონის კოორდინატორი აღნიშნულს პოლიტიკურ ზეწოლად და დევნად აფასებს. მისი თქმით, თელავში ივანიშვილის სტუმრობის შემდეგ სახლში მიმავალ ადამიანებს უცნობი პირები, გამვლელები, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და პროვოკაციის მოწყობას ცდილობდნენ. მათე ქავთარაშვილი არაბი ბორჩაშვილისა და ხიზირ ქუშანაშვილის ცემას პირადი მოტივით გამორიცხავს, რადგან ისინი არ იცნობდნენ თავდამსხმელებს.