სამართალი

ივანიშვილმა ლაფანყურის სპეცოპერაციისას დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგო

9 სექტემბერი, 2012 • • 1079
ივანიშვილმა ლაფანყურის სპეცოპერაციისას დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგო

“ადამიანის ბედნიერება კი არა, ადამიანის სიცოცხლე რომ არაფერია ამ ხელისუფლებისთვის, ყველამ ვნახეთ ამ დღეებში ლოპოტის ხეობის სოფელ ლაფნყურში დატრიალებული ტრაგედიის დროს. იქ ქართველი ჯარისკაცები დაიღუპნენ, იქ დაიღუპნენ საქართველოს მოქალაქე ქისტები და ჩრდილოეთ კავკასიელები. ეს არ არის ქართული ოცნება, ასეთი არ შეიძლება ქართული ოცნება იყოს. გლოვა და მწუხარება მოუტანა ამ უბედურებამ ქართველ და არამარტო ქართველ დედებს. ჩვენ არ ვიცით რა მოხდა სინამდვილეში და ამიტომ არ ვაპირებთ პოლიტიკურ შეფასებას. ის რაც ნამდვილად ვიცით, არის, რომ მომხდარს შეეწირნენ ადამიანები, ახალგაზრდები. ნუთუ არ შეიძლებოდა ამის მსხვერპლის გარეშე დამთავრება? დანამდვილებით კიდევ ის ვიცით, რომ ჩვენი ხელისუფლება უტიფრად ტყუოდა ლოპოტის ხეობაში ოპერაციის დაწყების პირველივე დღიდან, როცა გვიმტკიცებდა, რომ იქ რუსეთიდან გადმოსულ შეიარაღებულ დივერსატთა რაზმს ებრძოდა. როგორც კი აღმოჩნდა, რომ ეს ჯგუფი რუსეთიდან არ იყო შემოსული, იმის მტკიცება დაგვიწყეს, რომ რაზმის არცერთი წევრი საქართველოს მოქალაქე არ იყო,” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ლაპანყურის სპეცოპერაციაზე საუბრისას.

 

“ჟურნალისტების წყალობით გავიგეთ, რომ პანკისის ხეობაში საფლავები გაითხარა, ოჯახები კი დაღუპულ შვილებს გლოვობდნენ. გავიგეთ ისიც, რომ ხელისუფლება ცხედრებს არ აძლევდა ოჯახებს, ცხედრებით ევაჭრებოდა ქისტებს. მე მინდა, რომ ჩვენმა ქისტებმა, ჩვენმა თანამემამულეებმა, დაღუპულების ახლობლებმა და ნათესავებმა აუცილებლად იცოდნენ, რომ ამ უბედურებას ჩვენ გამოუძიებელს არ დავტოვებთ. ყველაფერს გავარკვევთ და გპირდებით, რომ დამნაშავე არ დარჩება დაუსჯელი”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მან ამის შემდეგ თელავში, ერეკლეს მოედანზე შეკრებილებს დაღუპულთა პატივსაცემად წუთიერი დუმილისკენ მოუწოდა.  წუთიერი დუმილის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლა და სხვადასხვა საკითხზე საუბარი გააგრძელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი