სამართალი

რამდენად უახლოვდება მართლმსაჯულება საქართველოში ევროკავშირის სტანდარტებს

20 ნოემბერი, 2016 • 1826
რამდენად უახლოვდება მართლმსაჯულება საქართველოში ევროკავშირის სტანდარტებს

როგორ აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას – პოლიტიკის დოკუმენტები ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს მხარდაჭერით მოამზადეს.

როგორც ორგანიზატორებმა განმარტეს, მათი მიზანი იყო იმ თემების წამოწევა, რაც ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესში დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს.

პოლიტიკის დოკუმენტები მართლმსაჯულების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და წამებისა და სასტიკი მოპყრობის საკითხებს ეხება. მათზე ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობდა: ანა ნაცვლიშვილი და ეკა ციმაკურიძე “საიადან”, ელენე ნიჟარაძე “სამართლიანი არჩევნებიდან”, ცირა ჭანტურია “ციხის საერთაშორისო რეფორმიდან” და ერეკლე ურუშაძე “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოდან”.

მათ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2014, 2015 და 2016 წლების სამოქმედო გეგმები გააანალიზეს და ქვეყანაში არსებულ პრაქტიკას შეადარეს.

პროკურატურის რეფორმა 

საქართველომ პროკურატურის რეფორმა 2015 წლის ოქტომბერში განახორციელა. 2016 წლის სამოქმედო გეგმაში კი რეფორმის გაგრძელება არ ასახულა. საიას შეფასებით, რეფორმა გაგრძელებას საჭიროებს, რადგანაც საზოგადოებაში კვლავ არსებობს კითხვები, განსაკუთრებით იმ საქმეების გამოძიებასთან დაკავშირებით, რომლებიც სამართალდამცველი სისტემის წარმომადგენლებმა ჩაიდინეს, ან რომელთა მიმართაც მაღალი პოლიტიკური ინტერესი არსებობს.

პროკურატურის შესახებ კანონში 2015 წელს განხორციელებული ცვლილებებით, შეიცვალა მთავარი პროკურორის დანიშვნის წესი. კერძოდ, პროკურორს ირჩევს საპროკურორო საბჭო, რომლის თავმჯდომარეც იუსტიციის მინისტრია. ასევე იუსტიციის მინისტრი წარუდგენს საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატებს.

საია წერს, რომ პროკურატურის მუშაობის შეფასება პრაქტიკაში აჩვენებს, რომ რეფორმის მიუხედავად, პროკურატურა ინსტიტუციურად და პრაქტიკულად კვლავ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გავლენის ქვეშ არის:

“2015 წელს განხორციელებული რეფორმის მიზანი – დამოუკიდებელი და პოლიტიკურად ნეიტრალური პროკურატურის სისტემის შექმნა- ვერ ჩაითვლება მიღწეულად,”- ვკითხულობთ დოკუმენტში.

პროკურატურის დამოუკიდებლობის კუთხით არსებულ პრობლემებზე და დანაშაულით დაზარალებულთა უფლებების დაცვის არაეფექტურობის საილუსტრაციოდ საია ლევან აბზიანიძის საქმეზე საუბრობს:

“2015 წლის 17 ივნისს ქალაქ ქუთაისში იპოვეს გარდაცვლილი მამაკაცი, 55 წლის. ის ტაქსის მძღოლობით არჩენდა ოჯახს. მეუღლე ამბობს, რომ იმ დღეს პოლიციელებმა მამაკაცი ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით წაიყვანეს. ვინაიდან მამაკაცმა ვერ მოშარდა, სამი აბი ძლიერი შარდმდენი საშუალება დაალევინეს. შემოწმების შედეგად მამაკაცი არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ და პოლიციელებმა ის გაუშვეს. სახლში მისულმა მეუღლეს უამბო პოლიციის შენობაში მისი წაყვანის შესახებ, უთხრა, რომ იქ წამლები დაალევინეს, რის გამოც თავს შეუძლოდ გრძნობდა. ამის შემდეგ მამაკაცი მალე გარდაიცვალა. ქუთაისის რაიონულ პროკურატურას გარდაცვლილის მეუღლე ამ დრომდე არ უცვნია დაზარალებულის უფლებამონაცვლედ და მას საქმეში მხოლოდ მოწმის სტატუსი აქვს. გამოძიება მიმდინარეობს… ,”- წერს საია პოლიტიკის დოკუმენტში.

საია ასევე აკრიტიკებს საპროკურორო საბჭოს მუშაობას. მათ განცხადებით, საბჭოს დებულება არის ძალიან ზოგადი და საბჭოს მუშაობის პროცედრას არ გაწერს. მისივე თქმით, გამოითხოვეს ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურატურისთვის არც ერთი რეკომენდაცია არ წარუდგენია:

“საპროკურორო საბჭო ისმენს მთავარი პროკურორის ანგარიშს და ამ ანგარიშის შემდეგ მისი რეაქცია უნდა იყოს რეკომენდაციებით მიმართვა. სულ სამჯერ შეიკრიბა საპროკურორო საბჭო. ერთხელ – გაესაუბრა მთავარი პროკურორობის კანდიდატებს, მეორედ – აირჩია, და მესამედ – მოისმინა მთავარი პროკურორის პირველი ანგარიში. არც კონკრეტული კითხვები და არც რეკომენდაციები მთავარი პროკურორის მიმართ წარდგენლი არ ყოფილა. ამის მიზეზი მისი ინსტიტუციური სისუსტეც არის: მას ხელმძღვანელობს იუსტიციის მინისტრი, საბჭოში მთავარი პროკურორის არჩევის წესი და ასე შემდეგ. ვფიქრობთ, რომ თუკი ინსტიტუციური პრობლემები გასწორდება და დამოუკიდებლობის გარანტიები გაეზრდება თვითონ საბჭოს, ის გახდება უფრო ეფექტური,”- განაცხადა პოლიტიკის დოკუმენტის თანაავტორმა, საიას იურისტმა ეკა ციმაკურიძემ.

საიას რეკომენდაციით, პროკურატურის რეფორმა უნდა გაგრძელდეს სულ მცირე ორი მიმართულებით: საპროკურორო საბჭოს დამოუკიდებლობის გარანტიების გაძლიერება და ინდივიდუალური პროკურორის პოლიტიკური ნეიტრალურობის გარანტიების შექმნა.

სასტიკი მოპყრობა და წამება პენიტენციურ დაწესებულებებში

ასოცირების დღის წესრიგის თანახმად,  სასჯელაღსრულების სისტემაში, პოლიციაში, სამხედრო თუ სხვა დახურულ დაწესებულებებში წამებასთან და სასტიკ მოპყრობასთან დაკავშირებით წაყენებული ბრალდებების სიღრმისეული, გამჭვირვალე და დამოუკიდებელი გამოძიების უზრუნველყოფა საქართველოს ერთ-ერთი ვალდებულებაა.

თუმცა პოლიტიკის დოკუმენტი ამ კუთხით განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ამბობს, რომ ამ დრომდე ამგვარი ფაქტების გამოძება არაფექტურია:

“სამედიცინო და სხვა სახის მტკიცებულებების მოპოვების პრაქტიკა არ აკმაყოფილებს სტანდარტებს და ვერ ახერხებს, უზრუნველყოს მონაცემები, რომლებიც მოგვიანებით გამოძიებამ შეიძლება გამოიყენოს,”- წერს პოლიტიკის დოკუმენტის ავტორი ცირა ჭანტურია, რომელიც ორგანიზაცია “ციხის საერთაშორისო რეფორმას” წარმოადგენს.

დოკუმენტში საუბარია იმის შესახებაც, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიუხედავად, პენიტენციური დაწესებულების ვიდეოკამერების ჩანაწერები მხოლოდ 24 საათით ინახება.

,,ხშირ შემთხვევაში მითითებული არ არის დაზიანებების წარმომავლობა. ასევე გვხვდება გაურკვეველი წარმომავლობის, საეჭვო ხასიათის და ლოკალიზაციის ტრავმები. არის შემთხვევები, როდესაც პატიმარი არ განმარტავს დაზიანების წარმომავლობას, ან აცხადებს, რომ ტრავმა საყოფაცხოვრებო ხასიათისაა, მაგალითად, მიღებულია საწოლიდან გადმოვარდნის შედეგად, თუმცა მისი ადგილი და ხასიათი ბადებს ეჭვს, რომ დაზიანება მიყენებულია სხვა პირის მიერ,“-აღნიშნულია სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, ხარვეზიანი პრაქტიკა ხელს უშლის წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე წარმოებული გამოძიების ეფექტურობას, რადგანაც ართულებს მნიშვნელოვანი ობიექტური მტკიცებულებების მოპოვებას.

“ეს კი სერიოზულად აისახება ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი ვალდებულების შესრულებაზე, კერძოდ, წამებისა და არასათანადო მოპყრობის დანაშაულებზე სიღრმისეული და ეფექტიანი გამოძიების წარმოებაზე,”- აღნიშნულია დოკუმენტში.

საუბნო საარჩევნო კომისიების შერჩევასთან დაკავშირებული გამოწვევები

ასოცირების შეთანხმების განხორციელების ეროვნული გეგმის (2016 წ.) შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების ვალდებულება არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაა.  თუმცა, ISFED-ის იურისტის, ელენე ნიჟარაძის შეფასებით,  ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შერჩევას ნაკლოვანებები ჰქონდა. კერძოდ, იყო საუბარი იყო იმაზე, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობაზე განმცხადებელთა სიები დგებოდა „ქართული ოცნების“ აქტივისტების ოჯახის წევრებისგან და ნათესავებისგან.

“ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საოლქო კომისიები საუბნო კომისიების წევრებს არჩევდნენ წინასწარ შედგენილი სიების და არა განმცხადებელთა კომპეტენციისა და პროფესიონალიზმის მიხედვით… ISFED-მა აღმოაჩინა რიგი შემთხვევებისა, როდესაც საოლქო კომისიების წევრები კენჭს უყრიდნენ სიაში შესულ პირველ ექვს კანდიდატს. ანალოგიური შემთხვევები გამოვლინდა წინა არჩევნების დროსაც, რამაც მიგვიყვანა დასკვნამდე, რომ სასურველ კანდიდატებს კანდიდატთა სიების დასაწყისში სვამდნენ,”- წერს ISFED.

ISFED-ს განცხადებითვე, ამ ტიპის პრაქტიკა ეჭვს აღძრავს საუბნო საარჩევნო კომისიების პროფესიონალ წევრებად დანიშნული კანდიდატების პოლიტიკურ მიუკერძებლობასთან დაკავშირებით.

ISFED-ის რეკომენდაციით,  საუბნო საარჩევნო კომისიათა წევრებისთვის სავალდებულო უნდა გახდეს საჯარო მოხელის სერტიფიკატის ქონა. ასევე, უნდა შემოიღონ საუბნო კომისიათა წევრობის სერტიფიცირებული
კანდიდატების ელექტრონულ მონაცემთა ბაზა.

საჯარო სექტორში ეთიკური ქცევის უზრუნველყოფა

ასოცირების დღის წესრიგში საქართველოსთვის განსაზღვრული ვალდებულებით, საქართველომ უნდა მიიღოს ადეკვატური ზომები საზოგადოების ყველა დონეზე, რათა მოხდეს კორუფციის, განსაკუთრებით, მაღალი დონის კორუფციის, პრევენცია, გამოვლენა და მასზე რეაგირება.

პოლიტიკის დოკუმენტის ავტორი, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” (TI) წარმოამდგენელი ერეკლე ურუშაძე წერს, რომ 2004 წელიდან გატარებული რეფორმების წყალობით, თითქმის მთლიანად აღმოიფხვრა წვრილი კორუფცია და გაუმჯობესდა სამთავრობო ბიუროკრატიის მუშაობა.

“მაგრამ საქართველო ჯერ ვერ მოერია კორუფციის უფრო რთულ სახეებს და ინტერესთა პოტენციურ თუ არსებულ შეუთავსებლობას და ვერ უზრუნველყო სამსახურებრივი კეთილსინდისიერება და პროფესიული ეთიკა საჯარო სექტორში,”- წერს TI.

პოლიტიკის დოკუმენტის თანახმად, ამ კუთხით, საქართველოს საკნონმდებლო ბაზა ძლიერია და შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას, მაგრამ გამოწვევად რჩება მისი თანმიმდევრული გამოყენებისა და ეფექტური აღსრულების საკითხი.

როგორც ურუშაძე წერს, 2010-2015 წლებში სამინისტროებში ეთიკასა და კეთილსინდისიერებასთან დაკავშრებული წესების აღსრულებაზე პასუხისმგებელი შიდა დანაყოფების არსებობის მიუხედავად, წესდების დარღვევის არც ერთი ფაქტი არ გამოუვლენიათ. TI-ის შეფასებით, ეს ამ დანაყოფების პრაქტიკული საქმიანობის არაეფექტურობაზე მეტყველებს, ვინაიდან მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას მსგავსი დარღვევების შესახებ არაერთხელ უსაუბრიათ.

ასევე. დოკუმენტის თანახმად, საჯარო სამსახურში არაკეთილსინდისიერების საფრთხეს წარმოადგენს პოლიტიკური ზემოქმედება, რაც ცხადყო 2012 წელს, მთავრობის ცვლილების შემდეგ, სამსახურიდან საჯარო მოხელეთა დათხოვნამ. ასევე, მათივე განცხადებით, საჯარო სამსახურების დამოუკიდებლობას საფრთხეს ამ სამსახურებში უშიშროების ოფიცრების (“ოდეერების”) ყოფნაც უქმნის.

TI-ის რეკომენდაციების თანახმად, საჯარო სამსახურებში პოლიტიკური ზემოქმედების აღმოსაფხვრელად უნდა გატარდეს ქმედითი ღონისძიებები; უნდა ჩატადეს კვლევები საჯარო სამსახურებში კორუფციის რისკების აღმოსაფხვრელად; ჩატარდეს ტრენინგები ეთიკის საკითხებზე და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი