სამართალი

საკონსტიტუციომ მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესზე სარჩელი არსებითად განსახილველად დააბრუნა

9 ნოემბერი, 2016 • 1335
საკონსტიტუციომ მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესზე სარჩელი არსებითად განსახილველად დააბრუნა

საკონსტიტუციო სასამართლო დღეს, 9 ნოემბერს, კვლავ არსებითად იხილავს სარჩელს, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას ეხება.

შერჩევა-დანიშვნის არსებული წესი კოალიციამ “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” საკონსტიტუციო სასამართლოში 2016 წლის თებერვალში გაასაჩივრა. კერძოდ, გასაჩივრებულია ის ნორმები, რომლებიც იუსტიციის უმაღლე საბჭოს უფლებას აძლევს, არ დაასაბუთოს, თუ რატომ დანიშნა კონკრეტული მოსამართლე 3-წლიანი ვადით, ასევე, არ არსებობს მოსმაართლის დანიშვნის თუ დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ძველმა შემადგენლობამ ამ სარჩელზე გადაწყვეტილების გამოცხადება ვერ მოასწრო. სასამართლოში ამ საქმეზე კოალიციის ერთ-ერთი წარმომადგენლის, საიას იურისტის, გიორგი გოცირიძის განცხადებით, სასამართლოს არსებითი განხილვა უკვე დასრულებული ჰქონდა და სათათბირო ოთახში იყო გასული.

“ფაქტია, როდესაც საქმე სათათბირო ოთახიდან არსებით განხილვაზე დაბრუნდა, ეს, რა თქმა უნდა გაჭიანურებაა. თავისთავად ფაქტიც მეტყველებს იმაზე, რომ დროში ამ საკითხზე გადაწყვერილების მიღება გაჭიანურდება,”- განაცხადა გიორგი გოცირიძემ ნეტგაზეთთან საუბრისას.

გორცირიძემ ნეტგაზეთს განუმარტა, რომ შესაძლებელია, ამ საქმეზე გადაწყვეტილება არსებით განხილვაში დაბრუნების გარეშეც გამოეცხადებინათ, თუმცა მოსამართლეს აქვს უფლება, მოითხოვოს საქმის არსებით განხილვაში დაბრუნება.

გოცირიძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ არ აქვს ინფორმაცია, თუ რომელმა მოსამართლემ მოითხოვა საქმის არსებითად განხილვა.

გოცირიძე ასევე განმარტავს, რომ საკონსტიტუციოში ახალი მოსამართლეების შემოსვლის შემდგომ საქმეების არსებით განხილვაში დაბრუნება არის პარლამეტის მიერ 2016 წლის გაზაფხულზე “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგი. ამ ცვლილებების თანახმად, მოსამართლეს, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, არ აქვს უფლება, დაასრულოს საქმე, რომლზეც გადაწყვეტილების გამოსატანად იყო გასული.

კოალიციამ საკონსტიტურიო სასამართლოს კანონში შესული ეს ცვლილებებიც გაასაჩივრა:

“ადრე მოქმედი რედაქცია ითვალისწინებდა იმას, რომ მოსამართლეებს, მიუხედავად უფლებამოსილების ვადის გასვლისა, უნდა ჰქონოდათ შესაძლებლობა, დაემთავრებინათ საქმეები, რომ შემდგომ მინიმუმ ის საქმეები, რაზეც სათათბირო ოთახში იყვნენ შესული, ამ საქმეებზე მიეღოთ გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ მათი უფლებამოსილების ვადა იყო გასული. მაგრამ ამ კონსტიტუციურ სარჩელზე გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხერხდა. ამ სარჩელზეც გავიდნენ სათათბირო ოთახში, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება წინა შემადგენლობამ ვერ მოახერხა. თავიდანვე უარყოფითად ვაფასებდით იმას, რომ გაგდის მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა, მაგრამ ვერ აცხადებ იმ საქმეზე გადაწყვეტილებას, რომელზეც არსებითი განხილვა დასრულებულია,”- განაცხადა გოცირიძემ.

იგი ვარაუდობს, რომ არსებით განხილვაში ძალიან ბევრი საქმე დაბრუნდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი