სამართალი

სამუდამოდ ციხეში

15 აგვისტო, 2012 •
სამუდამოდ ციხეში

ბოლო წლების ყველაზე რეზონანსული შემთხვევა, რისთვისაც საქართველოს მოქალაქეს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს, 2005 წლის 10 მაისს დაფიქსირდა. სამართალდამცავების ცნობით, მაშინ ვოვა არუთინოვი თბილისში ჩამოსული ჯორჯ ბუშის მოკვლას აპირებდა.

 

20 ივლისს არუთინოვის დაკავებას ვაშლიჯვარში, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, მთელი საქართველო ტელევიზორში ადევნებდა თვალს. არუთინოვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

 

საქართველოში უვადო პატიმრობამისჯილებს შორის 4 ქალია.

 

ცირა ჭანტურიას, ციხის საერთაშორისო რეფორმის (PRI) რეგიონული დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, “ამიერკავკასიის მასშტაბით, ჩვენ გარდა არავის ჰყავს ქალები უვადო პატიმრობით დასჯილი. ქალებს საქართველოში უვადო პატიმრობა, ძირითადად, ნარკოტიკულ დანაშაულისთვის აქვთ მისჯილი”.

 

ერთ-ერთი უვადო პატიმრის უფლებას ქართულ სასამართლოებში ადვოკატი რამინ პაპიძე იცავდა. აი, რას ჰყვება ადვოკატი:

 

“42 წლის თინათინ ჯოგლიძე სამტრედიელია. მას უვადო პატიმრობა ხელვაჩაურის სასამართლოს თავმჯდომარემ, დავით მამისეიშვილმა მიუსაჯა, ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა-რეალიზაციის მუხლით. ახლა რუსთავის ქალთა კოლონიაში იხდის სასჯელს, მას სჭირს ყელის სიმსივნე და მძიმე ფორმით ნევროზი. მართალია, თინათინ ჯოგლიძეს გაუკეთეს ოპერაცია საპატიმრო დაწესებულებაში, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი”.

 

რამინ პაპიძის მონათხრობის მიხედვით, თინათინ ჯოგლიძე სამართალდამცავებმა მოქალაქე ნათია კახიძისა და კიდევ ერთი მოწმის ჩვენების საფუძველზე დააკავეს:

 

“ნათია კახიძემ და მისმა თანმხლებმა გამოძიებას უთხრეს, რომ 300 გრამი ჰეროინი, რომელიც საბაჟოზე იმ “ფოსტლის” ლანჩიდან ამოიღეს, რომელიც ეცვა მოქალაქე ოქროპირიძეს, თითქოს ეკუთვნოდა თინათინ ჯოგლიძეს. ოქროპირიძეს საბაჟოზე გადმოსვლის დროს ნათია კახიძემ ეს “ფოსტლი” თითქოს იმიტომ ჩააცვა, რომ მას ფეხსაცმელმა ფეხი ატკინა. ნათია კახიძის სახლიდან კიდევ 70 გრამამდე ნარკოტიკი ამოიღეს, მაგრამ მან დანაშაული აღიარა და საპროცესო გაუფორმეს. ჯოგლიძეს კი, უვადო პატიმრობა მხოლოდ ნათია კახიძის ჩვენების საფუძველზე მიუსაჯეს”.

 

რამინ პაპიძემ ჯოგლიძის საქმე ევროსასამართლოში გაასაჩივრა.

 

ბათუმში მოქმედი ადვოკატების განმარტებით, სასჯელის ფორმად უვადო პატიმრობის გამოყენებას ყველაზე ხშირად ხელვაჩაურის სასამართლო მიმართავს:

 

“საზღვარია ახლოს, უვადო პატიმრობას კი, ძირითადად, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკის შემოტანა-რეალიზაციისთვის უსჯიან”.

 

PRI-ის ბოლო კვლევის მიხედვით, “ამჟამად ციხეში უვადოდ სასჯელს მხოლოდ 91 მოქალაქე იხდის”. სხვები, სავარაუდოდ, გარდაიცვალნენ, ან უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ და თავიანთ ქვეყნებს გადასცეს. მაგალითად, ერთ-ერთი პატიმარი, თურქეთის მოქალაქე, ვისაც შემდეგში თავადაც პატიმარმა, მოსამართლე მერაბ კოზმავამ ბათუმში 18 წელი მიუსაჯა, ხოლო ქუთაისის სააპელაციომ უვადოდ დასაჯა, მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა. ადვოკატების ინფორმაციით, პრეზიდენტმა, საქართველოში ვიზიტად მყოფი თურქეთის პრემიერის რეჯებ ტაიპ ერდოღანის თხოვნით, მაშინ ციხეებში მყოფი თურქეთის ყველა მოქალაქე გაათავისუფლა. სამართალდამცავების მტკიცებით, ამ განსასჯელისგან 480 გრამი ჰეროინი ჰქონდათ ამოღებული.

 

სასჯელის ზომად უვადო პატიმრობა აქვს გამოყენებული მოსამართლე ვერა დოლიძესაც. ადვოკატების ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 2009 წელს თავისუფლება უვადოდ აღუკვეთა მამა-შვილ დათუნაშვილების მკვლელს.

 

წესები მათთვის, ვინც სამუდამოდ ციხეშია

 

PRI-ის კვლევების თანახმად, უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირები სასჯელს, ძირითადად, რუსთავის #6 საპყრობილეში იხდიან. ოთხი მსჯავრდებული ქალი კი ასევე რუსთავში, ოღონდ #5 დაწესებულებაშია განთავსებული.
კვლევის დროს რესპონდენტებმა PRI-ის თანამშრომელს უთხრეს, რომ მათთან დისციპლინური დასჯის ერთ-ერთ ფორმად მე-7 საპყრობილეში გადაყვანაც გამოიყენებოდა. ბოლო კვლევის დროს პატიმრები ამაზე არაფერს ამბობენ, თუმცა მე-7 საპყრობილეში ამჟამადაც იმყოფება ორი “უვადო პატიმარი”.

 

უვადოდ დასჯილი ადამიანები განსხვავებული წესებით ცხოვრობენ ციხეებშიც. მამაკაცებისთვის გამოყოფილია 6-8-ადგილიანი საკნები, ხოლო ქალებისთვის – 6-ადგილიანი საკნები, რომლებშიც 2-2 პატიმარი ცხოვრობს.

 

მსჯავრდებულები თვითონ რეცხავენ ტანსაცმელს, თეთრეულს და იქვე, საკანში აშრობენ, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

 

მათ საკნებში დგას საწოლი, საკვებისთვის განკუთვნილი კარადა  და არის თეთრეული. პატიმრები სარგებლობენ “პლასტმასის” ჭურჭლით, მათ არ აქვთ კარადა ტანსაცმლისთვის. დასჯილები სარგებლობენ ერთი აბანოთი, მამაკაცები – კვირაში ერთხელ, ქალები – კვირაში ორჯერ. მათ ყოველდღე ერთი საათით ასეირნებენ. თვეში ერთხელ კი ერთსაათიანი, ოღონდ დისტანციური პაემნის უფლება აქვთ ოჯახის წევრებთან.

 

კვლევის პროცესში გამოკითხული რესპონდენტები ამბობენ, რომ მათ არათუ სხვა კატეგორიის პატიმრებთან არ აქვთ ურთიერთობის უფლება, არამედ იმავე კატეგორიის სხვა ბრალდებულებთანაც.

 

კვლევაში საუბარია იმაზეც, რომ ამ ტიპის პროცესებზე მოქალაქეების დასწრება აკრძალული არ არის, მაგრამ “ხელოვნურად ხდება ასეთი სასამართლო პროცესების ისეთ დროს და ისეთ ოთახში ჩატარება, სადაც საზოგადოების მოხვედრა, ფაქტობრივად, შეუძლებელია”.

 

ვადამდე ადრე გათავისუფლება

 

უვადოდ დაპატიმრებული ადამიანი შეიძლება ვადამდე ადრეც გაათავისუფლონ. ეს მაშინ მოხდება, თუ ამ ადამიანმა უკვე გაატარა ციხეში 25 წელიწადი და სასჯელაღსრულების სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს მიაჩნია, რომ საჭირო აღარ არის, მსჯავრდებულმა გააგრძელოს სასჯელის მოხდა.

 

ციხეში 20 წლის გატარების შემდეგ ადგილობრივ საბჭოს შეუძლია სასჯელი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით შეუცვალოს პატიმარს (ამ დრომდე არც ერთ პატიმარს არ აქვს სასჯელის ეს ზომა მოხდილი). გარდა ამისა, შეიძლება შეიწყალოს ქვეყნის პრეზიდენტმა.

 

უვადო თავისუფლების აღკვეთა გამოიყენება 18 მუხლის მიმართ:

 

განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში;

არასრულწლოვნით ვაჭრობა (ტრეფიკინგი);

სტაციონარული პლატფორმის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება, განადგურება ან დაზიანება;

საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა;

საბოტაჟი;

ტერორისტული აქტი;

ტექნოლოგიური ტერორიზმი;

კიბერტერორიზმი;

საქართველოს პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა;

საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე ან დაწესებულებაზე თავდასხმა;

სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება ტერორისტული მიზნით;

ტერორიზმის დაფინანსება;

აგრესიული ომის მომზადება ან წარმოება;

გენოციდი;

დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ;

ეკოციდი;

ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება;

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების განზრახ დარღვევა შეიარაღებული კონფლიქტის დროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი