სამართალი

ორი შეუცვლელი გადაწყვეტილება ივანიშვილისა და კალაძის საქმეებზე

14 აგვისტო, 2012 • • 3093
ორი შეუცვლელი გადაწყვეტილება ივანიშვილისა და კალაძის საქმეებზე

კახი კალაძის ადვოკატმა შალვა თადუმაძემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა გოცირიძის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კალაძეს დაეკისრა ჯარიმა 16 მილიონ 944 ათას 960 ლარის ოდენობით. 

 

მოსამართლე გოცირიძემ გაითვალისწინა აუდიტის სამსახურის მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, კახი კალაძემ 2012 წლის პირველი 7 თვის მანძილზე ქართულ ბანკებში არსებული საკუთარი ანგარიშებიდან, ჯამში, 3 მილიონ ლარზე მეტი ნაღდი ფული გამოიტანა და სხვადასხვა საშუალებით “ქართულ ოცნებაში” შემავალ პარტიებს მოახმარა. აუდიტის სამსახურის მტკიცებით, კახი კალაძემ ამ თანხის ხარჯვის მიზნობრიობა ვერ წარმოადგინა, რამაც უწყებას შეუქმნა მოსაზრება, რომ მან ეს თანხა “ქართულ ოცნებას” მოახმარა. აუდიტის სამსახურის წარმომადგენელმა, პირველ ინსტანციაში გამართული პროცესის მსგავსად, სააპელაციო სასამართლოშიც განაცხადა, რომ კალაძის მიერ ბანკიდან თანხის გატანა ემთხვეოდა “ქართულ ოცნებაში” სხვადასხვა ფიზიკური პირების მიერ თანხის შეტანას, თუმცა არც ერთ პროცესზე გიორგი ამირანაშვილს არ წარმოუდგენია დოკუმენტები, რომლითაც აღნიშნული გადარიცხვები დადასტურდებოდა, ან დადასტურდებოდა კავშირი კახი კალაძესა და “ქართული ოცნების” შემწირველებს შორის.

სააპელაციო სასამართლოში კალაძის ადვოკატმა შალვა თადუმაძემ მოსამართლე მერაბ ლომიძეს განუცხადა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის მიზეზი იყო მოსამართლე კობა გოცირიძის მიკერძოებული დამოკიდებულება საქმისადმი. ამის დასტურად თადუმაძემ წაიკითხა გოცირიძის მიერ კალაძის საქმეზე გადაწყვეტილებიდან მცირე მონაკვეთი, სადაც მოსამართლე წერს: “საკმარისი ვარაუდია იმისა, რომ კახა კალაძემ ბანკიდან გამოტანილი ნაღდი ფული “ქართული ოცნების” სასარგებლოდ გამოიყენა. კახა კალაძემ ვერ წარმოადგინა უტყუარი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მან თანხა მამას, კარლო კალაძეს აჩუქა”.

შალვა თადუმაძის თქმით, საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დაეყრდნო აუდიტის სამსახურის ვარაუდს და არ გაითვალისწინა მტკიცებულებები, რომლის მიხევდითაც, სადავო თანხის დიდი ნაწილი ბანკებიდან კარლო კალაძეს მინდობილობის საფუძველზე გაჰქონდა და მას შვილმა,  კახი კალაძემ ეს თანხა აჩუქა.

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ლომიძემ თადუმაძეს ჰკითხა, რატომ არ იყო საქმეში ჩუქების ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც დადასტურდებოდა კალაძის მიერ მამისათვის სადავო თანხი ჩუქება.

კალაძის ადვოკატის განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობით არ არის აუცილებლი, რომ ჩუქება ხელშეკრულებით დადასტურდეს.

 

თადუმაძემ სააპელაციო სასამართლოში ასევე მოითხოვა საქალაქო სასამართლოს მიერ კალაძის ქონებაზე დამტკიცებული ყადაღის მოხსნა. მისი თქმით, ამის საფუძველი სასამართლოს არ ჰქონდა.

 

“ჩვენ ვთვლით, რომ სცდება გონიერების ჩარჩოებს, როცა პირს  დაახლოებით 4 მილიონი ვალი აქვს, ამ დროს ბანკიდან გააქვს ნაღდი ფული და ჩუქნის პირველი რიგის მემკვიდრეს. ეს ნიშნავს, რომ ის ცდილობს არაკანონიერი გზით დააფინანსოს პოლიტიკური პარტიები”,  – სააპელაციო სასამართლოში ასე შეეცადა საკუთარი პოზიციის დაცვას აუდიტის სამსახურის წარმომადგენელი ვახტანგ კეჟერაძე.

 

აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები პირველ ინსტანციაში გამართულ პროცსზეც აპელირებდნენ იმით, რომ კახი კალაძეს სხვადასხვა ქართული ბანკებისგან მილიონ ლარზე მეტი ვალი აქვს აღებული, რომელზეც თანხის გადაუხდელობის გამო ჯარიმები ერიცხება.  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით, როცა პირს ვალი აქვს, მას ბანკიდან ფული გააქვს, მაგრამ ამ ვალს არ ფარავს, ეს ნიშნავს, რომ ის ფულს საეჭვოდ ხარჯავს, კალაძის შემთხვევაში კი, ის ფულს “ქართულ ოცნებას” ურიცხავს. 

 

საბოლოოდ, მერაბ ლომიძემ უცვლელი დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება საბოლოოა და საქართველოში არ გასაჩივრდება.

 

ანალოგიური გადაწყვეტილება გამოიტანა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე ნათია ქუთათელაძემ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებითაც.

ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე და ბერა ივანშვილი
ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე და ბერა ივანშვილი

ნათია ქუთათელაძემ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნანა დარასელიას მიერ ბიძინა ივანიშვილის 21 მილიონამდე ლარით დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება. 

კახი კალაძის საქმის მსგავსად, აღნიშნულიც ეხება ბიძინა ივანიშვილის მიერ პირადი ანგარიშიდან მოხსნილ თანხას, რომლის გამოყენებაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ეჭვქვეშ დააყენა.

ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს სასამართლო პროცესზე ადვოკატები შალვა თადუმაძე და ალექსანდრე ბარამიძე იცავდნენ, ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურს  აუდიტის სამსახურის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ამირანაშვილი და ამავე უწყების ფინანსური განყოფილების წარმომადგენელი ვახტანგ კეჟერაძე წარმოადგენდნენ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პროცესზე სააგენტო www.pirveli.com.ge-ს სტატია წარმოადგინა და მტკიცებულების სახით სტატიის საქმის მასალებისთვის დართვა მოითხოვა.

სტატიაში მოცემული იყო ადვოკატ ალექსანდრე ბარამიძის ციტატა, სადაც ის აცხადებდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნული თანხა ოჯახს მიმდინარე ხარჯების დასაფარად გადასცა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებით, ეს იყო მტკიცებულება იმისა, რომ თანხა გახარჯულია.
სასამართლომ აუდიტის სამსახურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა მისი სიტყვების ინტერპრეტაცია მოახდინეს:

“მე არასდროს მითქვამს, რომ ბიძინა ივანიშვილმა დახარჯა მისი და მისი მეუღლის მიერ საბანკო ანგარიშებიდან გამოტანილი თანხა, გარდა 1%–ისა. მე პასუხს ვაგებ ჩემს სიტყვებზე და არა იმ არასწორ ინტერპრეტაციაზე, რომელიც ჟურნალისტებმა ან სხვებმა შეიძლება მისცენ ჩემს სიტყვებს”, – განაცხადა ბარამიძემ.

შალვა თადუმაძის განცხადებით, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ფაქტები, რომლებიც საქმესთან არანაირ კავშირში არ არიან და უგულვებელყო ის, რაც მნიშვნელოვანია:

“არც ისაა დამტკიცებული, რომ ეს თანხა ბიძინა ივანიშვილმა “ქართულ ოცნებას” გადაურიცხა და არც ის, რომ ივანიშვილმა ან მისმა მეუღლემ ეკატერინა ხვედელიძემ ეს თანხა ვინმე სხვას გადასცეს. საქმეში არ არის წარმოდგენილი “ქართული ოცნების” ანგარიშზე ჩარიცხული თანხების ამონაწერი. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით სასამართლოს გადაწყვეტილებას”, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

ნათია ქუთათელაძემ მოსამართლედ მუშაობა 2008 წელს სამტრედიის რაიონული სასამართლოში დაიწყო. ის 2010 წლიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა, ხოლო 2011 წლიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოში მუშაობს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე ნათია ქუთათელაძის ქმარია გიორგი უკლება, რომელიც 2004 წლიდან იყო “ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატების” წევრი, 2004–დან 2008 წლამდე იყო პარლამენტის წევრი, ამჟამად კი “საქართველოს რკინიგზის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.

სააპელაციო სასამართლოში სწორედ ნათია ქუთათელაძე იყო იმ სხდომის თავმჯდომარე, რომელზეც ბიძინა ივანიშვილის 126–მილიონიანი ჯარიმა განახევრდა, თუმცა საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.

მასალების გადაბეჭდვის წესი