სამართალი

ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლოს სტატისტიკა და რეალობა

13 აგვისტო, 2012 •
ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლოს სტატისტიკა და რეალობა

სასამართლოს სტატისტიკით, ადმინისტრაციულ საქმეებზე პირველი ინსტანციის სასამართლოებმა 2012 წლის 6 თვეში 1302 გადაწყვეტილება გამოიტანეს ფიზიკური და იურიდიული პირების სასარგებლოდ, 2011 წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი იყო  946, ანუ 356 საქმით ნაკლები.

ფიზიკური და იურიდიული პირების სასარგებლოდ შეცვლილი სტატისტიკა 2012 წელს არ შეხებია იმ პირებსა და იურიდიულ პირებს, რომლებიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის [კონტროლის პალატა] მოთხოვნის შესახამისად მოსამართლეებმა კოლოსალური ოდენობის თანხით დააჯარიმეს. აღნიშნული საქმეების უმრავლესობა პოლიტიკური პარტიებისთვის, ძირითადად, კოალიცია “ქართული ოცნებისთვის” თანხების უკანონო შეწირვას ეხება.

 

ამ საქმეებზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეები ყოველთვის აკმაყოფილებდნენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოთხოვნას პირთა დაჯარიმების შესახებ. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოებს, მათ მხოლოდ ჯარიმის თანხა შეამცირეს რამდენიმე შემთხვევაში, გამამტყუნებელი გადაწყვეტილება კი ძალაში დატოვეს.

 

ერთი–ერთი ბოლო შემთხვევაც სწორედ “ქართულ ოცნებას” ეხება. თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე დღის წინ კახი კალაძე დააჯარიმა 17 მილიონამდე ლარით, ბიძინა ივანიშილი კი– დაახლოებით 21 მილიონი ლარით. სასამართლომ გაითვალისწინა აუდიტის სამსახურის მოსაზრება, რომ კალაძემ და ივანიშვილმა 3 და 5 მილიონამდე ლარი საკუთარი საბანკო ანგარიშებიდან გაიტანეს 2012 წლის პირველი 7 თვის მანძილზე და რადგან ხარჯთაღრიცხვა ვერ წარმოადგინეს, ეს ნიშნავს, რომ მათ თანხა სხვა პირების საშუალებით “ქართულ ოცნებას” შესწირეს.

 

“არ არსებობდა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძელი, რომ მოსამართლე კობა გოცირიძეს დაეჯარიმებინა კახი კალაძე უკანონო შემოწირულობის განხორციელებისთვის. პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონში არ წერია, რომ პირს ეკრძალება პირადი მიზნებისთვის პირადი ანგარიშიდან თანხის გატანა. საქმეში არ იდო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ კალაძემ ბანკიდან გამოტანილი თანხა საარჩევნო პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა”,– განუცხადა “ნეტგაზეთს” “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტმა კახა კოჟორიძემ, რომელიც კალაძის დაჯარიმების პროცესს ესწრებოდა.

 

“სახელმწიფო აუდიტის სამსახურის არგუმენტი ის იყო, რომ კალაძემ ბოლო რვა თვის განმავლობაში რომ გამოიტანა ბანკიდან თანხა, ამ პერიოდს ემთხვეოდა სხვა ფიზიკური პირების მიერ “ქართულ ოცნებაში” შემოწირულობების შეტანა. ეს არის აბსურდი. ვიღაცამ თუ შეიტანა “ქართულ ოცნებაში” თანხა, კალაძე რა შუაშია? ჯერ ერთი, თანხის ოდენობა არ ემთხვევა, მეორეც, არავინ ადასტურებს, რომ ამ შემომწირველებს კალაძემ გადასცა ფული. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება არის აბსურდული და ეწინააღმდეგება ყველა იმ პრინციპს, რასაც უნდა ემყარებოდეს სახელმწიფო. 

 

ამ გადაწყვეტილებით დაირღვა კონსტიტუციური პრინციპი, რომლის მიხედვითაც, არავინაა ვალდებული საკუთარი უდანაშაულობა ამტკიცოს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უნდა დაედასტურებინა მისთვის, რომ მან ეს თანხა უკანონოდ გამოიყენა”, – ამბობს კახა კოჟორიძე. 

 

არც ერთი საქმე, რომელშიც მხარედ იყო სახელმწიფო აუდიტის სამსახური და რომელიც პარტიებისთვის თანხების უკანონო შეწირვას ეხებოდა, ფიზიკური და იურიდიული პირების სასარგებლოდ არ დასრულებულა 2012 წელს.

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად, შპს “ბურჯი” თბილისის საქალაქო სასამართლომ 2012 წლის ივლისში დააჯარიმა 11 მილიონზე მეტი ლარით. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, “ბურჯმა” ფაქტობრივად უსასყიდლოდ “ქართულ ოცნებაში” შემავალ პარტიებს მიმდინარე წლის ივნისის თვეში ავტომობილები მიაქირავა, რაც კომპანიას უკანონო შემოწირულობად ჩაეთვალა. 

 

სასამართლომ “ქართული ოცნებისთვის” თანხის უკანონო შეწირვის გამო ასევე დააჯარიმა “ქართუ ბანკის” 16 თანამშრომელი, უფრო ადრე კი სხვადასხვა პარტიებისთვის(მათ შორის ერთი “ნაციონალური მოძრაობისთვის”) თანხის უკანონო შეწირვისთვის 17 შემომწირველი დაჯარიმდა ჯამში 1 მილიონზე მეტი ლარით.

 

პარტიებისთვის თანხის უკანონო შეწირვის გამო, ჯერ 75 მილიონით, შემდეგ კი 21-მდე მილიონით, ანუ ჯამში დაახლოებით 96 მილიონი ლარით დააჯარიმეს ბიძინა ივანიშვილი, ამავე მოტივით არაერთი მილიონით დააჯარიმეს ივანიშვილის კუთვნილი კომპანიები – ”ბურჯი”, “ელიტა ბურჯი”, “მენეჯმენტ სერვისი”, “გლობალ კონტაქტ კონსალტინგი”. დაჯარიმებულთა შორის არიან კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალი პარტიებიც.

თუმცა, როცა საქმეში პოლიტიკური კონტექსტი და აქედან გამომდინარე, ზეწოლა ნაკლებია, სასამართლო ხშირად გადაწყვეტილებას ფიზიკური და იურიდიული პირის სასარგებლოდაც იღებს, თუნდაც მოწინააღმდეგე მხარე რომელიმე სამინისტრო, გამგეობა, საგადასახადო უწყება ან საპატრულო პოლიცია იყოს.  

მაგალითად, მიმდინარე წლის ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მოქალაქის საჩივარი და გააუქმა საჯარო რეესტრის გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის უარი კერძო საკუთრების რეგისტრაციაზე. სასამართლომ აღნიშნულ სამსახურს საქმის ხელახალი შესწავლა დაავალა.

სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას, რომელიც ფიზიკური და იურიდიული პირების სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილებების ზრდაზე მიუთითებს, სკეპტიკურად უყურებს საიას იურისტი კახა კოჟორიძე. 


“პირველ რიგში გასარკვევია, რამდენად რეალურია უზენაესი სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა და ეს ასეც რომ იყოს, ეს ბევრის არაფრის მთქმელია. მაგალითად, შესაძლოა რომელიმე პენსიონერს უკანონოდ შეუწყვიტეს პენსია და მან ამის გამო სასამართლოს მიმართა. როგორც წესი, მსგავს შემთხვევებში სასამართლო აკმაყოფილებს მის საჩივარს. ასეთი საქმეები და გადაწყვეტილებები სწორედ სტატისტიკას აბალანსებს. 

 

როცა წინასაარჩევნო მონიტორინგის ფარგლებში სასამართლო საქმეებს ვადევნებთ თვალყურს, არც ერთ მნიშვნელოვან საქმეზე მოსამართლე არ იღებს ისეთ გადაწყვეტილებას, როგორსაც კონსტიტუცია ავალდებულებს.  

 

თამამად შეიძლება ითქვას, რომ სასამართლო მსგავს შემთხვევაში ხელისუფლების მითითებას ასრულებს. ეს ბოლო საქმეებიდან განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა”, – მიიჩნევს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი