სამართალი

ბონდო შალიკიანი მოკლულია

7 აგვისტო, 2012 • 3250
ბონდო შალიკიანი მოკლულია

“ინტერფაქსის” ინფორმაციით, მოკლულია 1967 წელს დაბადებული კრიმინალური ავტორიტეტი ერთ-ერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკიდან, რომელიც ამ დროისთვის იყო რუსეთის მოქალაქე. ამავე სააგენტოს ცნობით, მკვლელობა ორი უცხო ქვეყნის კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის საქმის გარჩევის შედეგად მოხდა.

 

ბელორუსი სამართალდამცავების ინფორმაციით,  დღეს, 7 აგვისტოს, დაახლოებით 01:10 საათზე საცხოვრებელი სახლის ეზოში განხორციელდა რამდენიმე გასროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან. გამოძიების ვარაუდით, მკვლელობაში რამდენიმე პირი მონაწილეობდა. სამართალდამცავები მუშაობენ შეკვეთილი მკვლელობის ვერსიაზეც.

 

ბონდო შალიკიანი
ბონდო შალიკიანი

ბონდო შალიკიაანი პოლიტიკურ საქმიანობაში 1990-იანი წლების ბოლოს ჩაერთო. 2002 წელს იგი არჩეული იქნა ქუთაისის საკრებულოს წევრად, ხოლოდ 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა, როგორც ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი.

 

მანამდე ბონდო შალიაკიანი ბიზნეს-საქმიანობას ეწეოდა იმერეთში. ფლობდა სხვადასხვა სახის ბიზნესებს, მათ შორის, ნავთობპროდუქტებში, მედიკამენტების წარმოებაში, სათამაშო ბიზნესში, მედიაში და სხვა. შალიკიანი კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაახლოებული პირი იყო.

 

2004 წლის 5 მარტს ქუთაისში, მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, რომელსაც მაშინდელი შს მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ხელმძღვანელობდა, ბონდო შალიკიანი დააპატიმრეს იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით. შალიკიანი რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს, თუმცა მას ჩამოერთვა კუთვნილი ბენზინგასამართი სადგურების ქსელი, აქციები “ავტოქარხანაში”, კურორტ “საირმეში”, ფარმაცევტული ქარხანა ქუთაისში, ტელეკომპანია “ქუთაისი” და სხვა ბიზნეს-კომპანიები.

 

შალიკიანი ამის შემდეგ რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად და აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობაც მიიღო. 2007 წელს კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა განაახლა 1990-იანი წლების დასაწყისში ჩადენილი დანაშაულების გამო, რომელიც ეხებოდა ადამიანის გატაცების, გამოძალვის და ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტებს, რის გამოც ქართულმა მართლმსაჯულებამ მას დაუსწრებლად 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

 

ამის შემდეგ საქართველოში პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა შალიკიანის მეუღლემ – ეკატერინე მინდაძემ სცადა: 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ის იყო ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი “ქრისტიან-დემოკრატიული ალიანსიდან”.  2009 წელს ქართველმა სამართალდამცავებმა შალიკიანის შვილი იარაღის უკანონოდ ტარებისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

მკვლელობის ადგილი მინსკში
მკვლელობის ადგილი მინსკში

მასალების გადაბეჭდვის წესი