სამართალი

სასამართლო „ალიას“ ახსენებს, რომ შეურაცხყოფა კანონით ისჯება

2 აგვისტო, 2012 • • 1050
სასამართლო „ალიას“ ახსენებს, რომ შეურაცხყოფა კანონით ისჯება

განცხადება სასამართლომ დღეს, 2 აგვისტოს გამოაქვეყნა.

 

“სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული და დაცული უფლებაა, ამ უფლების დაცვა კი როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ასევე, მედიის მოვალეობაა, რადგან სწორედ მედიის მეშვეობით ხდება სხვადასხვა სახის ინფორმაციის ტირაჟირება.

 

2-6 აგვისტოს გაზეთ „ალია-ში” გამოქვეყნებული სტატიები, რომლებიც ოთარ კობერიძის გარშემო სხვადასხვა ავტორთა მიერ გავრცელებულ „მოსაზრებებს“ შეეხება, გაზეთის ერთგვარ სტილსა და გემოვნებას ეხმაურება და ეს გაზეთის სარედაქციო კოლეგიის არჩევანია, თუმცა გაზეთის, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეთა ვალდებულებაა, პატივი სცენ სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მხარეს შეუძლია იგი ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივროს და სამართლებრივი არგუმენტებით ეცადოს საკუთარი პოზიციის დასაბუთებას.

 

ინფორმაციისთვის: ოთარ კობერიძისა და „ალია-ჰოლდინგს“ შორის დავა პირველი ინსტანციის სასამართლომ გაზეთის სასარგებლოდ დაასრულა, გასაჩივრების შემდგომ გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ ოთარ კობერიძის სასარგებლოდ შეცვალა, დავა მხარეებმა შეიძლება უზენაეს სასამართლოში გააგრძელონ. სწორედ ეს არის სამართლებრივი ბრძოლის ერთადერთი სწორი და სახელმწიფოებრივი გზა და არა სასამართლოს და მოსამართლეთა შეურაცხმყოფელი სტატიები, რომელსაც გამომცემლობა „ალია-ჰოლდინგი“ თავის ფურცლებზე პერმანენტულად აქვეყნებს.

 

სასამართლო მოუწოდებს მხარეებს, პატივი სცენ სასამართლოს გადაწყვეტილებებს და კიდევ ერთხელ შეახსენებს ყველას, რომ სასამართლოს შეურაცხყოფა სცილდება სამართლებრივი დავის ფარგლებს და იგი არა მარტო დაბალი სამართლებრივი კულტურის მანიშნებელია, არამედ ისჯება კანონით”, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ “ალია ჰოლდინგი” 50 ათასი ლარით დააჯარიმა გამოქვეყნებული სტატიისთვის, რომელიც მსახიობ ოთარ კობერიძეს პედოფილიასა და არასრულწლოვნების გარყვნაში ადანაშაულებდა. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი