სამართალი

შსს პრეზიდენტის ესკორტის კავშირს ავტოავარიასთან გამორიცხავს

31 ივლისი, 2012 •
შსს პრეზიდენტის ესკორტის კავშირს ავტოავარიასთან გამორიცხავს

ავტოავარიის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად საინფორმაციო სააგენტო “ინფო 9”-მ გაავრცელა, რომლის თანახმადაც, სწორედ პრეზიდენტის ესკორტის ერთ-ერთი ავტომანქანა შეეჯახა “ოპელის” მარკის ავტომობილს, რომლის მძღოლიც ავარიის შედეგად დაიღუპა.

 

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია:

 

“ცენტრალური მაგისტრალის თბილისი-სენაკი-ლესელიძის 95-ე კილომეტრზე 30 ივლისს, 18:55 სთ-ზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 276 მუხ. მე-5 ნაწილით, მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიების ინფორმაციით, ავტომობილმა „ოპელ ასტრამ” სახელმწიფო ნომრით DRD-837 გადაკვეთა ღერძულა ხაზი და საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ავტომობილს „შკოდა სკაუტს” სახელმწიფო ნომრით SSP-043 შეეჯახა. „ოპელ ასტრას” მძღოლი ალექსანდრე გვარამია ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის შედეგად სხეულის დაზიანება რვა ადამიანმა მიიღო”.

 

შსს–ს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ავარიაში მოყოლილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ავტომობილი „შკოდა სკაუტი” სახელმწიფო ნომრით SSP-043 დამოუკიდებლად მოძრაობდა და არანაირი ესკორტის შემადგენლობაში არ ყოფილა. მახარაძის განცხადებით, პრეზიდენტი ავტოავარიის დროს თელავში იმყოფებოდა. 

 

თუმცა, გუშინ პრეზიდენტი, თელავის გარდა, ბორჯომსაც სტუმრობდა.

 

პოლიციის ვიდეომასალა:

მასალების გადაბეჭდვის წესი