საარჩევნოდ მედიასაშუალებების მუშაობის მონიტორინგს 2012 წლამდე საქართველოში ცენტრალური საარჩევნო კომისია აწარმოებდა, საარჩევნო კოდექსში რამდენიმე თვის წინ შესული ცვლილებით კი ეს ფუნქცია კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას გადაეცა.
საარჩევნო კოდექსის 51–ე მუხლის მე–15 პუნქტის მიხედვით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განსაზღვრავს საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესს, უზრუნველყოფს მაუწყებლის მიერ ამ კანონით დადგენილ ნორმათა დაცვის მონიტორინგს და ახდენს შესაბამის რეაგირებას ამ ნორმების დარღვევაზე. აღნიშნულ კოდექსში ასევე არის მუხლი, რომლიც ითავლისწინებს მედიასაშუალებების დაჯარიმებას საარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებზე ჩატარებული კვლევის არასათანადოდ გაშუქებისთვის, ასევე პოლიტიკური რეკლამის განთავსების წესის დარღევისთვის. აქამდე ეს სანქცია ეხებოდა მხოლოდ მაუწყებლებსა და ბიუჯეტიდან დაფინასებულ ბეჭდურ მედიასაშუალებებს. დამოუკიდებელ ინტერნეტ გამოცემებსა და ბეჭდურ მედიაზე მსგავსი კონტროლი და მონიტორინგი არ ვრცელდებოდა. საარჩევნო კოდექსში ჩაწერილმა სიტყვამ – “მედია” – ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ვინაიდან აღნიშნული სიტყვა ძალიან ბევრი ტიპის მედიასაშუალებას გულისხმობს, მათ შორის ბეჭდურსა და ონლაინ მედიას, დამატებითი საფიქრალი გაუჩნდა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, რადგან აქამდე ის მხოლოდ მაუწყებლებს აკონტროლებდა.
“ მედია არის ზოგადი ცნება და საჯარო ადმინსტრაციული წარმოება იმიტომ დაიწყო, რომ განისაზღვროს, რომელ მედიასაშუალებას შეეხება ჩვენი კონტროლი. ჩვენ ბეჭდური მედიის რეგულირება არ გვეხებოდა, ეს აბსოლუტურად ახალია ჩვენთვის. არ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ და ამიტომ დავიწყეთ საჯარო ადმინსტრაციული წარმოება,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ხატია ყურაშვილმა. აქედან გამომდინარე, უწყებას ჯერჯერობით არა აქვს პასუხი კითხვაზე, რა ტიპის მედიასაშუალებებზე გავრცელდება მარეგულირებლის კონტროლი.
“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” აღმასრულებელი დირექტორი, იურისტი თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ საარჩევნო კოდექსში ჩაწერილი სიტყვა “მედია” ვიწრო მნიშვნელობით უნდა იქნას გაგებული და მასში მხოლოდ ის მედიასაშუალებები უნდა მოვიაზროთ, რასაც აქამდე გულისხმობდა საარჩევნო კოდექსი.
“ახლა არსებობს ძალიან დიდი რისკი, რომ კომუნიკაციების კომისიამ მოიცვას არა მხოლოდ ბიუჯეტიდან დაფინანსებული ბეჭდური მედიასაშუალებები და მაუწყებლები, არამედ დამოუკიდებელი ინტერნეტ და ბეჭდური გამოცემები. ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს როგორც მედიას, ისე თავად კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას. ერთ დღესაც, შესაძლოა, კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ დააჯარიმოს რომელიმე ინტერნეტამოცემა იმიტომ, რომ მან საარჩევნო კვლევა კანონის შესაბამისად არ გააშუქა,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” თამარ კორძიამ.
თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა გაზარდა კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის უფლებამოსილება, უფლებების ამგვარი გაზრდა ეწინააღმდეგება სხვა კანონებით კომისიისთვის მინიჭებულ ფუნქციებს და კანონმდებლობა ამ თვალსაზრისით არ არის ჰარმონიული.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებლი დირექტორისთვის ასევე ძალიან ბუნდოვანია, როგორ უნდა განახორციელოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ყველა მედიასაშუალების მონიტორინგი.
“პირველ რიგში მან უნდა შეამოწმოს რამდენად კანონის დაცვით აშუქებენ საარჩევნო პროცესს მაუწყებლები, შემდეგ კი, ბიუჯეტიდან დაფინანსებული ბეჭდური გამოცემები. ამას თუ დაემატა მარეგულირებლის ახალი ფუნქციები და დაევალა სხვა მედიასაშუალებების, მათ შორის ინტერნეტგამოცემების კონტროლი, ეს იქნება პირველ რიგში დიდი დარტყმა კომისიისთვის. რა რესურსით და რა პრინციპით უნდა შეძლოს მან ყველა ინტერნეტგამოცემის მონიტორინგი? ეს წარმოუდგენელია, ამის რესურსი მას არა აქვს და არც ისეთი ორგანიზაციები არიან საქართველოში, რომლებიც ყველა მედიასაშუალების მონიტორინგს შეძლებენ,” – მიაჩნია თამარ კორძაიას.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნათია კაპანაძის მოსაზრებით, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია მაუწყებლებთან დაკავშირებით ყველა საკითხში გაცილებით კომპეტენტურია, რაც შეეხება გაზეთებისა და სხვა ტიპის მედიის კონტროლის ფუნქციას, ეს მისთვის ახალია და ამის გასაკეთებლად მას დამატებითი რესურსების მოძიება მოუწევს.
ნათია კაპანაძე ასევე იხსენებს საარჩევნო კოდექსის 83–ე მუხლს, სადაც წერია: “წინასაარჩევნო აგიტაციასთან, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებასა და ინფორმაციის გადაცემასთან ან გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს ელექტრონული მედიის საშუალების დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით, ხოლო ბეჭდვითი მედიის საშუალებისას – 500 ლარის ოდენობით.
“თუ ელექტრონულ მედიას ფართოდ განვმარტავთ, მათ შორის, რა თქმა უნდა, მოიაზრება ინტერნეტ გამოცემები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ კონტროლი უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ ონლაინ გამოცემებზე, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდება. საარჩევნოდ რომ დამატებითი რეგულაციები გავრცელდეს დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზე, ეს არ იქნება მიზანშეწონილი, ამისთვის ახლა მედია არ არის მზად”– მიიჩნევს მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნათია კაპანაძე.
მისივე აზრით, თუ კომიკაციების მარეგულირებელი კომისია “ელექტრონულ მედიაში” ინტერნეტგამოცემებსაც მოიაზრებს, მან მხოლოდ იმ გამოცემებზე უნდა განახორციელოს მონიტორინგი, ვინც ბიუჯეტიდან ფინანსდება.
იურისტი თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში მედიის მონიტორინგის კრიტერიუმების საჯარო განხილვისას აუცილებელია საზოგადოების ჩართულობა, რომ ზუსტად განისაზღვროს, რომელი მედიასაშუალებები დაექვემდებარებიან მონიტორინგს, რა სანქციები გავრცელდება მათზე, რა პრინციპით შეირჩევიან და ა.შ.
“სხვა მხრივ იქმნება რისკი, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ეს ყველაფერი მედიაზე პოლიტიკური ზეწოლის იარაღად გამოიყენოს,” – აცხადებს თამარ კორძაია.
მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი და საქრთველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აქტიურად გეგმავენ ჩართვას იმ საჯარო ადმინსიტრაციულ წარმოებაში, რომლის დასრულების შემდეგ გაირკვევა, გააკონტროლებს თუ არა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ონლაინ და ბეჭდურ მედიასაშუალებებს და რა ფორმით მოხდება ეს. აღნინული წამროება 18 ივლისს დაიწყო და 20 სამუშაო დღეში უნდა დასრულდეს. პროექტის ზეპირი მოსმენა 15 აგვისტოს გაიმართება, აგვისტოს ბოლოსთვის კი დადგენილება მზად იქნება.