გასულ კვირას ”მაესტროს” მიერ საზღვარზე შემოტანილი ათასობით ანტენის დაყადაღების საფუძვლად პროკურატურამ განაცხადა, რომ ”მაესტრო”, ”ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული კომპანიების მითითებით, ”ქართული ოცნების” სასარგებლოდ ამომრჩევლის მოსყიდვას აპირებდა ანტენების დარიგებით. პროკურატურამ კი ჯერ არჩადენილი დანაშაულის პრევენცია გადაწყვიტა. მაესტრო ამტკიცებს, რომ მას სატელიტური ანტენების გაყიდვა შეღავათიან ფასად ჰქონდა გადაწყვეტილი, რათა საკუთარი დაფარვის ზონა გაეზარდა და ამასთან ”ქართულ ოცნებას” კავშირი არა აქვს.
”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხლემძღვანელი ნათია კაპანაძე აცხადებს, რომ ”მაესტროს” ანტენებთან დაკავშირებით განხორციელებული ქმედებები შესაძლო შედეგის რელევანტური არ არის:
”როდესაც სამომავლო ქმედებებზე ხდება რაიმე შეზღუდვის დაწესება, ეს ეხება მძიმე, ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესაძლო ჩადენას, რაც ”მაესტროს” შემთხვევაში ვერ გვექნება, რადგან ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვა არ განეკუთვნება ასეთი დანაშაულის კატეგორიას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მედიასთან დაკავშირებით იმდენად ფართო უფლებები წარმოიშვება – გამოხატვის თავისუფლება, ჟურნალისტთა თავისუფალ გარემოში მუშაობის უფლება– რომ ძალიან მაღალია სტანდარტი როგორც ქართული, ისე საერთაშორისო კანონმდებლობით,” – ამბობს ნათია კაპანაძე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, მძიმეა დანაშაული, თუკი მისი ჩადენისთვის გათვალისიწნებულია 5-დან 10 წლამდე პატიმრობა, განსაკუთრებით კი მძიმეა, თუ პატიმრობის ვადა განსაზღვრულია 10 წლიდან უვადო პატიმრობამდე.
რაც შეეხება ამომრჩევლის მოსყიდვას, ეს არის დანაშაული, რომელიც ითავლისწინებს 3 წლამდე პატიმრობას, ან ჯარიმას. შესაბამისად, პროკურატურის ვარაუდი, რომ შესაძლოა მაესტროს მოესყიდა ამომრჩეველი, არ შეიცავს მძიმე, ან განსაკუთრბეით მძიმე დანაშაულის ჩადენის საფრთხეს.
იურისტი ნათია კაპანაძე ასევე განმარტავს, რომ პროკურატურის მიერ ჯერ არჩადენილი დანაშაულისთვის წინასწარ სასჯელის მოთხოვნას იმ შემთხვევაში ექნებოდა კანონიერი საფუძველი, თუკი იარსებებდა მძიმე, ან განსაკუტრებით დანაშაულის ჩადენის საფრთხე,
ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” იურისტი დიმიტრი ხაჩიძის მოსაზრებით, მსგავსი დანაშაულის საფრთხის შემთხვევაშიც კი, საკმარისი არ არის ვარაუდი და პროკურატურამ თავისი მოსაზრება მტკიცებულებებით უნდა გაამყაროს.
”რაც მაესტროს ანტენებთან დაკავშირებით წარმოადგინა პროკურატურამ, ეს მტკიცებულებები კი არა, თეორიულ ლოგიკაზე აგებული მსჯელობაა,” – ამბომს დიმიტრი ხაჩიძე. ის თავისი 12-წლიანი საადვოკატო პრაქტიკის მანძილზე ვერ იხსენებს საქმეს, როცა დანაშაულის პრევენიციის მიზნით ვინმე რაიმე ფორმით დასაჯეს, ან ქონება დაუყადაღეს.
”მე სახლში დანა მაქვს და შესაძლოა, პროკურატურამ ერთ დღესაც ჩათვალოს, რომ ამ დანით მე სამომავლოდ ვინმეს მოკვლა შემიძლია და ამის გამო ეს დანა ჩამომართვას და დამაპატიმროს – ამას ჰგავს მისი საქციელი ”მაესტროს” ანტენებთან დაკავშირებით”, – მიაჩნია იურისტ დიმიტრი ხაჩიძეს. მისივე თქმით, პროკურატურის საქმიანობის ნაწილი ნამდვილად არის დანაშაულის პრევენცია, მაგრამ ეს უნდა იყოს დოკუმენტურად, მტკიცბულებებით, ფაქტებით დადასტურებული და არა ვარაუდებზე აგებული.
საკუთარი სიმართლის დამტკიცებას სააპელაციო სასამართლოში აპირებენ ”მაესტროს” მფლობელები. რაც შეეხება ”მაესტროს” ჟურნალისტებს, მათ პირველი საპროტესტო აქცია თბილისში უკვე გამართეს 13 ივლისს და ხელსუფლებისგან მუშაობის საშუალება მოითხოვეს. როგორც ისინი აცხადებენ, ხელისუფლების მიერ ”მაესტროსა” და გლობალ ტვ”–ის ანტენების დაყადარების მიზანი მოსახლეობის ალტერნატიული ინფორმაციის გარეშე დატოვებაა.