სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე მანანა ჩოხელს საქმის განსახილველად და გადაწყვეტილების გამოსატანად მხოლოდ 3 საათი დასჭირდა. ამით, ბიძინა გიორგობიანსა და ”ქომაგს” საქართველოში საქმის გასაჩივრების ინსტანცია ამოეწურათ. მათი ადვოკატი იოსებ ბარათაშვილი ამბობს, რომ საჩივარი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით აუცილებლად მომზადდება ადამიანის ულფებათა ევროპული სასამართლოსთვის, რადგან მისი აზრით, კონტროლის პალატის გადაწყვეტილება კანონდარღვევითაა შედგენილი, სასამართლოებმა კი აღნიშნული საქმე სამართლიანად არ განიხილეს.
საქართველოს კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2012 წლის 18 მაისს დააყადაღა საქველმოქმედო ფონდ ”ქომაგის” საბანკო ანგარიშები, რადგან ის მიიჩნია პოლიტიკური მიზნების მქონე, ”ქართულ ოცნებასთან” კავშირიში მყოფ ორგანზიაციად. გარდა ამისა, ორგანიზაციისთვის 90 ათასი ევროს გადარიცხვის გამო 28 მაისს 900 ათასი ევროს ეკვივალენტი ლარით დააჯარიმა გერმანიის მოქლაქე ბიძინა გიორგობიანი.
კონტროლის პალატამ თავისი გადაწყვეტილების საფუძვლად დაასახელა ფონდ ”ქომაგის” შექმნამდე ”ქართული ოცნების” წევრები – სოზარ სუბარისა და არჩილ კბილაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელთა მიხედვითაც, აღნიშნული ფონდი დაეხმარებოდა პოლიტიკურად რეპრესირებული ყველა პირის ოჯახს. კონტროლის პალატას ერთ-ერთ არგუმენტად ნახსენები ჰქონდა გაზეთ ”რეზონანსის” სტატია სათაურით ”ქართული ოცნება პატიმართა ოჯახებს 5 000 ლარით დაეხმარება”.
სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ამირანაშვილმა განაცხადა, რომ სწორედ ამ საჯარო განცხადებებისა და ინფორმაციის საფუძველზე, ფონდი ”ქომაგი” მოექცა პარტიების დაფინანსების შესახებ ორგანული კანონის მოქედების არეალში.
იმის გამო, რომ ფონდ ”ქომაგს” ბიძინა გიორგობიანმა 10 მაისს 90 ათასი ევრო ჩაურიცხა, კონტროლის პალატამ ის ამ თანხის ათმაგი ოდენობით დააჯარიმა. 1 ივნისამდე სწორედ კონტროლის პალატა იღებდა უკანონო შემოწირულობისთვის პირისა და პარტიის დაჯარიმების გადაწყვეტილებას, 1 ივნისიდან კი ეს სასამართლოს პრეროგატივა გახდა.
კონტროლის პალატის განცხადებით, ბიძინა გიორგობიანი ”კონსერვატიული პარტიის: წევრი იყო და მან ”ქართული ოცნების” საარჩევნო მიზნებისთვის გადაურიცხა საქველმოქმედო ფონდს ფული. თუმცა, ბიძინა გიორგობიანმა აღნიშნული პარტიის საგარეო ურთიერთობათა მდივნის პოსტი 2011 წელს დატოვა.
კონტროლის პალატის არგუმენტებს არ ეთანხმება ”ქომაგისა” და ბიძინა გიორგობიანის ადვოკატი იოსებ ბარათაშვილი, რომელიც იმ არგუმენტებზე საუბრობს, რაც სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს.
იოსებ ბარათაშვილის თქმით, კონტროლის პალატას აღნიშნული გადაწყვეტილებები მხოლოდ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე არ უნდა მიეღო და თუ ბიძინა გიორგობიანის მიერ ”ქომაგისთვის” თანხის ჩარიცხვა საეჭვოდ მიიჩნია, პირველ რიგში, სწორედ ამ ფონდის წევრები უნდა დაეკითხა, მათგან უნდა მიეღო არგუმენტები და მერე გამოეტანა გადაწყვეტილებები. მითუმეტეს მაშინ, როცა იმავე მედიასაშუალებებით ”ქომაგის” თავმჯდომარე ია მეტრეველმა არაერთხელ განაცხადა, რომ ”ქართულ ოცნებას” ქომაგთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა და ეს იყო დამოუკიდებელი საქველმოქმედო ფონდი.
გარდა ამისა, იოსებ ბარათაშვილი ამტკიცებს, რომ ფონდ ”ქომაგში” ჩარიცხული 90 ათასი ევრო გადმორიცხული იყო გერმანიაში დარეგისტრირებული ორგანიზციიდან, რომლის სახელია ”აღმოსავლეთ ევროპა -მედია და საზოგადოება”. ბარათაშვილის თქმით, ბიძინა გიორგობიანმა, რომლიც ამავე ორგანიზაციის ხელმძღვანელია, განკარგა ამ ორგანიზაციის თანხა და არა თავისი პირადი ფინანსები.
კონტროლის პალატის წარმოამდგენელი გიორგი ამირანაშვილი ამბობს, რომ საქმეში მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ აღნიშნულმა გერმანულმა ორგანიზაციამ ბიძინა გიორგობიანს 90 ათასი ევროს განკარგვა ”ქომაგის” სასარგებლოდ დაავალა. გიორგობიანის ადვოკატის მტკიცებით, ეს არის ბიძინა გიორგობიანისა და გერმანული ფონდის კერძო ურთიერთობა და მათ შორის ამ საკითხზე სიტყვიერი შეთანხმება არსებობდა.
ბიძინა გიორგობიანისა და ”ქომაგის” ადვოაკტი იოსებ ბარათაშვილი მიუთითებს, რომ კონტროლის პალატის მიერ ”ქომაგის” ანგარიშების დაყადაღების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება კანონდარღვევითაა მიღებული. აღნიშნული გადაწყვეტილება 18 მაისს არის მიღებული და მასში წერია, რომ დოკუმენტის გასაჩივრება შესაძლებელია ამავე საქმეზე მიღებულ დადგენილებასთან ერთად. ”ქომაგის” ადვოკატმა 28 მაისამდე ვერ გაიგო რა დადგენილებაზე იყო საუბარი. 28 მაისს კონტროლის პალატამ გამოსცა დადგენილება ბიძინა გიორგობიანი 900 ათასი ევროს ეკვივალენტით ლარში დაჯარიმების შესახებ. როგორც აღმოჩნდა, კონტროლის პალატამ 18 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებაში ჯერ კიდევ არგამოცემული დადგენილების გასაჩივრებაზე მიუთითა.
ადვოკატ ბარათაშვილის მოსაზრებით, ეს აბსურდული ქმედებაა, რადგან შესაძლოა, 28 მაისამდე საქმე ისე წარმართულიყო, რომ ეს დადგენილება საერთოდ არ გამოცემულიყო.
იოსებ ბარათაშვილს ასევე უკანონოდ მიაჩნია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თამარ ონიანის გადაწყვეტილება, რომლემაც დაადგინა, რომ კონტროლის პალატამ კანონიერად დააჯარიმა ბიძინა გიორგობიანი და ასევე კანონიერად დააყადაღა ”ქომაგის” ანგარიშები. მოსამართლემ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ დაყადაღებული თანხა ”ქომაგს” ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადაერიცხა. იოსებ ბარათაშვილს მოსამართლის ეს ქმედება უკანონოდ მიაჩნია, რადგან პროცესზე ეს არცერთ მხარეს არ მოუთხოვია და მას თავისი ინიციატივით ამის მითითების უფლება არ ჰქონდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მანანა ჩოხელმა კანონიერად სცნო თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და უცვლელად დატოვა.
იოსებ ბარათაშვილი მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული დარღვევების რაოდენობით, მას შეუძლია იმის დასკვნა, რომ ეს საქმე ევროსასამართლოში წარმატებას მოიპოვებს. ადვოაკტის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას გაუჭირდება ბიძინა გიორგობიანისგან ჯარიმის – 952 ათასი ლარის ამოღება, რადგან ის გერმანიის მოქლაქეა და საქართველოში ქონებას არ ფლობს.
მანანა ჩოხელმა 1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკლუტეტი. ის 1993-
1999 წლებში დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში მუშაობდა მოსამართლედ, 1994-2000 წლებში ლაგოდეხის რაიონულ სასამართლოში, 2004-2005 წლებში თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლედ, 2005 წლიდან დღემდე კი არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.
რაც შეეხება თამარ ონიანს, ის თბილისის საქალაქო სასამართლოში 2010 წლის 15 ოქტომბრიდან დაინიშნა. მან 2004 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნიბვერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 2004-2005 წლებში თბილისის საოლქო სასმაართლოში მოსამართლის თანაშემწედ მუშაობდა, 2005 წელს კი ამავე სასამართლოში სხდომის მდივანი იყო.
თამარ ონიანმა 2006-2007 წლებში მუშაობა გააგრძელა სანოტარო ბიუროში ნოტარიუსის კონსულტანტად, 2007-
2009 წლებში უზენაეს სასმართლოში მოსამართლის რეფერანტად. მან 2008 წელს ჩააბრა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები. თავდაპირველად, ის 2010წლის აგვისტოში დაინიშნა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ და მიავლინეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. 2010 წლის ოქტომბრიდან დღემდე კი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა.