სამართალი

ეთიკის ქარტია გმობს ”ინფო 9”–ზე ზეწოლას

6 ივლისი, 2012 • • 1038
ეთიკის ქარტია გმობს ”ინფო 9”–ზე ზეწოლას

„ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” საგანგაშოდ მიიჩნევს უკანასკნელ პერიოდში „ინფო 9“-ის ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტებს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ამას ახორციელებს მედიასაშუალებები,“ – წერია განცხადებაში, რომელიც ქარტიამ დღეს, 6 ივლისს გაავრცელა. 

ქარტიის განცხადებით,  საინფორმაციო სააგენტო ”ინფო 9”–ის ჟურნალისტ ეკატერინე დუგლაძეს ერთი კვირაა დასდევს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც თავს „მედიაჯგუფს“ უწოდებს. 7 მამაკაცი, მათ შორის ხუთი კამერით ხელში, მუდმივად დაყვება ჟურნალისტს და უსვამს არაკორექტულ და პროვოკაციულ შეკითხვებს. 

„ეკატერინე დუგლაძის მიმართ დასმული შეკითხვები პირდაპირ კავშირშია ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დარღვევასთან, რადგან შეკითხვები ეხება არა მხოლოდ პოლიტიკურ სფეროს, არამედ პირად ცხოვრებასაც“, აღნიშნავს ქარტია, რომელიც მიუთითებს ანალოგიური ზეწოლის ფგაქტებზე ქვემო ქართლის და ბათუმის გადამღები ჯგუფების მიმართ.

 

„ასევე გავრცელდა სოფელ წედისში „ინფო 9“-ის ჟურნალისტის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტიც“, წერია ქარტიის განცხადებში.

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ყველა ჟურნალისტს, დაიცვან ეთიკური სტანდარტები, მით უფრო მათი კოლეგებისგან ინტერვიუს აღების მცდელობისას და ხელი არ შეუშალონ ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში. 

 

„მიგვაჩნია, რომ ჟურნალისტ ეკატერინე დუგლაძეს ფაქტთან დაკავშირებით „მედიაჯგუფის“ წარმომადგენელთა ქმედება ცდება ეთიკური სტანდარტების დარღვევის ფარგლებს და ატარებს სისხლის სამართლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. ამიტომ მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს, დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტებით და დაიწყონ გამოძიება“

მასალების გადაბეჭდვის წესი