სამართალი

მოქალაქეები ახალი პასპორტების მიღებას ფოსტითაც შეძლებენ

4 ივლისი, 2012 • • 1145
მოქალაქეები ახალი პასპორტების მიღებას ფოსტითაც შეძლებენ

მოქალაქეები ID ბარათებისა და პასპორტების მიღებას ამიერიდან ფოსტითაც შეძლებენ. ახალი სერვისის შესახებ ინფორმაცია დღეს, 4 ივლისს, რუსთავის იუსტიციის სახლში გამართული პრესკონფერენციისას გახდა  ცნობილი. 

 

დღეს რუსთავის იუსტიციის სახლში სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი გაბრიელაშვილმა და შპს „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ ბესარიონ გელენიძემ სამოქალაქო რეესტრისთვის საფოსტო მომსახურების გაწევის თაობაზე შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. ინფორმაციას სამოქალაქო რეესტრის პრესსამსახური ავრცელებს.

 

გიორგი გაბრიელაშვილის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო მოქალაქეებს ახალ სერვისს სთავაზობს: ID ბარათისა და პასპორტის მიღების მსურველ მოქალაქეებს შეუძლიათ დოკუმენტის მისაღებად განაცხადი იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებში გააკეთონ, ხოლო დამზადებული დოკუმენტი დასახელებულ მისამართზე მიიღონ ფოსტით.   მათ  ამ სერვისით სარგებლობისთვის, დოკუმენტის ღირებულებასთან ერთად, დამატებით ორი ლარის გადახდა მოუწევთ.

 

ფოსტით სარგებლობისას მზა დოკუმენტი გადაეცემა  მხოლოდ განმცხადებელს. როგორც ცნობილია, ID ბარათები და პასპორტები მოქალაქეს შეუძლია მიიღოს განაცხადის ჩაბარებიდან მე–10, მე5, მე–3, მე–2 და იმავე დღეს. საბუთის ჩაბარებისთვის მოქალაქემ უნდა მიუთითოს 18.00 საათამდე, ნებისმიერი სამსაათიანი პერიოდი, მაგალითად, 13.00–დან 16.00 საათამდე.

 

დოკუმენტის ჩაბარების ადგილად განსაზღვრულია საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერ მისამართი, მათ შორის სოფლად არსებული მისამართები. 

 

სამოქალაქო რეესტრის ცნობით, მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით, ასევე შესაძლებელია დოკუმენტის მისაღებად განაცხადი მიიღოს სრს თბილასის საბურთალოს ტერიტორიულმა სამსახურმა და მოქალაქემ გადაცემის მისამართად მიუთითოს ქალაქ რუსთავში მდებარე მისამართი.

 

ფოსტის წარმომადგენელი ვიზიტს განახორციელებს გადაცემის დღეს მითითებულ მისამართზე დასახელებული დროის შუალედში, ამიტომ აუცილებელია, მოქალაქე აღნიშნულ დროს მისამართზე იმყოფებოდეს. ასევე განმცხადებელი ინფორმირებული იქნება იმის თაობაზე, რომ თუ პირველ ვიზიტზე დოკუმენტი ვერ იქნება ჩაბარებული, ფოსტის თანამშრომელი იმავე მისამართზე მომდევნო დღეს მითითებულ დროის შუალედში გამოცხადდება. თუ მეორე ცდაზეც ვერ განხორციელდა საბუთის ჩაბარება, დოკუმენტი დაბრუნდება განცხადების მიმღებ სამსახრუში.

 

ვინაიდან საფოსტო მომსახურებით დოკუმენტის გაცემა შესაძლებელი იქნება ნებისმიერ მისამართზე, დოკუმენტის გაგზავნას სჭირდება გარკვეული დრო. აქედან გამომდინარე, თბილისში შესაძლებელია როგორც ერთდღიანი, ასევე ნებისმიერ დაჩქარებულ ვადაში ფოსტის მეშვეობით დოკუმენტის გაგზავნა.

 

ცნობისთვის, სამომავლოდ საფოსტო მომსახურებით შესაძლებელი იქნება სხვა დოკუმენტების გაცემაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი