სამართალი

”მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურისადმი” დამოკიდებულების კვლევის შედეგები

20 ივნისი, 2012 •
”მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურისადმი” დამოკიდებულების კვლევის შედეგები

დღეს, 20 ივნისს, იუსტიციის სამინისტროში „მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის” ერთწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამეს და ამ ინსტიტუტთან დაკავშირებით მომხმარებელთა დამოკიდებულების კვლევის შედეგები წარმოადგინეს. 

 

„მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური” იუსტიციის სამინისტროს მიერ 2011 წლის აგვისტოდან საქართველოს ოთხ ქალაქში – თბილისში, ბათუში, ქუთაისსა და რუსთავში  ამოქმედდა, 2012 წელს კი მისი არეალი გაფართოვდა და თელავი, ზუგდიდი და გორიც მოიცვა. 

 

”აღნიშნული სამსახური შეიქმნა იმის გამო, რომ დანაშაულის შედეგად დაზარალებულ პირებს სჭირდებათ ინფორმაცია, რა ხდება მათ საქმეებზე.ზოგჯერ მათ აქვთ გარკვეული სახის პრეტენზია და მათ სურთ პროკურორთან საუბარი და შეხვედრა. ამავე დროს, ამ ადამიანებმა ხშირად არ იციან, რა უფლებები აქვთ მათ, ან სასამართლოში ჩვენება როგორ უნდა მისცენ, იქ რა ხდება. ზოგადად, მათთან კომუნიკაცია პროკურორებს ევალებათ, მაგრამ იმის გამო, რომ პროკურორებს გაცილებით მნიშვნელოვანი, სხვა ბევრი საქმეც აქვთ, ხშირად ამ მოქალაქეებს სათანადო ყურადღებას ვერ უთმობდნენ. ჩვენ ამიტომ შევქმენით სპეციალური სამსახური, სადაც ტრენინგგავლილი ფსიქოლოგები და იურისტები მოქალაქეებს ხვდებიან, აწვდიან მათ ყველა საჭირო ინფორმაციას, აცნობენ უფლებებს, რომლებიც მათ გააჩნიათ, ეხმარებიან სასამართლო სხდომის დარბაზში ორიენტაციაში, ყველა პროცედურას უხსნიან და ა.შ. ერთი სიტყვით, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოწმემ და დაზარალებულმა თავი იგრძნონ დაფასებულად,” – განუცხადა ”ნეტგაზეთს” საქართველოს იუსტიციის სამინსიტროს ანალიტიკური დეპარტამნეტის ხელმძღვანელმა ოთარ კახიძემ. დღეს წარმოდგენილი კვლევის შედეგები სწორედ ამ სერვისისადმი მომხმარებელთა დამოკიდებულების მაჩვენებელია.

 

საქართველოს პროკურატურის ახალი სამსახურის მიმართ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები კომპანია ACT-მ წარმოადგინა. კვლევის ფარგლებში 237 რესპოდენტი გამოიკითხა, რომლებმაც „მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის” სამსახურით ისარგებლეს. ჩატარდა როგორც ინდივიდუალური, ისე – ჯგუფური ინტერვიუები.

 

როგორც კვლევამ აჩვენა, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის შესახებ მოქალაქეები ინფორმაციას, უმეტესწილად, უშუალოდ კოორდინატორისგან იგებენ;  გამოკითხულთა დაახლოებით 93%-ს „მოწმისა და დაზარალებულის” კოორდინატორის სამსახური” „მნიშვნელოვნად” ან „ძალიან მნიშვნელოვნად” მიაჩნიათ, მათი 96% კი გაწეული მომსახურებით „კმაყოფილი” ან „ძალიან კმაყოფილია”. „მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის” სერვისით სარგებლობის შემდეგ პროკურატურის მიმართ განწყობა დადებითად შეეცვალა გამოკითხულთა 69%-ს.

 

კვლევის პრეზენტაცია იუსტიციის სამინისტროში დაზარალებულის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. კვირეული ორშაბათს, 18 მაისს, ბათუმში გაიხსნა და 24 ივნისამდე გასტანს. ამ დროის მანძილზე იუსტიციის სამინისტროში მრავალფეროვანი ღონისძიებებია დაგეგემილი – მრგვალი მაგიდა; შეხვედრები, დისკუსიები, სადაც დაზარალებულის უფლებების დაცვაზე, ამ მხრივ საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე ისაუბრებენ.

 

იუსტიციის სამინსიტროში მიაჩნიათ, რომ „მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური” მოქალაქეების ურთიერთობას სამართალდამცავ სისტემასთან უფრო ეფექტურს გახდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი