სამართალი

ტერორიზმში ბრალდებულთა პროცესი კიდევ გადაიდო

8 მაისი, 2012 • • 1197
ტერორიზმში ბრალდებულთა პროცესი კიდევ გადაიდო

2010 წლის შემოდგომაზე საქართველოში განხორციელებული ტერაქტებში ბრალდებული 7 პირის სასამართლო პროცესი უნდა განახლებულიყო დღეს, 8 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგრამ 10 მაისისთვის გადაიდო. მიზეზი პროცესზე პროკურორისა და ორი განსასჯელის ადვოკატის დაგვიანება გახდა.

ერთ-ერთი განსასჯელის, დავით კეკუტიას ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა, რომ პროკურორი და ძმებ არქანიების ადვოკატი საპროცესო შეთანხმებაზე მოსალაპარაკებლად პატიმრებთან იყვნენ ჩასულები, რის გამოც პროცესზე თითქმის ერთი საათით დააგვიანეს, მოსამართლემ კი, დანარჩენი ადვოკატების მოთხოვნით, პროცესი კიდევ ორი დღით გადადო.

დღევანდელის მსგავსად, ასევე გადაიდო 3 მაისის პროცესიც, რადგან პროკურატურამ ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმება შესთავაზა და მოსალაპარაკებლად დრო ითხოვა. სწორედ დღევანდელ პროცესზე უნდა გარკვეულიყო, დათანხმდებიან თუ არა განსასჯელები პროკურატურის შეთავაზებას.

დავით კეკუტიას ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა ჟურნალისტებს 3 მაისს, პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა, რომ პროკურატურა ტერორიზმში ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ 1.7 წლიდან 22 წლამდე პატიმრობას სთავაზობს. ყველა ბრალდებულს პროკურორმა სხვადასხვა პირობა შესთავაზა, მოლაპარაკების საწარმოებლად კი დამატებითი დრო ითხოვა.

ტერორზმში ბრალდებულები თბილისის საქალაქო სასამართლომ გასულ წელს გაასამართლა და მათ უმრავლესობას 20-30 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ამჟამად მათ საქმეს თბილისის სააპელაციო სასამართლ განიხილავს, თუმცა პროცესები თბილისის  საქალაქო სასამართლოს პირველ დარბაზში იმართება. სასამართლო პროცესს რამდენიმე ვიდეოკამერა იღებს, ჟურნალისტებისთვის კი აუდიოჩაწერაა ნებადართული.

როგორც გელა ნიკოლაიშვილი ამტკიცებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დავით კეკუტია, რომელსაც საპროცესო შეთანხმებით 20-წლიანი სასჯელის მოხდა შესთავაზეს,  კატეგორიულად არ ეთანხმება პროკურატურის ბრალდებას ტერორიზმში მონაწილეობასთან დაკავშირებით და ამის აღიარებას არანაირი პირობის სანაცვლოდ არ აპირებს. 

”მან თქვა, რომ შესაძლოა, ის მაქსიმუმ პოლიციისთვის წინააღდეგობის გაწევის აღიარებას დათანხმდეს, რისთვისაც მაქსიმალური სასჯელი 5 წელია, არავითარ შემთხვევაში არ აღიარებს ტერაქტებში მონაწილეობას,” – განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა. მისივე ინფორმაციით, კიდევ ერთ დაკავებულთან – გოდერძი არქანიასთან პროკურატურამ წინასწარ შეთანხმებას უკვე მიაღწია. ამ შეთანხმების მიხედვით კი, გოდერძი არქანია მხოლოდ 1.7– წლიან სასჯელს მოიხდის, თუ მისი ძმა, გოგიტა არქანია, რომელიც ასევე დაკავებულია, დათანხმდება 22-წლიანი სასჯელის მოხდას. მას ამჟამად 30-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

გელა ნიკოლაიშვილის თქმით, დანარჩენ მსჯავრდბულებსაც სასჯელის მხოლოდ ნაწილობრივ შემსუბუქებას დაპირდნენ, მათ შორის მერაბ ყოლბაიასაც, რომელსაც 30-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

შეგახსენებთ, რომ 2010 წლის სექტემბერ-ნოემბერში საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ აფეთქებებში ბრალდებული 7 პირი შსს-მ 2010 წლის 4 დეკემბერს დააკავა. ბრალდებულები არიან:  გოგიტა რევაზის ძე არქანია, ჯონი მურადის ძე აბულაძე,  მარიამ მურმანის ას ნიკოლავა, გოჩა მალხაზის ძე ხურცილავა, გოდერძი რევაზის ძე არქანია,  ლელა მალხაზის ას. ხურცილავა  და მერაბ შერმადინის ძე ყოლბაია, მეტსახელად “კოჭოია”. 

დაკავებულთაგან მხოლოდ ყოლბაიამ და არქანიამ მისცეს აღიარებითი ჩვენებები. დანარჩენებმა დანაშაული არ აღიარეს. ყველა მათგანს 25-30 წლამდე პატიმრობა მიესაჯათ. 

მსჯავრდებულმა მერაბ ყოლბაიამ, იგივე “კოჭოიამ”,  2012 წლის 24 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სასამართლო პროცესზე განაცხდა, რომ პირვანდელი აღიარებითი ჩვენება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მისცა. მის განცხადებას სახალხო დამცველის ოფისიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ომბუდსმენის წარმომადგენლები ტერორიზმში ბრალდებულებს მუდმივად აკვირდებიან. 

ამავე თემაზე:

ტერორიზმში ბრალდებულბს ომბუდსმენის ოფისი აკვირდება 

ტერაქტებში ბრალდებული აცხადებს, რომ ჩვენება ზეწოლის ქვეშ მისცა

რატომ აპირებს ტერაქტებში ბრალდებული შიმშილობის დაწყებას

მასალების გადაბეჭდვის წესი