სამართალი

“ქართული ოცნების” აქციის მონაწილეებმა ქუთაისის მერიას სასამართლოში უჩივლეს [Video]

6 მაისი, 2012 • 2614
“ქართული ოცნების” აქციის მონაწილეებმა ქუთაისის მერიას სასამართლოში უჩივლეს [Video]

“ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა უკვე შეიტანეს სარჩელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ადგილობრივი მერიის წინააღმდეგ.

“სასარჩელო მოთხოვნაა, დაადგინოს სასამართლომ, რომ ქუთაისის მერიის, მერიის დასუფთავების და საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჩვენი, მოსარჩელეთა შეკრების შეწყვეტის შესახებ უკანონოა და ეწინააღმდეგება შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონს,” – აცხადებს ნატო ქათამაძე, “რესპუბლიკური პარტიის” ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და “ქართული ოცნების” წარმომადგენელი.

სარჩელი შეეხება 1 მაისს, ღამის საათებში, “ქართული ოცნების” აქტივისტების სიმბოლური აქციის წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშლის მცდელობას, რომელიც ქუთაისის დასუფთავებისა და სახანძრო მანქანების გამოყენებით განხორციელდა.

“აქციაში 100-მდე ადამიანი მონაწილეობდა, მაგრამ სარჩელს ხელს აწერს ათი მათგანი, თუმცა სასამართლო პროცესს ყველა დაეწსრება,” – ამბობს ნატო ქათამაძე.

მოსარჩელეებს სამართლებრივ დახმარებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი უწევს:

“საია ქუთაისში აქციის მიმდინარეობის დროს მერიის დასუფთავების სამსახურის ჩარევას გაუმართლებლად მიიჩნევს. მიგვაჩნია, რომ ადგილი ჰქონდა გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას და დაირღვა კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ,” – აცხადებს გიორგი ჭიქაბერიძე, საია-ს ქუთაისის ფილიალის იურისტი.

ქუთაისის მერი გიორგი თევდორაძე ამბობს, რომ არაფერი იცის აქციის დაშლაში მერიის დასუფთავების სამსახურის მონაწილეობის შესახებ:

“ზოგადად, დასუფთავების სამსახური აკეთებს ყოველთვის იმ საქმეს, რა საქმესაც უნდა აკეთებდეს. ამაზე დასუფთავებული და სუფთა ქუჩები მოწმობს,” – აცხადებს გიორგი თევდორაძე.

ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ლევან ჭანჭალეიშვილი ამბობს, რომ დასუფთავების მანქანები, რომლებიც 1 მაისს, ღამით რეცხავდნენ ქუჩებს, კერძო კომპანიის საკუთრებაა და ისინი სახელმწიფო სტრუქტურებს არ ემორჩილებიან.

მანქანები, რომლებიც წყლის ჭავლს უშვებდნენ “ქართული ოცნების” აქტივისტების მიმართულებით 1 მაისს, ღამით და რომლებიც დაფიქსირებულია იმ ღამით გადაღებულ ვიდეოკადრებში, “ნეტგაზეთმა” შპს “ქუთსერვის ჯგუფის” მისამართზე აღმოაჩინა. ეს ის კომპანიაა, რომელიც ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის მოგების შემდეგ ქალაქის დასუფთავებას ახორციელებს, თუმცა კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი თავად ქუთაისის მერიაა. 

შპს “ქუთსერვის ჯგუფის” დირექტორის პირველი მოადგილე ზურა აბულაძე ამბობს, რომ ქალაქის ქუჩების დასუფთავება, მორწყვა-ჩარეცხვა ყოველდღიურად ღამის საათებში ხდება ხოლმე, შესაბამისად, მოხდა 1 მაისის ღამითაც. ის ამბობს, რომ მისთვის უცნობია, მოხდა თუ არა მისი კომპანიის დაქვემდებარებაში მყოფი მანქანების გამოყენება “ქართული ოცნების” აქტივისტების აქციის დასაშლელად. 

ნატო ქათამაძის თქმით, მან რამდენიმე პირი ამოიცნო, მათ შორის ქუთაისის მერიის მართვის ტერიტორიული სამსახურის უფროსი კახა ხვარეშია, რომელიც თავისი მსუბუქი მანქანით დაყვებოდა დასუფთავებისა და სახანძროს მანქანებს, როცა ისინი წყლის ჭავლს უმიზნებდნენ აქციის მონაწილეებს.

თავად კახა ხვარეშია ამბობს, რომ იმ ღამით სამსახურიდან ღამის პირველი საათისთვის გავიდა:

“მივდიოდი სახლისკენ და შემთხვევით აღმოვჩნდი იქ, იმ ადგილზე. ვიყავი იქ საგანგებო სიტუაციების სამსახურთან ერთად, რომელიც ეუბნებოდა ამ ახალგაზრდებს, რომ ნუ დაანაგვიანებთ და თუ რამეს გააკეთებთ, აიღეთ და დატოვეთ დასუფთავებული იმიტომ, რომ იმ ღამით მთელი მერია მუშაობდა, რომ ქალაქი ყოფილიყო სუფთა 2 მაისის დღესასწაულისთვის,” – ამბობს კახა ხვარეშია.

ქათამაძის თქმით, შემთხვევის ადგილზე მან ასევე შენიშნა ქუთაისის შს მთავარი სამმართველოს უფროსი გრიგოლ თუთბერიძე, პოლიციის #2 განყოფილების უფროსი, მისი მოადგილე, რომლებიც, ნატო ქათამაძის თქმით, დაბურული მანქანებით გადაადგილდებოდნენ და აკონტროლობდნენ, თუ როგორ ასრულებდნენ “მათ დავალებას დაქირავებული მძღოლები”. 

“ქართული ოცნების” წარმომადგენლები მიმართავენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა დაიწყოს გამოძიება და დაისაჯონ ის პირები, ვინც მონაწილეობდა 1 მაისს ქუთაისში აქციის მონაწილეების წყლის ჭავლით დაშლის პროცესში.

“ქართული ოცნების” აქტივისტების აქცია იყო სიმბოლური: მათ ოფისიდან აღმაშენებლის ძეგლის მიმართულებით მანძილი ფეხით, შეძახილებით გაიარეს, რის შემდეგაც მივიდნენ სადგურის მოედანზე, სადაც აღმაშენებლის ძეგლის წინ სანთლებით დაწერეს: “გილოცავთ 2 მაისს”, ასევე, გაუშვეს ფოიერვერკი, მეორე დღეს დაგეგმილი ქუთაისობის დღესასწაულთან დაკავშირებით.

სახანძროსა და დასუფთავების მანქანები აქციის მონაწილეებს მას შემდეგ აედევნენ, რაც ისინი ქუთაისის მერიის შენობას მიუახლოვდნენ შეძახილებით: “გაუმარჯოს “ქართულ ოცნებას”!” მანქანებიდან მათი მიმართულებით მიუშვეს წყლის ჭავლი, ასე გაიარეს მათ რამდენიმე ასეული მეტრი სადგურის მოედნამდე, ხოლო მოედანზე მათ მიერ ანთებული სანთლები ასევე წყლის ჭავლით ჩააქრეს იგივე მანქანებმა.

მეორე დღეს, 2 მაისს, ქუთაისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ჩასული შვეიცარიის ელჩი გიუნტერ ბეხლერი “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შეხვდა და 1 მაისს მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას ადგილზე გაეცნო. 

“რაც თქვენგან მესმის, ეს არ უნდა ხდებოდეს, ეს არ არის მისაღები,” – განაცხადა ელჩმა.

მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “რეგიონული საკითხების გაშუქება” – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი “ბათუმელები” | ნეტგაზეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი