სახალხო დამცველმა ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაზეც გაამახვილა ყურადღება. მის უკანასკნელ ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი სწორედ აღნიშნულ საპყრობილესა და იქ არსებულ მძიმე ვითარებას ეთმობა:
„პატიმრებთან მოპყრობის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე რთული მდგომარეობა სწორედ ქუთაისის #2 საპყრობილეშია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აღნიშნული საპატიმრო სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშში მოხვდა. 2009 წელსაც ჩვენ მას დიდი ყურადღება დავუთმეთ. ამის შემდეგ ვითარება, გამკაცრებული რეჟიმის ფონზე, ოდნავ გამოსწორდა. ყველაზე მეტად ის გვაეჭვებს, რომ პატიმრები ნაკლებად საუბრობენ საპატიმროში არსებულ პრობლემებზე. მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე კონკრეტულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიებაც,“ – განაცხადა გიორგი ტუღუშმა.
სახალხო დამცველი მორიგ ანალოგიურ შეხვედრას ბათუმში გამართავს.