სამართალი

სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ბუნდოვანი გარემოებები [Video]

29 თებერვალი, 2012 • • 2805
სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ბუნდოვანი გარემოებები [Video]

სამართალდამცველებმა 47 წლის სოლომონ ქიმერიძე სახლიდან ისე გაიყვანეს, რომ თავიანთი ვინაობა ოჯახის წევრებისთვის არ განუმარტავთ და მათთვის არც ის უთქვამთ, თუ რისთვის მიჰყავდათ პოლიციაში.  ”ნეტგაზეთს”  ამის შესახებ პოლიციაში დაკითხვის შემდეგ გარდაცვლილი სოლომონ ქიმერიძის ოჯახის წევრებმა დღეს, 29 თებერვალს განუცხადეს.

სოლომონ ქიმერიძის რძალმა ”ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ხაშურელი სამართალდამცავები ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთში, სოლომონ ქიმერიძის სახლში 27 თებერვალს, დილის 11 საათზე მივიდნენ. მათ ქიმერიძის ოჯახის წევრებს საკუთარი ვინაობა არ გაუმხილეს, არც ის უთქვამთ, თუ რისთვის აპატიმრებდნენ.

”ბიჭმა ჰკითხა, სად მიგყავთო და ასე უთხრეს, რა შენი საქმეაო,” – იხსენებს მომხდარს აწ უკვე გარდაცვლილი სოლომონ ქიმერიძის ოჯახის წევრი.

სამართალდამცავების სტუმრობიდან რამდენიმე საათში ოჯახს შეატყობინეს, რომ სოლომონ ქიმერიძე პოლიციის შენობაში კიბიდან გადმოვარდა და მძიმე დაზიანებებით ხაშურის საავადმყოფოში იმყოფებოდა.

”მოყვანილი იყო საავადმყოფოში 27 თებერვალს, 18:45 საათზე, აღენიშნებოდა ქალა-ტვინის ტრავმა, მარცხენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, მარცხენა წვივის მოტეხილობა, მარჯვენა კვირისტავის მოტეხილობა, ტრავმული შოკი. მდგომარეობა მძიმე იყო. მიუხედავად მიღებული ღონისძიებებისა, მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, პირიქით, გაუარესდა. ავადმყოფი საავადმყოფოში მოყვანიდან 6 საათში გარდაიცვალა,” – უთხრა ”ნეტგაზეთს” ”მედიქალ პარკ საქართველოს” ხაშურის კლინიკის მენეჯერმა თეიმურაზ მძინარიშვილმა. მისივე თქმით, სოლომონ ქიმერიძე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა საავადმყოფოში და ტრავმების მიზეზად სიმაღლიდან ვარდნა დაასახელეს.

როგორც ექიმი ამბობს, დაშავებულისთვის არანაირი ოპერაცია არ გაუკეთებიათ, რადგან ის კვლავ შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ამ მდგომარეობიდან ვერ გამოვიდა. მიუხედავად სისხლის შემცვლელი პრეპარატების გაკეთებისა, პაციენტი ტრამვული შოკიდან ვერ გამოიყვანეს.

თეიმურაზ მძინარიშვილის თქმით, გარდაცვალების შემდეგ სამართალდამცავებმა სოლომონ ქიმერიძის ცხედარი ექსპერტიზის მიზნით გადაასვენეს ხაშურის საავადმყოფოდან, 28 თებერვალს, გამთენისას კი სახლში, სოფელ ქვიშხეთში მიასვენეს.

გარდაცვლილის დამ ”ნეტგაზეთს” ვიდეოინტერვიუზე უარი განუცხადა და ამის უფლება ოჯახის დანარჩენ წევრებსაც არ მისცა.

”არ ვიცი, რა მოუვიდა. ასე ამბობენ პოლიციელები, კიბიდან გადმოვარდაო, აბა, ჩვენ რა ვიცით?! ჩვენიანი მანდ არავინ ყოფილა, რომ რამე ენახა და ამბავი გამოეტანა. არაფერი  ვიცით და ვინმე როგორ დავადანაშაულოთ ამის სიკვდილში? ვერაფერს ვერ ვიტყვით,”- განუცხადა ”ნეტგაზეთს” გარდაცვლილის დამ, რომელმაც სახელი არ დაგვისახელა და სახლის დატოვება მოგვთხოვა. ჟურნალისტებთან საუბარს გარდაცვლილის მეზობლებიც ერიდებიან.

”უკვე ძალიან ბევრნი იყვნენ, რა უნდა გითხრათ? არ გეყოთ, რასაც 2 დღეა იღებთ? თუ უნდათ, ოჯახის წევრები ილაპარაკებენ, ჩვენ არაფერი გვაქვს სათქმელი,” – გვითხრა  სოლომონ ქიმერიძის ერთ-ერთმა მეზობელმა.

ქიმერიძეების სახლის წინ გაჩერებული იყო ”ლექსუსის” მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით LPL-466. მეზობლების თქმით, აღნიშნული

პოლიციელის ავტომობილი
პოლიციელის ავტომობილი

ავტომობილი პოლიციელებს ეკუთვნით, რომლებიც გარდაცვლილის სახლში იმყოფებიან. თუმცა ჩვენ ვერ შევძელით მათი იდენტიფიცირება, რადგან ქიმერიძეების სახლში მყოფთაგანს პოლიციის ფორმა არავის ეცვა.

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალების გასაგებად და პოლიციის შენობაში იმ ადგილის გადასაღებად, საიდანაც დაკითხვის შემდეგ სოლომონ ქიმერიძე გადმოვარდა, ხაშურის პოლიციის რაიონულ განოფილებას მივაკითხეთ. პოლიციის შემინული სამსართულიანი შენობა ხაშურის ცენტრში 2011 წლის 14 დეკემბერს გაიხსნა.

შენობაში შესვლამდე პოლიციელებმა ფოტო-ვიდეოკამერისა და ჩამწერი მოწყობილობის ავტომობილში დატოვება მოგვთხოვეს. ”ნეტგაზეთთან” სასაუბროდ ჩამოვიდა ხაშურის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსი გიორგი ხარშილაძე.

კითხვებზე, თუ ვის ევალებოდა პოლიციის შენობაში დაკითხვაზე მყოფი სოლომონ ქიმერიძის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მომხდარის გამო დადგა თუ არა რომელიმე სამართალდამცავის პასუხისმგებლობის საკითხი, როგორ და რა ვითარებაში გადმოვარდა სოლომონ ქიმერიძე სიმაღლიდან, გიორგი ხარშილაძემ გვიპასუხა, რომ ყველა აღნიშნულ კითხვაზე პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური გაგვცემდა. ტრაგედიის ადგილის გადაღების უფლებაც შსს-ს პრესსამსახურისგან უნდა აგვეღო.

ერთადერთი, რაზეც პოლიციის სამმართველოს უფროსი, გიორგი ხარშილაძე დაგვთანხმდა, ეს ტრაგედიის ადგილის რამდენიმე წამით ვიზუალური დათვალიერების უფლება იყო. ხარშილაძემ გვაჩვენა მესამე და მეორე სართულებს შორის დამაკავშირებელი კიბე და გვითხრა, რომ ქიმერიძე კიბის მოსახვევში მოულოდნელად გადმოვარდა და პირველ სართულზე, ფოიეში, მეტლახის იატაკზე დავარდა.

”მოაჯირი ძალიან დაბალია და იმიტომ,” – მიუთითა პოლიციის სამმართველოს უფროსმა ლითონის, დაახლოებით 1 მეტრი სიმაღლის მოაჯირს.

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალების გასაგებად და ტრაგედიის ადგილის ფოტო-ვიდეო გადაღების ნებართვის მისაღებად შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელს, ზურა გვენეტაძეს დავუკავშირდით, რომელიც დაგვპირდა, რომ თავად დაგვიკავშირდებოდა. მიუხედავად ამისა, დღის განმავლობაში ზურა გვენეტაძე ”ნეტგაზეთის” სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა და ტელეფონს თიშავდა. ”ნეტგაზეთმა” არქივში ნახა ხაშურის პოლიციის რაიონული სამმართველოს გახსნის კადრები. ღონისძიებაზე იმყოფებოდა შს მინისტრი ივანე მერაბიშვილიც. კადრში ის კიბეც ჩანს, საიდანაც, პოლიციის ვერსიით, ქიმერიძე გადმოვარდა.

კიბე, საიდანაც, პოლიციის ვერსიით გადმოვარდა ქიმერიძე
კიბე, საიდანაც, პოლიციის ვერსიით გადმოვარდა ქიმერიძე

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად ჩვენ, ასევე, დავუკავშირდით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელს ხათუნა იოსავას, რომელიც ასევე დაგვპირდა ინფორმაციის მოწოდებას, თუმცა, დღის მანძილზე მისგან არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია.

შსს-ს მიერ დღეს გავრცელებული ოფიციალური განცხადების მიხედვით, მიმდინარე წლის 27 თებერვალს ხაშურში დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ბინის ქურდობის ფაქტზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით  ხაშურის რაიონულ პოლიციაში ბრალდებულის სახით იკითხებოდა სოლომონ ქიმერიძე.

”ნეტგაზეთი” ცოტა ხნის წინ ტელეფონით ესაუბრა ყოფილ სახალხო დამცველს და მოძრაობა ”ქართული ოცნების” წარმომადგენელს სოზარ სუბარს.

”ამ წუთში მოვდივარ ქიმერიძის სოფლიდან, სადაც ჩაყვანილი გვყავდა დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე. ოჯახში არ შეგვიშვეს, თუმცა, ჯერ კიდევ გუშინ მეხვეწებოდნენ შვილები, ბიჭი განსაკუთრებით, დედაც, რომ რამე გვიშველეთ, დაგვეხმარეთ, მოკლულია, ექსპერტიზა ჩაგვატარებინეთო. ეზოს კარებზე გადაგვეღობა მეზობელი გურამ სუთიაშვილი, რომლის პოლიციელი შვილი შიგნით, სახლში იმყოფებოდა და დარაჯობდა ოჯახის წევებს, რომ ისინი არ გამოსულიყვნენ გარეთ. შემდეგ გარდაცვლილის და გამოვიდა და გვითხრა, დაგვენებებინა თავი და წავსულიყავით,” – უთხრა სოზარ სუბარმა ”ნეტგაზეთს.”

მისივე თქმით, გარდაცვლილს აშკარად ეტყობა თვალებზე, ტუჩების ირგვლივ და ზოგადად, სახეზე სისხლჩაქცევები. სოზარ სუბარის თქმით, გარდაცვლილს ”სხეულზე აქვს უმძიმესი დაზიანებები”.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით დღეს ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა:

”დაკითხვის დროს ბრალდებული სოლომონ ქიმერიძე ხაშურის რაიონულ სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულიდან მეორე სართულზე  კიბეებზე ჩამოსვლისას კიბის მოაჯირიდან გადმოვარდა და დაეცა პირველი სართულის ფოიეში, რის შედეგადაც მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანებები.  პოლიციის თანამშრომლების მიერ დაუყოვნებლივ გამოძახებული იქნა ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სოლომონ ქიმერიძე  გადაყვანილი იქნა ხაშურის რაიონულ საავადმყოფოში. მიმდინარე წლის  28 თებერვალს, სიცოცხლესთან შეუთავსებადი ტრამვების გამო, ბრალდებული სოლომონ ქიმერიძე გარდაიცვალა,” – წერია შსს-ს ოფიციალურ განცხადებაში.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია სისხლის სამართლის საქმის გამოძიება  შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში.

ხაშურის პოლიციის რაიონული განყოფილება
ხაშურის პოლიციის რაიონული განყოფილება

მასალების გადაბეჭდვის წესი