ემუქრება თუ არა საჩხერის მუნიციპალიტეტის 50 ათასამდე მაცხოვრებელს სამი წლამდე თავისუფლების აღკვეთა? – კანონმდებლობა, რომელიც გასული წლის დეკემბერში დაამტკიცა პარლამენტმა, ამის შესაძლებლობას იძლევა.
საჩხერის საავადმყოფოს ეზოში მიმდინარე წლის თებერვლის შუა რიცხვებიდან, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობის ნებაყოფლობითი სამედიცინო (პირადი) დაზღვევის დაფინანსება აღადგინა შპს სადაზღვევო კომპანია “ქართუმ”, რიგები დგას. ადგილობრივები ამბობენ, რომ სამედიცინო დაზღვევის პოლისს, რომელსაც ისინი “ქართუსგან” საჩუქრად ყოველწლიურად იღებენ, იმდენად დიდი ლიმიტი აქვს, რომ ერთი წლის მანძილზე სრულად ათვისებას ვერ ახერხებენ:
გეგმიური თერაპიული სტაციონარული მომსახურება 20 000 ლარის ლიმიტით, ამბულატორიული მომსახურება –1200 ლარით, უფასო მშობიარობა, სტომატოლოგია, სხივური თერაპია და ა.შ. პოლისი ნებისმიერ ამ მომსახურებას 100% –ით ფარავს.
იმის გამო, რომ ახალი პოლისების გაცემა ჯერ არ დამთავრებულა, უცნობია, საჩხერის რამდენი მოსახლე დააზღვია შპს სადაზღვევო კომპანია „ქართუმ“, თუმცა, როგორც პოლისების გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ამბობს, შარშან ეს რიცხვი 49 ათასამდე იყო. 2009 წლის მონაცემებით კი, საჩხერის მოსახლეობის დაზღვევისთვის 7 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.
საჩხერეში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამას საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ქართუ” აფინანსებს, რომელსაც წლების მანძილზე ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. ღარიბაშვილი მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საინიციატივო ჯგუფია წევრია, 14 თებერვლიდან კი ფონდ “ქართუში” მან თანამდებობა დატოვა და იგი ნიკოლოზ ჩხეტიანმა შეცვალა.
თავის მხრივ, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” მფლობელი ბიძინა ივანიშვილის “ქართუ ჯგუფია”.
ბიძინა ივანიშვილის ფონდიდან საჩხერის მოსახლეობის დაზღვევისთვის თანხების ხარჯვა ქველმოქმედებად ითვლებოდა. გასული წლის ოქტომბერში ივანიშვილმა საკუთარი პოლიტიკური მიზნების თაობაზე ღიად განაცხადა. 2011 წლის ბოლოს ამოქმედდა ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც პოლიტიკურ პარტიას და მასთან დაკავშირებულ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს ეკრძალება საქველმოქმედო საქმიანობა:
“არასამეწარმეო ორგანიზაცია, მაგალითად, ფონდი, რომელიც ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას, ანუ ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც აქვს გაცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები, ეწევა ქველმოქმედებას, ის ვეღარ განახორციელებს ქველმოქმედებას იმიტომ, რომ პარტიას ქველმოქმედების განხორცილების უფლება არ აქვს,” – აცხადებს “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენელი ლელა ტალიური.
საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, რომელიც გასული წლის დეკემბრის ბოლოს დამტკიცდა, პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ იურიდიულ პირებს, მათ შორის ფონდებს, საქველმოქმედო საქმიანობა შესაძლოა ამომრჩევლის მოსყიდვად ჩაეთვალოთ. ამომრჩევლის მოსყიდვა კი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, ასევე, გასული წლის დეკემბერში დამატებული 126 პრიმა მუხლით, ისჯება სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით (მათ შორის ამომრჩევლის მიმართ). ამასთანავე, ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი (გარდა პარტიისა, რომელსაც არ ეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა) ისჯება ლიკვიდაციით, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან/და ჯარიმით.
მოსალოდნელი სანქციების შიშით ბიძინა ივანიშვილის კომპანიებმა – “ატუმ” და “ქართუმ” – მიმდინარე წლის იანვრიდან საქველმოქმედო საქმიანობა შეაჩერეს.
ამის თაობაზე მაშინვე ღიად განაცხადა “ქართული ოცნების” კოალიციის წევრმა, “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა თინა ხიდაშელმა:
„ის 30 ათასზე მეტი ადამიანი, რომელიც ფონდებიდან დახმარებას იღებდა, მოლოდინის რეჟიმშია. ჩვენ არ ვიცით, თვლის თუ არა ფონდებს კონტროლის პალატა პარტიასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ კავშირში მყოფებად. თუ გვთვლის, გამოდის, რომ საქველმოქმედო საქმიანობა ამ კანონით განგვესაზღვრება როგორც მოსყიდვა”.
კონტროლის პალატას შესაბამისი განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებია. ამის მიუხედავად, ივანიშვილის ფონდებმა საქველმოქმედო საქმიანობა აღადგინეს. ფონდ “ქართუში” ამას იმით ხსნიან, რომ, მათი თქმით, „ბიძინა ივანიშვილი, ჯერჯერობით, პოლიტიკური სტატუსის მქონე პირი არ არის.“
“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის 26 პრიმა მუხლით, რომელიც გასული წლის დეკემბრის ბოლოს დაამტკიცა პარლამენტმა, პარტიისთვის დადგენილი შეზღუდვები ვრცელდება პირზე, რომელსაც აქვს გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნები და ამოცანები.
საკუთარი პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების თაობაზე ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში გამოაცხადა, მიმდინარე წლის 15 თებერვალს კი პირადად წარადგინა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საინიციატივო ჯგუფი. უფრო მეტიც, აიპ “ქართული ოცნება”, რომლის დამფუძნებელი და თავმჯდომარეა ბიძინა ივანიშვილი, ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია იყო, რომელიც კონტროლის პალატამ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირად მიიჩნია.
არიან თუ არა საქველმოქმედო ფონდი “ქართუ” და სამშენებლო კომპანია “ატუ” პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული იურიდიული პირები, ხოლო მათი მფლობელი – ბიძინა ივანიშვილი, ასევე პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული ფიზიკური პირი? აქედან გამომდინარე კი, აქვს თუ არა ამომრჩევლის მოსყიდვას ადგილი საჩხერის მოსახლეობის შემთხვევაში, რომელიც უფასო სამედიცინო დაზღვევის გარდა, სხვადასხვა სახის ფინანსურ დახმარებას იღებებს აღნიშნული ფონდებიდან (როგორიცაა, პედაგოგებისთვის ფულადი დანამატი, ჭორვილას მაცხოვრებლებისთვის ყოველთვიური ფინანსური დახმარება და ა.შ.)? – ამ შეკითხვით “ნეტგაზეთმა” კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურს პრეს-სამსახურის მეშვეობითაც მიმართა და ცხელ ხაზზეც დაუკავშირდა.
კონტროლის პალატაში ჩვენი შეკითხვები უპასუხოდ დატოვეს.