სამართალი

აჭარის საპატრულოს უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

16 თებერვალი, 2012 • 2061
აჭარის საპატრულოს უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი ჯონი ბაკურიძე ჟურნალისტისთვის შეურაცხყოფის მიყენების გამო დაკავებული თანამდებობიდან დღეს, 16 თებერვალს, გაათავისუფლეს. ამის შესახებ ”ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა განუცხადა.

შოთა ხიზანიშვილის თქმით, შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ შეისწავლა საქმის მასალები და გამოარკვია, რომ ჯონი ბაკურიძემ ჩაიდინა პოლიციელისთვის შეუფერებელი საქციელი.

“25-ე არხის” ჟურნალისტის, თეონა თურმანიძის ცნობით, აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა ვიდეოკამერა წაართვა და სიტყვიერად შეურაცხყო.

თეონა თურმანიძის თქმით, ცოტა ხნის წინ, გადაღებაზე მიმავალმა შენიშნა, რომ ბათუმში, გამსახურდიასა და რუსთაველის ქუჩების კვეთაში (აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის გვერდით), საპატრულო პოლიცია მანქანებს შერჩევის პრინციპით აჯარიმებდა.

“დააჯარიმეს ჩვენი მანქანაც, რის შემდეგაც გადაღებაზე წავედი. უკან მობრუნებულს იგივე სიტუაცია დამხვდა – პატრული ვიღაცას აჯარიმებდა, ვიღაცას – არა. როდესაც ვკითხე, თუ რა პრინციპით არჩევდნენ დასაჯარიმებლად მანქანებს, მიპასუხეს, რომ მხოლოდ ორნი არიან, ამიტომ ყველას დაჯარიმებას ვერ აუდიან. მითხრეს – “აგერ ვიდეოკამერა ჩართულია. საღამოს ყველას მიუვა ჯარიმის ქვითარიო”.

დაჯარიმებულთან სინქრონის ჩაწერას ვაპირებდი, როდესაც საიდანღაც გაჩნდა ჯონი ბაკურიძე, აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი. ის მივიდა ოპერატორთან და კამერა წაართვა. ბაკურიძემ კამერა საპატრულო მანქანის სალონში დადო. მე შემოვუარე მანქანას, კარი გავაღე და კამერა ავიღე. ამ დროს 3 პატრული მომვარდა, ხელები გადამიგრიხეს და კამერა წამართვეს”.

თეონა თურმანიძე ამბობს, რომ ჯონი ბაკურიძე მას ისეთი სიტყვებით აგინებდა, რასაც ვერ გაიმეორებს. “მე ტირილი დავიწყე”, – ამბობს ჟურნალისტი. თეონა თურმანიძის თქმით, მას კამერა 10 წუთის შემდეგ პატრულის თანამშრომელმა მიშიკო თავართქილაძემ დაუბრუნა.

ამავე თემაზე:

“ტელერახი 25”-ის ჟურნალისტი: აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა შეურაცხმყო

მასალების გადაბეჭდვის წესი