სამართალი

ჟურნალისტი პოლიციელის მკვლელობის მცდელობაშია ბრალდებული

1 თებერვალი, 2012 • • 1125
ჟურნალისტი პოლიციელის მკვლელობის მცდელობაშია ბრალდებული

გაზეთ ”კახეთის ხმის” ყოფილი ჟურნალისტი სოფო ნიკოლაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, დაკავებულს ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შენახვისთვის აქვს წაყენებული.

შინაგან სამინისტროს ინფორმაციითვე, სოფო ნიკოლაშვილი ბრალს აღიარებს. მის მიმართ გამოძიება დაყწბეულია სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108 და 236 მუხლებით. (მკვლელობის მცდელობა, იარაღის უკანონო ტარება).

”კახეთის საინფორმაციო ცენტრის” ინფორმაციით, ინციდენტი გუშინ  ქალაქ გურჯაანში მოხდა.

”სამართალდამცავების ცნობით, სოფო ნიკოლაშვილი შეეცადა გიორგი სიბაშვილისთვის მამამისის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, თუმცა სიბაშვილმა მას იარაღი წაართვა. პოლიციაში აცხადებენ, რომ სოფო ნიკოლაშვილს გიორგი სიბაშვილი უყვარდა. გიორგი სიბაშვილი ამჟამად შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომელია. მამამისი გოჩა სიბაშვილი გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილეა,” – წერს ”კახეთის საინფორმაციო ცენტრი.”

ამავე საინფორმაციო საშუალების ცნობით, პოლიციამ უკვე დაკითხა გიორგი სიბაშვილი, დაკავებულის უფლებებს კი ადვოკატი მაგული ღვალაძე იცავს.

”კახეთის საინფორმაციო ცენტრი” წერს, რომ  ადვოკატი თელავის იზოლატორში სოფო ნიკოლაშვილს უკვე შეხვდა, თუმცა ჯერ არ აკონკრეტებს, ზუსტად რას უკავშირდება მომხდარი. „მომაწოდა ინფორმაცია, როგორ მოხდა მისი დაკავება, დაკითხვა და იზოლატორში გადაყვანა, რას უკავშირდება ეს ყველაფერი და ა.შ. ფაქტია, რომ სოფოს დაკავების შემდეგ პოლიციაში მისი უფლებები დაარღვიეს, როცა ადვოკატის გარეშე დაკითხეს, მიუხედავად იმისა, რომ გოგონა ადვოკატს ითხოვდა. ასევე, 5 საათი უკანონოდ ჰყავდათ დაკავებული, არც ოჯახის წევრებს შეატყობინეს დროულად“, – განუცხადა ick.ge-ს მაგული ღვალაძემ.

ყოფილი თანამშრომლის დაკავებასთან დაკავშირებიტ გაზეთი ”კახეთის ხმა” წერს: ”სოფიკო ნიკოლაშვილი გაზეთ “კახეთის ხმის” კორესპონდენტი იყო 2008 წლიდან 2011 წლის აგვისტომდე, რის შემდეგაც სასწავლებლად თბილისში გადავიდა. რედაქციის თანამშრომლები მას ძალზე დადებითად ახასიათებენ: ”სოფიკო ჩვენთან თითქმის სამი წელი მუშაობდა. ყოველთვის გამოირჩეოდა კარგი ჟურნალისტური უნარებით. სოფოს გამო შოკირებული ვართ.”

მასალების გადაბეჭდვის წესი