სამართალი

ჯვრისწერის სამართლებრივი უძლურება [video]

1 თებერვალი, 2012 • • 2302
ჯვრისწერის სამართლებრივი უძლურება [video]

ქართველ იურისტთა ნაწილმა დღეს, 1 თებერვალს, თბილისში, ერთ-ერთი ეკლესიის წინ აქცია-ბრიფინგი გამართა. ადვოაკტები საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვენ, ჯვრისწერას ისეთივე სამართლებრივი ძალა მიეცეს, როგორც სამოქალაქო ქორწინებას.

აღნიშნული მოთხოვნით იურისტთა არასამთავრობო ორგანიზაციების -”სიმართლის რწმენა” და თავისუფალ ასოციაციათა კავშირი” – წევრები თბილისის 24-ე სკოლის წინ არსებულ ეკლესიასთან  შეიკრიბნენ. ადვოკატების განცხადებით, მას შემდეგ, რაც საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ მართლმადიდებლურ  ეკლესიას შორის გაფორმდა საკონსტიტუციო შეთანხმება – კონკორდატი, საქართველოს ხელისუფლებას არ განუხორციელებია შესაბამისი ცვლილებები.  მათი თქმით, კონკორდატის ერთ-ერთ მუხლი სახელმწიფოს მხრიდან აღიარებს ჯვრისწერას, თუმცა სამართლებრივად მას არანაირი ძალა არ გაააჩნია.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”სიმართლის რწმენის” წარმომადგენელმა, იურისტმა გაიოზ ჩარკვიანმა დღეს განაცხადა: ”მოვითხოვთ საქართველოს პარლამენტისგან, განახორციელოს შესაბამისი ცვლილება საქართველოს კანონმდებლობაში, რათა სახელისუფლებო ჩინოვნიკებმა საქართველოს ასი ათასობით მოქალაქეს მისცეს კონკორდატის მესამე მუხლის განხორციელების უფლება და ჯვრისწერა გაუთანაბრდეს სამოქალაქო ქორწინებას.”

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა, ლიკა წიკლაურმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს კონკორდატით არანაირი ვალდებულება არ აუღია, რომ ჯვრისწერა უნდა გათანაბრებოდა სამოქალაქო წესით ქორწინებას.

”კონკორდატში წერია, რომ სახელმწიფო აღიარებს ჯვრისწერას, თუმცა მერე დათქმაა, რომ სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს რეგისტრირებული ქორწინება. თვითონ კონკორდატის ერთ-ერთ მუხლშია აღნიშნული დათქმა,” – განუცხადა ლიკა წიკლაურმა ”ნეტგაზეთს.” მისი თქმით, კონკორდატში რომ ყოფილიყო ნაგულისხმევი ჯვრისწერისა და სამოქალაქო ქორწინების სამართლებრივი გათანაბრება, ზემოაღნიშნული დათქმა არ გაკეთდებოდა, ანუ არ ჩაიწერებოდა, რომ სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინება.

ადვოკატი ზაზა ვაშაყმაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ჯვრისწერის გათანაბრებას მოითხოვს სამოქალაქო ქორწინებასთან. მისი თქმით, კონკორდატში სახელმწიფოს მიერ ჯვრისწერის აღიარება არაფრისმომცემია, რადგან ჯვრისწერას სამართლებრივი ძალა არა აქვს.

”ქონებრივ საკითხზე დავა რომ დაიწყოს, ჯვრისწერის შედეგად შექმნილ ოჯახის წევრებს არანაირი უფლება არ წარმოეშვებათ. გარდა ამისა, ჯვისწერის საფუძველზე მეუღლეს არა აქვს უფლება, მოინახულოს ციხეში მყოფი მეუღლე,” – აცხადებს ზაზა ვაშაყმაძე.

ჯვრისწერისა და სამოქალაქო ქორწინების სამართლებრივად გათანაბრება აუცილებელ საკითხად მიაჩნია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილს.

”ჯვრისწერის გათანაბრება ეს იქნება მართლამდიდებელი ეკლესიის როლის გამოყოფა საქართველოს ყოველდღიურ ცხოვრებაში და ის ღვაწლი, რაც მართლამდიდებელ ეკლესიას მიუძღვის ქვეყნის განვითარებაში. წყვილი როცა შექმნის ოჯახს, მინდა, რომ ეს ოჯახები 2 და 3 კვირაში, 2 და 3 თვეში არ დაინგრეს და საქართველოში არ იყოს ამდენი განქორწინებები. ჯვრისწერის გათანაბრება ქოწინების მოწმობასთან, მე ვფიქრობ, ამას შეუწყობს ხელს,” – განუცხადა ”ნეტგაზეთს” ზაზა ხატიაშვილმა.

ჯვრისწერისა და სამოქალაქო ქორწინების სამართლებრივად გათანაბრების იდეას მხარს უჭერს „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” დირექტორი, გენდერის სპეციალისტი ეკატერინე აღდგომელაშვილი.

”ბოლო წლების სტატისტიკამ როგორც აჩვენა, ადამიანების უმეტესობა კმაყოფილდება მხოლოდ ჯვრისწერით და არ გადიან სამოქალაქო რეგისტრაციას. გაყრის შემთხვევაში დაუცველები რჩებიან ქალები და ბავშები და ეს არის ძალიან ცუდი პრაქტიკა. მე ვფიქრობ, როგორმე უნდა დაიძლიოს ეს პრობლემა. ჯვრისწერას თუ მიენიჭება ეს ძალა, მოქალაქეები უკეთ იქნებიან დაცულები. ამ მხრივ თუ შევხედავთ ამ ინიციატივას, მისასალმებელია,” – უთხრა ”ნეტგაზეთს” ეკატერინე აღდგომელაშვილმა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ლიკა წიკლაური ამბობს, რომ სანამ ამ საკითხზე კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება მიღებული, დაფიქრება ბევრ საკითხზე იქნება საჭირო.

”ჯვრისწერისა და სამოქალაქო ქორწინების გათანაბრება რამდენად მიზანშეწონილი იქნება, ეს შეხედულებებზეა დამოკიდებული. ამ საკითხზე სხვადასხვა ადამიანს, შესაძლოა, სხვადასხვა მოსაზრება ჰქონდეს. ერთი მხირვ, ეს კარგი იქნება, რადგან ჯვრისწერის შემდეგ არ იქნება საჭირო ხელის მოწერა და ეს ერთ სამართლებრივ სივრცეში განხორციელდება. მეორე მხრივ, თუ ეს მოხდება, გამოდის, რომ საქართველოს მართლმადიდებელი მოსახლეობა უპირატესობაში იქნება საქართველოს მოქალაქე სხვა კონფესიების წარმომადგენლებთან შედარებით. მათაც აქვთ განსხვავებული საქორწინო ტრადიციები. შესაბამისად, ეს კარგად მოსაფიქრებელი სუბიექტური საკითხია,” – ამბობს ლიკა წიკლაური.

მისივე თქმით, საჭიროა, ჯვრისწერის პარალელურად, წყვილებმა სამოქალაქო წესით ქორწინებაზეც იფიქრონ, რადგან ამ შემთხვევაში სამართლებრივად უფრო დაცულები იქნებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი