სასამართლო დევნილების გამოსახლებაზე სარჩელს იხილავს

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ტაშკენტის ქუჩიდან გამოსახლებული 16 დევნილი ოჯახის სარჩელის განხილვა დაიწყო.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ტაშკენტის ქუჩიდან გამოსახლებული 16 დევნილი ოჯახის სარჩელის განხილვა დაიწყო.

ისინი, სულ 32 დევნილი,  დაახლოებით ერთი წლის წინ ტაშკენტის ქუჩაზე მდებარე სამსართულიანი შენობიდან ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გამოასახლეს.

დევნილები სასამართლოში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრის, ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უჩივიან და საცხოვრებელში დაბრუნების უფლებას ითხოვენ.

დღევანდელ სასამართლო პროცესს გამოსახლებულთა ნაწილი ესწრებოდა. შენობაში, რომელიც, დევნილების განცხადებით, ადრე საქ–ნავთობს ეკუთვნოდა, ისინი რამდენიმე წელი ცხოვრობდნენ. მათი უმეტესება კოდირის ხეობიდანაა,  თუმცა არიან ე.წ. “ძველი დევნილებიც”.

“როცა ჩვენ შენობაში შევედით, ის სრულიად უმოქმედო იყო. საკუთარი ძალებით დავალაგეთ, რამდენიმე მანქანა ნაგავი გავიტანეთ და ცხოვრება დავიწყეთ. მაშინ არავის უთქვამს, რომ რაიმეს უკანონოდ ვაკეთებდით, რადგან მაშინ მიხეილ სააკაშვილმა თქვა, ყველა დევნილს უნდა ჰქონდეს საცხოვრებელიო. სამი წლის შემდეგ კი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მოგვადგნენ და იანვრის თვეში, როცა გარეთ ყინვა და სიცივე იყო, ბავშვებთან და მოხუცებთან ერთად ქუჩაში აღმოვჩნდით”, – იხსენებს ერთ–ერთი მოსარჩელე, მარინა გურჩიანი.

დევნილების თქმით, შენობაში საცხოვრებელი პირობები ძალიან მძიმე იყო. ისინი საერთო საპირფარეშოთი სარგებლობდნენ, რომელშიც წყალი ჩამოდიოდა, მაგრამ ცხოვრების მანძილზე მათ სახელმწიფო გარკვეულ ყურადღებას მაინც აქცევდა, უხდიდა კომუნალურ გადასახადებს, დროდადრო ჰუმანიტარულ დახმარებასაც აძლევდა. ერთ დღეს კი, სულ რამდენიმე საათში, ქუჩაში აღმოჩნდნენ.

როგორც დევნილების ადვოკატი მალხაზ პატარაია აცხადებს, მათი გამოსახლება ყველანაირი ნორმის დაცვის გარეშე მოხდა:

“ეს ადამიანები იანვარში, ყინვასა და თოვლში, გამოასახლეს. აღსანიშნავია ისიც, რომ დევნილების გამოსახლების შესახებ ოქმების გადაცემა 20:00 საათიდან დაიწყო და 23:00 საათამდე გაგრძელდა, ანუ გამოსახლება ღამით მოხდა. გაეროში სპეციალური სტანდარტები არსებობს, რომელიც ადგენს, თუ რა ნორმები უნდა იყოს დაცული ადამიანების კანონიერი გამოსახლებისას. ამ ნორმებს შორის წერია, რომ გამოსახლება არ შეიძლება ღამით და ცუდი ამინდის პირობებში, რადგან, სხვა თუ არაფერი, ამან შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობას შეუქმნას საფრთხე. აქ კი გამოსახლება უკანონოდ და ყოველგვარი ნორმის დაცვის გარეშე მოხდა”.

ადვოკატის განცხადებით, სარჩელი დევნილებმა სასამართლოში მაშინვე შეიტანეს, თუმცა საქმე ერთი წლის განმავლობაში უმოქმედოდ იყო და მხოლოდ ახლა დაიძრა.

ქალბატონო მარინა იხსენებს, როგორ დარჩა ქუჩაში ქალიშვილთან და წლინახევრის შვილიშვილთან ერთად:

“ბარგი გარეთ გამოგვიყარეს, გადატანა–გადმოტანაში ბავშვის ტანასცმელი დაიკარგა, ჭურჭელი დაიმსხვრა. მაგრამ ამას ვინ ჩიოდა, წლინახევრის შვილიშვილთან ერთად გარეთ ვიდექი, მძღოლი მეკითხებოდა, სად მიგიყვანოთო და არ ვიცოდი, რა მეთქვა, რადგან წასასვლელი არსად მქონდა”

ასეთივე მდგომარეობაში აღმოჩნდა 32 ადამიანი, მათ შორის 8 ბავშვი. როგორც ამბობენ, მაშინ დაპირება მიიღეს, რომ გაზაფხულზე აუცილებლად მიაქცევდნენ ყურადღებას, მაგრამ მას შემდეგ თითქმის მეორე გაზაფხული მოვიდა.

გამოსახლებულმა ადამიანებმა ცოტა ხნის წინ ძველი საცხოვრებელი ადგილი მოინახულეს, ისინი ამბობენ, რომ შენობას, რომელშიც ცხოვრობდნენ, რეაბილიტაცია ჩაუტარდა:

“შენობაში ყარაულმა არ შეგვიშვა, მაგრამ გარედანვე ეტყობა, რომ გარემონტებულია. ასევე დაცვის წევრებმა გვითხრეს, რომ შიგნით სხვა დევნილების შესახლება იგეგმება. ჩვენ ყველანი ვამბობთ, რომ არ დავუშვებთ იმ სახლში სხვა დევნილების შესვლას. ჩვენ კანონიერად ვცდილობთ დავიცვათ ჩვენი უფლებები, მაგრამ თუ არ გამოვიდა, სხვა ზომებს მივმართავთ”, – განაცხადა მარინა გურჩიანმა.

შენობაში სხვა დევნილების შესახლების შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურეს ეკონომიკის სამინისტროში. მათი თქმით, ამ შენობაზე საკუთრების უფლება სამინისტროს არ გააჩნია, შესაბამისად, მათ არ აქვთ ინფორმაცია შენობაში განხორციელებული რეაბილიტაციის შესახებ.

ადვოკატ მალხაზ პატარაიას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დამაკმაყოფილებელ შედეგს არ გამოიტანს, ისინი აუცილებლად იჩივლებენ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

“ჩვენ შარშან უკვე მოვიგეთ საღინაძის საქმე, რომელიც ამის მსგავსი იყო. თუმცა ამ შემთხვევაშიც იგივე და უარეს დარღვევებს აქვს ადგილი. არა მგონია, ქვეყნისათვის საამაყო იყოს, როცა 32 დევნილი, რომელთაგან 7 თუ 8 ბავშვია, ქუჩაში დატოვეს. სტრასბურგში ამ საქმესაც აუცილებლად წააგებენ, უბრალოდ დროის ფაქტორია და ჯობია, ეს ხალხი დროზე დააბინაონ, რადგან მათი უმეტესობა დღემდე ქუჩაშია”, – განაცხადა პატარაიამ.

დევნილები აცხადებენ, რომ ბრძოლას აუცილებლად გააგრძელებენ, რადგან დასაკარგი მაინც აღარაფერი აქვთ. დღევანდელი სასამართლოს სხდომა სწორედ შენობის რეაბილიტაციის და სხვა შუამდგომლობების დაკმაყოფილების მიზნით 17 თებერვლამდე გადაიდო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ანი ბერუკაშვილი