სამართალი

მოსახლეობის ურთიერთსაწინააღმდეგო დამოკიდებულება სასამართლოსადმი

25 იანვარი, 2012 • • 1268
მოსახლეობის ურთიერთსაწინააღმდეგო დამოკიდებულება სასამართლოსადმი

“კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა(CRRC)” გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომელიც ასახავს საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებას სასამართლო სისტემისადმი. კვლევის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობისთვის თვალსაჩინოა სასამართლო სისტემის გაუმჯობესება წინა წლებთან შედარებით, არსებობს მოსაზრებებიც, რომ სასამართლოზე გავლენას ახდენს მთავრობა და სასამართლო ზედმეტად მკაცრია.

“კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრს(CRRC)” კვლევა East West Management Institute-მა დაუკვეთა და 2011 წლის ზაფხულში საქართველოს მასშტაბით სულ 4 318 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის ცდომილება არის 4%.

კვლევის ფარგლებში გამოკითხული ადმიანების მხოლოდ 7% მიიჩნევს, რომ ქართული მართლმსაჯულების სისტემა 2003 წელთან შედარებით გაუარესდა, 18%-ს სჯერა, რომ სისტემა  ბევრად უკეთ მუშაობს, 46%-ს კი ჰგონია, რომ სასამართლოების მუშაობა შედარებით გაუმჯობესდა.

კვლევის ავტორები წერენ, რომ შეხედულება სასამართლოების მუშაობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით კავშირშია საერთო პროგრესის აღქმასთან. გამოკითხული მოქალაქეების 46%-იდან, ვინც საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკად მიიჩნევს, უმრავლესობა დადებითად აფასებს სასამართლოს მუშაობასაც.

სამართლის სფეროს სპეციალისტების მონაწილეობით ჩატარებულ ფოკუს–ჯგუფებში გაირკვა, რომ უმრავლესობა დადებითად აფასებს ცვლილებებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ასევე, ადვოკატთა ასოციაციის განვითარებას.

გამოკითხვისას აზრი გაიყო მექრთამეობასთან დაკავშირებით. გამოკითხულთა 40%-ს ნაკლებად სჯერა, რომ მოსამართლეები ქრთამს იღებენ, საპირისპიროდ ფიქრობს იგივე რაოდენობის ადამიანი, ხოლ 17% დარწმუნებულია, რომ მოსამართლეები ქრთამს ნამდვილად იღებენ.
კვლევის ავტორები წერენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი სასამართლოს მუშაობაში გაუმჯობესებას ამჩნევს, სისტემისადმი დამოკიდებულება ხშირად მკვეთრად საპირისპიროა. CRRC-ის მიერ გამოკითხული ადამიანები სასამართლოს აკრიტიკებენ ზედმეტი სიმკაცრისთვის და დამნაშავეთათვის მაქსიმალური სასჯელის დაკისრებისთვის, რაც ხელისუფლების ”ნულოვანი ტოლერანტობის” პოლიტიკასთანაა დაკავშირებული.

ჩატარებულმა კვლევამ სასამართლოსადმი ნდობის საკითხში ცალსახა სურათი ვერ დადო და მოსახლეობის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი ბუნდოვანი და გაურკვეველია. კერძოდ, გამოკითხულთა 1/3 ენდობა სასამართლოს, ¼ არ ენდობა, დანარჩენმა ნაწილმა კი არ იცის, ენდოს, თუ – არა.
გაურკვევლობაა ასევე მოსამართლის დამოუკიდებლობის შესახებ მოსახლეობის მოსაზრებებში. გამოკითხულთა თანაბარი ნაწილი ფიქრობს, რომ მოსამართლეები არიან, ან არ არიან დამოუკიდებლები, ხოლო ამდენივე ადამიანს ამ საკითხზე აზრი არა აქვს ჩამოყალიბებული.

აღნიშნული კვლევა საქართველოს სამ დიდ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში – ჩატარდა. შედეგად გაირკვა, რომ ქუთაისის მოსახლეობა გაცილებით მეტად ენდობა სასამართლოსა და მოსამართლეებს, ვიდრე ქვეყნის დანარჩენი ნაწილის მოსახლეობა. კვლევის ავტორების აზრით, ეს უკავშირდება საერთო მოსაზრებებს ქვეყანაში არსებული ზოგადი მდგომარეობის შესახებ.  სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, პრეზიდენტს ყველაზე მაღალი ნდობა აქვს ქუთაისში და ის 68%-ია. გარდა ამისა, ქუთაისელთა 61% მიიჩნევს, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა. აღნიშნული მაჩვენებლები სხვა ქალაქებში გაცილებით ნაკლებია.

მაგალითად, თბილისში გამოკითხულთა უმრავლესობა არ ენდობა სასამართლოს და მხარას არ უჭერს ხელისუფლებასა და მის მიერ გატარებულ რეფორმებს. სასამართლოს თბილისელთა მხოლოდ 25% ენდობა. ნდობის დაახლოებით მსგავსი მაჩვენებელია სხვა საკითხებზეც. რაც შეეხება ბათუმს, იქ მცხოვრებთა 41% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა, ხოლო პრეზიდენტს სრულად ენდობა 44%.
CRRC-ის კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიგნების მიხედვით, საზოგადოება არ არის დარწმუნებული სასამართლოს მიუკერძოებლობაში. გარდა ამისა, მოსაზრებები იყოფა იმის თაობაზე, ახორციელებს თუ არა სასამართლო მართლმსაჯულებას.

გამოკითხულთა 24% მიიჩნევს, რომ ხშირად უდანაშაულო ადამიანები ისჯებიან, 28%-ის აზრით, უდანაშაულო ადამიანები ხანდახან ისჯებიან,  25%-ს პასუხი ამ საკითხზე არა აქვს, 21% კი დარწმუნებულია, რომ უდანაშაულო ადამიანები საერთოდ არ ისჯებიან, ან ეს იშვიათად ხდება.
კველვამ წარმოაჩინა, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, მათ შორის სამართლის სფეროში ჩართულმა ადამიანება, ხშირად არ იციან სასამართლო სისტემის სტრუქტურა, მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციები, მოსამართლეთა დანიშვნის წესი და ა.შ.

გამოკითხულთა მხოლოდ 3% აღიქვამს სასამართლოს დამოუკიდებლობას ქვეყნის უდიდეს პრობლემად. 78 % ქვეყნის მთავარ პრობლემად უმუშევრობას, ხოლო 47% – სიღარიბეს ასახელებს.

კვლევის ავტორები ასკვნიან, რომ აღნიშნული კვლევის შედეგად საკმაოდ შერეული და ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგი დაიდო, რაც სამომავლოდ აუციელებლად უნდა იქნას გათვალისწინებული სასამართლო სისტემის რეფორმირებისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი