საქართველო Human Rights Watch-ის ანგარიშში

საქართველოსთან პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიუხედავად, აშშ-მა და ევროკავშირმა ვერ შეძლეს, თავიანთი ბერკეტები გამოეყენებინათ ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული დასკვნა საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის 2011 წლის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია.

”საქართველოსთან პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიუხედავად, აშშ-მა და ევროკავშირმა ვერ შეძლეს, თავიანთი ბერკეტები გამოეყენებინათ ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად,”- აღნიშნული დასკვნა საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის 2012 წლის ანგარიშში წერია.

Human Rights Watch ყოველი წლის დასაწყისში აქვეყნებს ანგარიშს იმის შესახებ, თუ როგორ ვითარდებოდა გასულ წელს მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ სიტუაცია.

2011 წლის შესახებ მომზადებულ ანგარიშში სულ 85-მდე ქვეყანაა შესული, მათ შორისაა საქართველო. 676-გვერდიან ანგარიშში საქართველოში არსებული სიტუაციის აღწერას სულ 5 გვერდი ეთმობა.

Human Rights Watch ახლადგამოქვეყნებულ დოკუმენტში აფასებს საქართველოში გაერთიანების უფლებას, პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას, ადმინისტრაციულ პატიმრობას, იძულებით გადაადგილებულ პირთა იძულებით გამოსახლებას დროებითი საცხოვრებელი ადგილიდან,  შრომითი უფლებების დარღვევას, სისხლის სამართლის სისტემას, მედიის თავისუფლებას და ა.შ.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია 2011 წლის 26 მაისს თბილისში პოლიციის მიერ საპროტესტო აქციის დარბევაზე, რა დროსაც დაშავდნენ როგორც მომიტინგები, ისე ჟურნალისტები, ხოლო 90-მდე დემონსტრანტს სასამართლომ პოლიციელთა ჩვენებებზე დაყრდნობითა და საპროცესო დარღვევებით მიუსაჯა ადმინისტრაციული პატიმრობა.

Human Rights Watch  ასკვნის, რომ ხელისუფლებამ, 2007 წლის 7 ნოემბრის და 2009 წლის 15 ივნისის დაშლილი აქციების მსგავსად, ვერც 2011 წელს გამოიძია ეფექტურად და გამჭვირვალედ მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დაშლისას პოლიციელთა მიერ ძალის გადამეტების ფაქტები. ანგარიშში ასევე  ასახულია საქართველოს შსს-ს განცხადება, რომლის მიხედვითაც 26 მაისს ძალის გადამეტების გამო 16 პოლიციელს დაეკისრა სხვადასხვა სახის სამსახურებრივი სასჯელი.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ადმინისტრაციულ პატიმრობებზე, რა დროსაც მნიშვნელოვნად ირღვევა დაკავებულთა უფლებები. Human Rights Watch წერს, რომ 2010 წელს ადმინსიტრაციული პატიმრობის ვადის გაზრდა 30-დან 90 დღემდე გაუტოლდა სისხლის სამართლის წესით პატირმობის ვადას, თუმცა ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი პირები ვერ სარგებლობენ სხვადასხვა უფლებებით. კერძოდ, დაკავებისას მათ არ შეუძლიათ შეატყობინონ ახლობლებს აღნიშნული ფატქის შესახებ, რის გამოც , ისინი ხშირა ვერ სარგებლობენ ეფექტური დაცვის უფლებით. ამის მიზეზია ისიც, რომ დაკავებულთა ადვოკატებს ხშირად 10-15 წუთი აქვთ პროცესის მოსამზადებლად. საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში საუბარია შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებულ არაჰიგიენურ, სტანდარტებტან შეუსაბამო გარემოზეც.

Human Rights Watch წერს, რომ 2011 წელს  საქართველოს ხელისუფლებამ გაითვალისწინა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის რეკომენდაციები იძულებით გადაადგილებულ პირთა დროებითი საცხორებელი ადგილიდან გამოსახლებისას, მაგრამ პროცესი ბოლომდე არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს.  ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2011 წლის თებერვალსა და აგვისტოშისაქართველოს ხელსიუფლებამ ასობით იძულებით გადაადგილებული პირი გამოასახლა. მათ უარი თქვეს ცენტრიდან მოშორებით ახალ საცხოვრებელ ადგილებში გადასვლაზე დასაქმების შესაძლებლობის არარსებობის შიშით. თუმცა ისინი მაინც გამოასახლეს.

ადამიანის უფლებების შესახებ მომზადებულ ანგარიშში შესულია ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა ”ჰერკულესიდან” სამუშაო პირობების გამუჯობესების მოთხოვნისთვის გათავისუფლებული მუშების საქმე, მათი აქციის დაშლისა და დაკავების ფაქტები.

Human Rights Watch-ის შეფასებით, ქართული მედიაგარემო კვლავ შერეულია. ანგარიშში წერია, რომ ბეჭდური მედია შედარებით მრავალფეროვანია, ხოლო სამი ცენტრალური ტელემაუწყებლიდან ერთს – საზოგადოებრივ მაუწყებელს – სახელმწიფო ფლობს, ორი – ”რუსთავი 2” და ”იმედი” – პროსახელისუფლებოა.

მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით 2011 წლის შესახებ მომზადებულ ანგარიშში ნახსენებია ჯაშუშობაში ბრალდებული ფოტოგრაფებისა და მედიაპალიტრის ფინასნური შემოწმების ფაქტები. ტექტსის ავტორები წერენ, რომ აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოებამ მიიჩნია, რომ ხელისუფლება პოლიტიკური მოტივით მოქმედებდა.

Human Rights Watch ასევე საუბრობს გადავსებულ ქართულ ციხეებსა და მათ უმრავლესობაში არსებულ ანტისანიტარიულ და მძიმე პირობებზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი